მთავარი > იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა და ლიბერალური დემოკრატია (ნაწილი 2) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა და ლიბერალური დემოკრატია (ნაწილი 2) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


5-11-2020, 00:02

მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა და ლიბერალური დემოკრატია (ნაწილი 2) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

   მთელ ამ ლიბერალურ-დემოკრატიულ მსოფლმხედველობაში, ეთიკაში, პოლიტიკაში, ღვთისმეტყველებაში და სხვა სფეროებში, რომლის შესახებაც ჩვენ აქ არ გვისაუბრია, ჭეშმარიტება შესუსტებული, შელამაზებული, კომპრომისთან შერწყმულია. აბსოლუტურმა ჭეშმარიტებამ დემოკრატიის შემთხვევაში სრულიად ზოგადი, ყალბი, ფასადური სახე მიიღო.

     ჩვენი აზრით, ლიბერალურ დემოკრატიას არა აქვს, და არც შეიძლება ჰქონდეს არანაირი ფილოსოფიური თუ ზნეობრივი გამართლება. მისი აპოლოგია უბრალოდ რიტორიკული ხასიათისაა და მხოლოდ ემოციასა და პრაგმატიზმზეა გათვლილი.

     სამწუხაროდ, ლიბერალ-დემოკრატებს არ აღელვებთ თავიანთ იდეოლოგიაში არსებული წინააღმდეგობები და უარყოფითი მხარეები, რომლებიც მის ფილოსოფიურ საფუძვლებში დევს. მათი მთავარი ინტერესი მხოლოდ ამქვეყნიურს ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი ბუნდოვანი და მიუღებელია.

     ლიბერალ-დემოკრატს შეიძლება აინტერესებდეს კულტურა, განათლება, ბიზნესი ან უბრალოდ ყოფითი საკითხები, მაგრამ ვერსად იპოვით აბსოლუტური ჭეშმარიტების ძიების სურვილს.

     ამიტომ მასში მეტწილად პროტესტანტიზმისა და ჰუმანიზმის იდეებს ვამჩნევთ. ნებისმიერ შემთხვევაში, საქმე ლიბერალურ „ქრისტიანობასთან" გვექნება თუ ლიბერალურ ჰუმანიზმთან, დასკვნა ერთია - ორივე მსოფლმხედველობა მხოლოდ ამქვეყნიურ ორიენტირებზეა დაფუძნებული.

 

 

* * *

   თანამედროვე დემოკრატიული იდეოლოგიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ამერიკელი მეცნიერი ფრენსის ფუკუამა გახლავთ. მის ნაშრომებს დღეს აქტიურად ეცნობიან როგორც დემოკრატიული ინსტიტუტები, ასევე ზოგიერთი ეკლესიის წარმომადგენლებიც.

     ფუკუამა მიიჩნევს, რომ ინდივიდუალისტური ცნობიერება დასავლური სამყაროს თვისებაა. მას ხელს უწყობს პროტესტანტიზმი, რომელიც ინტიმური, პირადული რელიგიაა, რადგან ადამიანი უშუალო კავშირს ამყარებს უფალთან ღვთისმსახურთა „შუამავლობის" გარეშე. პროტესტანტიზმი, აგრეთვე, სტიმულს აძლევს ადამიანს და ხელს უწყობს პირად წარმატებას, მათ შორის ეკონომიკურ საქმიანობაში[1] ნიშანდობლივია, რომ ფუკუამა ლიბერალურ-დემოკრატიული იდეების მხარდამჭერ რელიგიად პროტესტანტიზმს ასახელებს. პროტესტანტიზმმა ხომ პრაქტიკულად ყველა ადამიანს მისცა წმიდა წერილის თვითნებური, „თავისუფალი" განმარტებისა და აღქმის უფლება. ყველაზე მეტად სწორედ პროტესტანტიზმმა „გააადამიანურა" თავისი რელიგია. პროტესტანტებისთვის რელიგია, უპირველეს ყოვლისა, სოციალური პროდუქტია. ისინი პირდაპირ ილაშქრებენ ყოველგვარი დოგმატის, კანონისა და იერარქიის წინააღმდეგ.

     ამდენად, ჩვენთვის გასაგებია, თუ რატომ აიდეალებს ფუკუამა პროტესტანტიზმს. მისი იდეები მთლიანად მისაღებია ლიბერალურ-დემოკრატიული ფორმაციისათვის.

