მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 25 დეკემბერი - უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, მცხეთა - თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ - აფხაზეთის მიტროპილიტის ილია მეორეს აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღეა
25 დეკემბერი - უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, მცხეთა - თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ - აფხაზეთის მიტროპილიტის ილია მეორეს აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღეა24-12-2023, 16:51 |
ილია II, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილ-ღუდუშაური 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შედეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
24 წლის ასაკში იგი ბერად აღკვეცეს. ბერს სახელად ილია უწოდეს. ამის შემდეგ ილია ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად და დაინიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსად. აჭარაში შვიდი წლის მოღვაწეობის შემდეგ იგი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. შემდეგ აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტმა ილიამ სოხუმში 11 წელი დაჰყო.
1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). 1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია. 1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II. ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 390-400 წლებში. 1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, რომელიც ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისაგან იღებს დასაბამს, ახალი პატრიარქი იქნა აღყვანილი: ღვთის განგებით, მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრება. ეკლესიას იმ დროს, შეიძლება ითქვას, მრევლი არც ჰყავდა. თვით პატრიარქის წირვა-ლოცვას ათიოდე კაცი ესწრებოდა. და, აი, მოხდა საოცრება: სვეტიცხოვლის დიდებული ტაძარიც და მისი ეზოც ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლებითა და ახალგაზრდებით გაივსო. ეკლესიისადმი ასეთი თანაგრძნობა კომუნისტური რეჟიმის დროს პირველი იყო. როგორც ჩანს, ხალხმა იგრძნო, რომ საქართველოს ცხოვრებაში რაღაც ახალი, ძალზე მნიშვნელოვანი იწყებოდა. „ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელნიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა", - ბრძანა საქართველო კათოლიკოს-პატრიარქმა. გავიდა 25 წელი და აი, ის არასრული ჩამონათვალი, რაც ჩვენი პატრიარქის მწყემსმთვრულ მოღვაწეობას უკავშირდება: 1990 წელს უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ხანგრძლივი და დაუღალავი შრომით მსოფლიო საპატრიარქომ მიანიჭა მტკიცების სიგელი, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ სცნო საქართველოს უწმიდესი ეკლესიის ავტოკეფალია. კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს ეკლესიის წმიდათა დასს მრავალი წმიდანი შეემატა - წმიდა ილია მართალი (XIX-XX ს.), წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე (XX ს.), ღირსი მამა ამბროსი (აღმსარებელი) ხელაია (XX ს.), ალექსი ბერი (შუშანია) (XX ს.), წმიდა მიტროპოლიტი ნაზარი სამღვდელო დასთან ერთად (XX ს.), წმიდა ნინოს მშობლები - ზაბულონი და სოსანა (IV ს.), წმიდა თეოდორე კველთელი (XVII ს.), წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე ოქროპირიძე (XIX ს.), წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) (XIX ს.), წმიდა ცოტნე აღმსარებელი (XIII ს.), აჭარაში თურქთაგან წამებულნი მამანი და დედანი (XVIII ს.), პეტრე I (V ს.) - წმიდა მეფის, ვახტანგ გორგასლის თანამოღვაწე კათოლიკოსი, სამუელ I (V-VI ს.) - პეტრე I შემდგომი კათოლიკოსი, მელქისედეკ I (XI ს.) - სვეტიცხოვლის განმაახლებელი, საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი, ზოსიმე II - ეპისკოპოსი კუმურდოელი (XV ს.) დიდი მოღვაწე, ჰიმნოგრაფი და მქადაგებელი, კლარჯეთის უდაბნოს ღირსნი მამანი და დედანი (IX ს.), მღვდელმონაზონი თევდორე აჭარელი (XVIII-XIX ს.) - ათონის მთაზე ოსმალთაგან ქრისტეს სარწმუნოებისათვის წამებული. მღვდელმონაზონი ილარიონ ქართველი (ყანჩაველი) (XVIII-XIX ს.) - იმერეთის მეფის, სოლომონ II მოძღვარი, აბუსერიძე ტბელი (XIII ს.), ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი და ჰაგიოგრაფი, საქართველოს მთლიანობისთვის თავდადებული, ექვთიმე თაყაიშვილი (XIX-XX ს.) დიდი მეცნიერი და მოღვაწე, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მებრძოლი, ეროვნული საგანძურისა და სიწმიდეების გადამრჩენელი, უღმრთოთაგან დევნილი. კირიონ II (საძაგლიშვილი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (XIX-XX ს) - გამოჩენილი საეკლესიო და ეროვნული მოღვაწე, მკვლევარი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის დევნილი, მოწამეობრივად აღსრულებული. 