     ფუკუამა ამბობს, რომ XX საუკუნეში ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ გაილაშქრა ორმა უძლიერესმა მოწინააღმდეგემ - ფაშიზმმა და კომუნიზმმა.[2]

     ვერანაირად ვერ გავიზიარებთ ამ მოსაზრებას. მეტიც - ლიბერალურ-დემოკრატიული მსოფლმხედველობა აღმოცენდა ხსენებული იდეოლოგიების მიერ თავიანთი ნიჰილისტური პროგრამის დასრულებისა და ძველი წესრიგის ნგრევის შემდეგ. ადამიანთა მასობრივი გარდაქმნა სწორედ ტერორით, ომებითა და რეპრესიებით უნდა განხორციელებულიყო. ამ თვალსაზრისით მარქსიც, ენგელსიც, ნიცშეც, ლენინიცა და ჰიტლერიც ერთ მიზანს ემსახურებოდნენ - უფესვო, უტრადიციო, ურელიგიო კოსმოპოლიტი ადამიანების ჩამოყალიბებას, რაც ძლიერ მოსწონს ლიბერალურ დემოკრატიას. ბატონმა ფუკუამამ მშვენივრად უწყოდა ეს. (კიდევ უფრო ვრცლად ამ საკითხხის შესახებ მღვდელმონაზონ სერაფიმეს (როუზი) წიგნში „Человек против Бога"-ში წაიკითხავთ).

     შემდეგ ფუკუამა ამბობს, რომ ლიბერალური დემოკრატია წარმოადგენს ელიტათა ბრძოლის საბოლოო პროდუქტს, „ისტორიის დასასრულს", ანუ ომებისა და სისხლიანი რევოლუციების დასასრულად, საზოგადოებრივი ორგანიზაციის უმაღლეს ეტაპად მიიჩნევს მას. (ჰეგელის მსგავსად).[3]

     გარკვეულწილად ჩვენც ვეთანხმებით ამ მოსაზრებას; როდესაც საბოლოო პროდუქტზეა საუბარი, მაგრამ სისხლიანი რევოლუციებისა და ომების დრო არ დასრულებულა, ამის მაგალითად „არაბული გაზაფხული" კმარა.

     დღეს კაცობრიობა ახალი ისტორიული გამოწვევის წინაშე დგას, რასაც „ცივილიზაციათა დაპირისპირება", „ცივილიზაციათა ომი" ჰქვია.

     ამ ახალი თეორიის ავტორად სამუელ ჰანტინგტონია მიჩნეული. ის ამბობს, რომ მსოფლიოში დაპირისპირების მთავარი მიზეზი უნდა ვეძებოთ არა იდეოლოგიაში, ეკონომიკასა ან თუნდაც პოლიტიკაში, არამედ უმთავრესად კულტურულ ფაქტორებში. ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში ადამიანებმა დაიწყეს ერთმანეთის განსხვავება თავიანთი წარსულის, რელიგიის, ენის, ჩვევა-ტრადიციებისა და სხვა ფასეულობების მიხედვით. ჰანტინგტონის აზრით, ცივილიზაციათა ომის ცნება წარმოშვა რელიგიურ-კულტურულ-ნაციონალურმა ფაქტორებმა. გამოდის, რომ მეცნიერი სულიერ და ზნეობრივ ფასეულობებს გლობალური ერთიანობის ხელისშემშლელ ფაქტორად მიიჩნევს. შემდეგ ჰანტინგტონი განიხილავს მსოფლიოს მთავარ დაპირისპირებულ ცივილიზაციებს. მათში რვა ცივილიზაციას მოიაზრებს.[4]

     ყურადსაღებია, რომ ჰანტინგტონისეული „ცივილიზაციათა ომი-ს” თეზისი საკმაოდ გავრცელდა დღევანდელ მსოფლიოში. ეს გარემოება თანამედროვე ისტორიისა და კაცობრიობის სამომავლო საფრთხეზე მიგვანიშნებს. ჩვენ ორი ცივილიზაციის - დასავლურისა და აღმოსავლურის შესახებ ვისაუბრებთ. ისინი არსობრივად მოიცავენ ყველა ცივილიზაციას.

     დღეს, როგორც არასდროს, უნდა გვქონდეს ადამიანთა გარჩევის უნარი - მართლმადიდებლური, მოღვაწეობრივი, რათა ამ საშინელ, ქაოსურ დროში საკუთარი მსოფლმხედველობის დაცვა შევძლოთ.

     ქრისტეს განკაცების შემდეგ ჭეშმარიტება და მარადიულობა რეალური გახდა. ის გაცხადდა ქრისტეს ღმერთკაცობრივ პიროვნებაში, დრომ ორგანულ ერთობას მიაღწია მარადისობასთან" -ამბობს წმ. იუსტინე პოპოვიჩი.[5] ანუ: სასუფეველის დამკვიდრება ქრისტეს სწავლების, ქრისტეს მცნებების დაცვით ხდება შესაძლებელი. ამიტომ, კაცობრიობის ისტორია, პირველყოვლისა, არის ღმერთკაცობრივი პროცესი. მისი პოზიტიური შედეგი დამოკიდებულია ჭეშმარიტების გავრცელებასა და დამკვიდრებაზე, ერესების არარსებობაზე. ეს არის ჭეშმარიტი, მართლმადიდებლური ცივილიზაცია.

     გარკვეულ ისტორიულ პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა თავისუფალი არჩევანის გაკეთებამ - იყოს ღმერთკაცობრივი პროცესი ძირითადი პრინციპი თუ არა.

     მოგეხსენებათ, ერესი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ან სამუდამოდ აყალიბებს სულიერ სახეს ამა თუ იმ კულტურისა, ერისა თუ სახელმწიფოსი. შემდეგ ეტაპობრივად იწყება განსხვავება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ქრისტიანობის წიაღში ნელ-ნელა ყალიბდება ორგვარი კულტურა და ცივილიზაცია: ქრისტიანულ-ლიბერალური, რომელიც სულ უფრო იხრება მოდერნიზაციისაკენ. მეორეს ქრისტიანულ-ორთოდოქსული ვუწოდოთ. ის წმინდად ინახავს მართლმადიდებელ სარწმუნოებას.

     ამ ორი ცივილიზაციის დაშორება შუა საუკუნეებში დაიწყო და მეტადრე ბოლო საუკუნეებში შეინიშნება. მკაფიო განსხვავებაა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ისიხაზმსა (ქრისტიანულ ასკეზს, შინაგან ლოცვასა) და ჰუმანიზმს შორის. შემდეგ ე.წ. რენესანსის ეპოქა იწყება: ქრისტიანული ტრადიციისათვის აბსოლუტურად უცხო ფასეულობები იჭრება დასავლურ რელიგიებსა და კულტურაში.

     აპოსტასიური პროცესის პირველ ნაყოფად პროტესტანტული რეფორმაცია (ქრისტიანობის აშკარა რევიზიით) უნდა მივიჩნიოთ.

     საბოლოო ჯამში, დადგა დრო, როდესაც დასავლურმა კულტურამ და ცივილიზაციამ სრულიად ამოწურა თავისი შესაძლებლობები.

     მკაცრი განაჩენი დასავლურ მსოფლმხედველობებს თანამედროვე სერბმა წმინდანებმა გამოუტანეს. წმ. ნიკოლოზი (ველიმიროვიჩი) წერდა: „რა არის ევროპა? ის არის ავხორცული ვნება და გონება... პაპი და ლუთერი... ევროპელი ლუთერი - ეს არის ადამიანური კადნიერება ყოველივე საკუთარი გონებით განმარტო. ერთი ნიშნავს სარწმუნოების, მეორე კი ქრისტეს ეკლესიის უარყოფას. ამგვარად მოქმედებს ბოროტი სული ევროპის სხეულში უკვე რამდენიმე საუკუნეა".[6]

     იმავე აზრს ავითარებს ნეტარი იუსტინე (პოპოვიჩი). „რას გვასწავლის ჩვენ ევროპა? იმას, რომ უნდა ვიცხოვროთ ქრისტეს, ღმერთის გარეშე. მაგრამ რას ემსგავსება ასეთი ცხოვრება? საგიჟეთს... ევროპამ გააღმერთა თავისი ყოველი სნეულება, ყოველი ცოდვა, ყოველი ნაკლი და დანაშაული. ევროპამ დაამტკიცა ეს თავისი კაციჭამიური ომებით; ამტკიცებს ახლაც,  არანაკლებ კაციჭამიური მშვიდობით".[7]

     სულიერი დეგრადაციის ფონზე დასავლურმა კულტურამ და ცივილიზაციამ ქრისტიანობის მიღმა დაიწყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბერკეტების ძიება. ეს იმიტომ მოხდა, რომ შინაგანად მან თავისი შესაძლებლობები ამოწურა. სულიერ ასპარეზს თავის სივრცეში ის უთმობს ისეთ რელიგიებს, როგორიცაა ისლამი, ბუდიზმი, ინდუიზმი და სხვა.

     ერთი ცხადია: ლიბერალურ-დემოკრატიული ხელისუფლება არ ან ვერ ეწინააღმდეგება მისთვის უცხო ფასეულობათა დამკვიდრებას.

     როგორც ჩანს, სულიერად გამოფიტული ევროპა, თავისი კათოლიციზმითა და პროტესტანტიზმით, საჭიროებს სულიერ და, ამავე დროს, ცენტრალიზებულ ძალას. ამ მხრივ ისლამიც, ბუდიზმიც, კონფუციონიზმიც თავისი განშტოებებით მეტად „საინტერესო", „სულიერ", „მომხიბვლელ" ფონს ქმნიან ევროპაში.

     ამრიგად, „ცივილიზაციების ომი", რომელიც გლობალისტების აზრით არის კანონზომიერი და გარდაუვალი მოვლენა, სინამდვილეში ხელოვნურად არის შექმნილი. სულიერი ომი რომ წააგო დასავლეთმა, ახლა ცდილობს მოიგოს სხვა ბრძოლის ველი სახელწოდებით „ცივილიზაციების ომი".

     დავძენთ, რომ მართლმადიდებლური მსოფლმხედველობისათვის უცხო და მიუღებელია როგორც დასავლური რელიგიურ-კულტურული ღირებულებები, ისე აღმოსავლეთის ბუდისტურ-ისლამური სამყარო. როგორც წმ. ნიკოლოზ(ველიმიროვიჩი) ამბობს: „მართლმადიდებელი ხალხები დასავლეთსა და აღმოსავლეთზე მაღლა უნდა დადგნენ. მათ არ უნდა იბრძოლონ არც სულთა სამყაროსათვის, როგორც ამას აღმოსავლეთი აკეთებს, არც მატერიალისტური სამყაროსათვის დასავლეთის მსგავსად. ზეცაც და დედამიწაც ღმერთს ეკუთვნის. არსებობს სულთა სამყარო, უფრო მდიდარი, ვიდრე ამის ცოდნა მიეცა აღმოსავლეთს. ეს სამყარო არაა თვითნებური და ქაოტური, იგი ქრისტე ღმერთის ძალაუფლების ქვეშ იმყოფება, რომელმაც ბრძანა: მოცემული  მაქვს ხელმწიფება ცასა და მიწაზე.

     ამიტომაც მართლმადიდებლებს არ შეუძლიათ იდგნენ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, არამედ ვალდებულნი არიან ამაღლდნენ მათზე, რათა უნათონ ერთსაც და მეორესაც - აღმოსავლეთსა და დასავლეთზე მაღლა".[8]

     ლიბერალ-დემოკრატები "ცივილიზაციათა ომის დარეგულირებას კაცობრიობის ისტორიაში გლობალიზაციის პროცესების დაჩქარებით იმედოვნებენ. გლობალიზაცია, მოგეხსენებათ, აერთიანებს ცივილიზაციებს, ქვეყნებს, ხალხებს ერთ უსახურ სივრცეში, ერთ კოსმოპოლიტურ მასად აქცევს მათ.

     დღეს 500-ზე მეტი მოქმედი კოსმოსური ხომალდი მოძრაობს დედამიწის ირგვლივ და „უახლესი ცივილიზაციის" ინფორმაციებს აწვდის მას. მილიარდობით ტელე და კომპიუტერული ეკრანი ერთფეროვანი გადაცემებითა და ინფორმაციით ერთი და იგივე მიმართულებასა და გემოვნებას სთავაზობს მთელ მსოფლიოს.

     ამგვარი ტენდენცია, სადაც ყველანი განუსაზღვრელი სისწრაფით, უსასრულო, ახალი ცივილიზაციისკენ მიილტვიან, დღეს მთელი მსოფლიოსათვის ერთნაირად დამახასიათებელი გახდა.

     ერთ-ერთი საკვანძო საკითხი გლობალიზაციის პირობებში ფასეულობათა საკითხია. მართლმადიდებელისათვის ცხოვრების მთავარი მიზანი ცხონებაა. ლიბერალების აზრით, აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არსებობს, შესაბამისად ყველაფერი ნებადართულია.

     გლობალურ-დემოკრატიულ-ჰუმანისტური ეთიკის არსი ყოველგვარი ზნეობრივი და დოგმატური სწავლების მინიმუმამდე დაყვანაში მდგომარეობს. სწორედ ამან უნდა უზრუნველყოს კაცობრიობის უპრობლემო არსებობა.

     ამიტომ, გლობალიზებული მსოფლიოს გენერატორად გვევლინება მოდერნიზაცია, რომელმაც კომპრომისების მეშვეობით უნდა დაარეგულიროს რელიგიური, ნაციონალურ-კულტურული, სახელმწიფოებრივი და სხვა პრობლემები, რაც ყოვლად მიუღებელია მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის.

 

 

[1]ჟურნალი „უფლის ციხე". საქართველოს საპატრიარქო. გვ. 47. 2010წ.

[2]იქვე. გვ. 45.

[3]იქვე. გვ. 48.

[4]იქვე. გვ. 49.  

[5]დ. ჯინჭარაძე. შეიცანი ჟამი. გვ. 32.

[6]Св. Николай (Велимирович). Избранное. გვ. 559.

[7]Блаж. Иустин (Попович). Собрание Творений.გვ. 537.

[8]გაზეთი „ხარება". 2001წ. გვ. 8.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე  

 


უკან დაბრუნება