1988 წელს მისი უწმიდესობის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოტანილ იქნა თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო და მეცნიერებათა აკადემიები. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა მრავალი სასულიერო სასწავლებელი, გიმნაზიები, სხვადასხვა საერო უნივერსიტეტებში დაარსდა საღვთისმეტყველო კათედრები, სადაც ლექციებს კითხულობენ თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულნი. უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქარ-თულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებული, გამოდის საეკლესიო ჟურნალ-გაზეთები, საეკლესიო კალენდრები, საღვთისმეტყველო წიგნები. საპატრიარქოსთან შეიქმნა მისიისა და ევანგელიზაციის, ხალხური რეწვის, საგარეო-ეკონომიკური, საფინანსო-სამეურნეო, სიმწმიდეთა მოძიების, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთე-ლობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებები, პრესცენტრი, ხუროთმოძღვრების, საეკლესიო გალობის აღდგენისა და შემსწავლელი ცენტრი, სასწავლო კომიტეტი. 2001 წლიდან ეთერშია საპატრიარქოს რადიო „ივერია", რომლის მაუწყებლობა ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთში. საპატრიარქო რეზიდენციაში პერიოდულად იმართება სამეცნიერო კონფერენციები აქტუალურ თემებზე. სადაც სასულიერო პირები და მეცნიერები ერთობლივად განიხილავენ ჩვენი ქვეყნსათვის საჭირბოროტო, პრობლემატურ საკითხებს. საპატრიარქოში ფუნქციონირებს ახალგა-ზრდული ორგანიზაცია „ძლევაი", ჩამოყალიბდა საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე", რომელიც სოციალურად დაუცველ ფენებს უწევს დახმარებას, დაარსდა მოხუცებულთა თავშესაფარი, მოწყალების სახლი. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, გაიხსნა ობოლ ბავშვთა სახლები ძეგვში, ბედიანში და ზესტაფონში, სადაც მონასტრები მფარველობენ მზუნველობას მოკლებულ ყმაწვილებს. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II მოინახულა საუკუნეთა მანძილზე სამშობლოს მოწყვეტილი ფერეიდნელი ქართველები. აღსანიშნავია, რომ ისტორიული ძნელბედობის გამო საქართველოს სხვა პირველიერარქებს მანამდე ამგვარი შესაძლებლობა არ ჰქონიათ. პატრიარქ ილია II-ს ასევე აქტიური ურთიერთობა აქვს თურქეთში, საინგილოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებთან. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში გაიხსნა ეკლესიები და მონასტრები, აშენდა ახალი ტაძრები. ცნობისათვის: 25 წლის წინ საქართველოში მხოლოდ 48 მოქმედი ეკლესია იყო, დღეს მათი რიცხვი 800-მდეა. 25 წლის წინ 40-მდე სასულიერო პირი გვყავდა, დღეს 1000-მდეა. საქართველოს ეპარქიათა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. აღსდგა ტაო-კლარჯეთის ისტორიული ეპარქია და დაარსდა ახალი - დასავლეთ ევროპის მიტროპოლია. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, ბულგარეთის, სერბეთის და თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მიანიჭა. ასეთივე ხარისხი მიანიჭა 1997 წელს მას კრეტის მეცნიერებათა აკადემიამ. იგი არჩეულია მოსკოვის ინფორმატიზაციის აკადემიის წევრად, 2002 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერისტეტმა საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდება მიანიჭეს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში კათოლიკოს-პატრიარქის ილია II მოღვაწეობას უკავშირდება. 2002 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაიდო საკონსტიტუციო შეთანხმება, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და განისაზღვრა ეკლესიის ადგილი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევითა და ღვაწლით თბილისში აშენდა წმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი, როგორც ქართველი ერის ღვთისაგან სინანულით მოქცევის სიმბოლო. ვულოცავთ უწმინდესს და სრულიად საქართველოს ამ ღირსშესანიშნავ დღეს!
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |