მთავარი > იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა და ლიბერალური დემოკრატია (ნაწილი 1) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა და ლიბერალური დემოკრატია (ნაწილი 1) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


2-11-2020, 22:27

მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა და ლიბერალური დემოკრატია (ნაწილი 1) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

   ბოლო ორი საუკუნე მსოფლიოში ლიბერალურ-დემოკრატიულ ფასეულობათა დამკვიდრებისა და გავრცელების ეპოქებად არის მიჩნეული. ეს ფასეულობანი ახალი და ამავე დროს ძველი საცთურია და გამოწვევაც კაცობრიობისა. ახალში იგულისხმება ის, რომ ლიბერალური დემოკრატია აშკარად ყველაზე გავრცელებული მმართველობითი ფორმაა თანამედროვე მსოფლიოში. ერთი შეხედვით, მან სძლია სხვა სახელმწიფოებრივ ფორმირებებს; ძველს კი იმიტომ ვამბობთ, რომ ეს სისტემა მართლაც უძველესია - ბერძნული და რომაული ცივილიზაციებიდან იღებს სათავეს.

     ჩვენი ინტერესი ამ საკითხისადმი იმ გარემოებამ განაპირობა, რომ დღეს საეკლესიო წრეებშიც სულ უფრო ინტენსიურად უჭერენ მხარს „ლიბერალურ-დემოკრატიულ" მმართველობას. ამით თითქოს სურთ „გაადემოკრატიულონ" მართლმადიდებლობა და ეს დადებით ტონად აღიქმება თანამედროვე სამყაროში.

      გასაოცარი და მოულოდნელი ამაში თითქოს არაფერია - ეკლესიის ზოგიერთი წევრი კეთილგანწყობილია დემოკრატიისადმი: მოძღვრები ხომ ნამდვილად ხალხის გვერდით დგანან თავისუფლებისაკენ ლტოლვაში. უფრო მეტიც: მართლმადიდებლობა რეალურად სახალხო ეკლესიაა. აღმოსავლეთის პატრიარქთა ცნობილ ეპისტოლეში (1848 წ.) ვკითხულობთ: „ჩვენთან არც პატრიარქებს და არც კრებებს არასოდეს შეეძლოთ რაიმე სიახლის შემოტანა, რადგან ჩვენთან სარწმუნოების მცველი თავად ქრისტეს სხეულია, ანუ თვით მორწმუნე ხალხი".[1]

   ვიდრე აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას შევუდგებოდეთ, ვიტყვით, რომ ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულების რეალური სახის წარმოჩენით ჩვენ არ გვსურს იმ ილუზიის შექმნა, თითქოს აღნიშნული პოლიტიკური სტრუქტურის შემცვლელი სხვა რეალური ძალა გვეგულებოდეს მთელ მსოფლიოში. არც წერილში მითითებული ფილოსოფოსების ნიჭიერებასა და გენიოსობაში გვეპარება ეჭვი, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რა ფასეულობასთან გვაქვს საქმე.

     ჩვენი მიზანია დავანახოთ მკითხველს მართლმადიდებლური მსოფლმხედველობასა და ლიბერალურ-დემოკრატიას შორის არსებული განსხვავებები.

     ზედაპირული შეხედვით მართლმადიდებლობასა და დემოკრატიას შორის აზრთა თანხვედრაა. სწორედ ეს გარემოება გვავალდებულებს პრინციპულად გავმიჯნოთ ორი ცნება ერთმანეთისაგან.

     საქმე ის გახლავთ, რომ ლიბერალური დემოკრატია ოფიციალური განცხადებებით, ღიად არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მსოფლხედვას, ის განაგრძობს საუბარს „მარადიულ ფასეულობებზე", „რწმენაზე", „ადამიანის ღირსებებზე", „ქრისტიანულ ცივილიზაციაზეც" კი. თუმც... ცხადზე უცხადესია: ეს სიტყვები აღარ გამოითქმის ძველი მნიშვნელობით. არც ერთი ლიბერალ-დემოკრატი სერიოზულად აღარ აღიქვამს ამ ფასეულობას (მართლმადიდებლობას). ის მხოლოდ სიტყვის მასალად, ფასადად გამოიყენება, უფრო ემოციაზეა გათვლილი, ვიდრე შინაგან სულიერ მდგომარეობაზე.

     ამიტომ, მოდით, ვნახოთ, რა არის სინამდვილეში ეს დემოკრატია? რას წარმოადგენს „ხალხის ნება" დემოკრატიული და მართლმადიდებლური მსოფლმხედველობების მიხედვით? არის კი დემოკრატიის მიერი „ხალხი" ის ხალხი, რომლის შესახებაც საუბრობს მოციქული: „ხოლო თქუენ, ნათესავი რჩეული, სამეუფო სამღვდელო, თესლი წმიდა, ერი მოგებული, რათა სათნოებათა მიუთხრობდეთ, რომელნი - იგი ბნელისაგან გიწოდნა თქუენ საკვირველსა მას ნათელსა მისსა." (1 პეტრ. 2.9). - ცხადია, არა! დემოკრატიამ შეიძლება სხვადასხვა სახე მიიღოს, და შესაბამისად, ხალხის ნებაც სხვადასხვა აღმოჩნდეს. დეკანოზი ს. ბულგაკოვი საუკუნის წინათ შენიშნავდა: „ერთი და იგივე იერუსალიმის" „ხალხის ნება - დემოკრატია" გაიძახოდა „ოსანას"-ს, და სამოსელს უფენდა მაცხოვარს; და იმავე „ხალხის ნება" – „დემოკრატია" გაიძახოდა: „ჯვარს-აცუ, ჯვარს-აცუ ეგე!" ნათელია: ხალხის ნებას ერთნაირი ხალისით შეუძლია აღფრთოვანდეს როგორც ჭეშმარიტებით, ასევე სიცრუითაც: მივიდეს ტირანიამდე, მხეცობამდე, მკრეხელობამდე".[2] „ხალხის ნებისადმი" ქედმოხრა, რომელიც საფუძვლად უდევს დემოკრატიის კულტს, ადამიანის გაღმერთების შედეგად გაჩნდა. ამ „სარწმუნოების" ქადაგება, როგორც მოგახსენეთ, უძველეს ელინურ და რომაულ სამყაროში დაიწყო. იმხანად საფუძველჩაყრილი იდეების „ღირსეული" გამგრძელებლები იყვნენ XVII-XIX საუკუნის ჰუმანისტები პეგელი, რუსო და სხვები. ჩვენ დროში მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. განსაკუთრებით ამერიკელი მეცნიერი ფრენსის ფუკუამა და ჰანტინგტონი უნდა გამოვყოთ.

     აქვე უნდა ითქვას: ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და რომში დემოკრატიული პრინციპები არ იყო საყოველთაოდ მოწონებული. მაგალითად, ძველი ფილოსოფოსი თუკიდიდე ძველ ბერძნულ რესპუბლიკაში ხალხის ხმების მოსყიდვასა და ხალხის დაშინებაზე საუბრობდა.[3] პლატონი დემოკრატიული მართვის სისტემას ბოლოდან მეორე ადგილზე აყენებდა, ტირანიის შემდეგ.[4]

     მეტსაც ვიტყვით: კაცობრიობის ისტორიის მანძილზე არ ჩანს არც ერთი სახელმწიფო, სადაც რეალურად, სრულად განხორციელდა ხალხის მართვის პრინციპი. ძველი საბერძნეთი და რომი, მისი კლასიკური წარმომადგენლები - არისტოტელე, ციცერონი, პლატონი და სხვები, რომლებიც დემოკრატიის ფუძემდებლებად უნდა მივიჩნიოთ, ამავე დროს იყვნენ კლასიკური მონათმფლობელები. ისინი თავად ტერმინში „ხალხი", „მოქალაქეები" მხოლოდ ელიტის წარმომადგენლებს, მოსახლეობის უკიდურეს უმცირესობას მოიაზრებდნენ.

     შესაბამისად, როდესაც საუბარია თავისუფლების შესახებ ძველი ფილოსოფოსების თხზულებებში, იგულისხმება არა კერძო პირის, არამედ სახელმწიფოს თავისუფლება.

   VII საუკუნის ფილოსოფოსი ტ.ჰოფსი წერს: „ათენი და რომი თავისუფლები იყვნენ, ე.ი. თავისუფალი სახელმწიფოები: მათ ჰქონდათ თავისუფალი ნება შებრძოლებოდნენ სხვა ხალხებს, დაეცვათ თავიანთი ქვეყანა, დაეპყროთ ერი. ამდენად, ამ კუთხით თავისუფლება ერთნაირია როგორც მონარქისტულ, ასევე დემოკრატიულ ქვეყნებში.

     არისტოტელე თავის „პოლიტიკაში" წერს: „დემოკრატია ნიშნავს თავისუფლებას, ვინაიდან, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არავინაა თავისუფალი სხვა მმართველობის პირობებში." ის ამ მოსაზრებას ათენის რესპუბლიკის პრაქტიკული ცხოვრების მიხედვით ასკვნიდა. აგრეთვე ციცერონი და სხვა მწერლებიც თავიანთ სწავლებებში ეყრდნობოდნენ რომის შეხედულებებს, მონარქიისადმი სიძულვილით აღსავსეს. შედეგად, მონარქიის სიძულვილს მოჰყვებოდა რომის ხელისუფლების ძალისმიერი დამხობა და დანაწილება. შემდეგ აღზევებულთა მემკვიდრეები, ძველი ბერძენი და ლათინი ავტორების კითხვით, თავისუფლების ნიღბით, ბავშობიდან დაეჩვივნენ ჯანყსა და ხელისუფალის უსირცხვილო კონტროლს, ხოლო შემდეგ კონტროლიორების კონტროლსაც. შედეგად, იმდენი სისხლი დაიღვარა, რომ დასავლეთის ქვეყნებს არაფერი ისე ძვირი არ დაჯდომია, როგორც ბერძნული და რომაული მმართველობითი სტრუქტურების კითხვა".[5]

   დასავლურ ქვეყნებში ჩვეულებრივი რამაა არისტოტელეს, ციცერონის და სხვათა შეხედულებებით ხელმძღვანელობა. ჰეგელი, მაგალითად, ლიბერალურ დემოკრატიას საზოგადოებრივი ორგანიზაციის უმაღლეს ეტაპად - საზოგადოებრივი ინსტიტუტებისა და პრინციპების სრულყოფილ ფორმად მიიჩნევდა. ის ისტორიული პროცესის კულმინაციას თავისუფლების რეალიზაციაში, „ადამიანთა თავისუფლების ზრდაში" ხედავდა. ჰეგელი ამბობდა: „აღმოსავლეთის სამყაროში ადამიანებმა იცოდნენ, რომ თავისუფალი იყო მხოლოდ ერთი ადამიანი (მმართველი); ბერძნებმა და რომაელებმა იცოდნენ, რომ თავისუფლები იყვნენ რჩეულნი; ჩვენ კი ვიცით, რომ თავისუფალია ყველა ადამიანი".[6]

     ძველი ბერძნულ-რომაული შეხედულებების პროპაგანდას ჟან-ჟაკ რუსოს ნაშრომშიც ვპოულობთ: რადგან კერძო პირები ემორჩილებიან მხოლოდ უმაღლეს ხელისუფალს, ხოლო უმაღლესი ხელისუფალი არის ხალხის საერთო ნების გამომხატველი, შესაბამისად, ყოველი ადამიანი, უმაღლესი ხელისუფლების მორჩილებით, ემორჩილება საკუთარ თავს. და არ არის რთული წარმოსაჩენი, რომ საზოგადოებრივი შეთანხმების შედეგად ადამიანი უფრო დიდი თავისუფლებით სარგებლობს, ვიდრე სხვა მმართველობის დროს. ანუ - უმაღლესი ხელისუფლების დადგენილება გამოხატავს საერთო ნებას, რომელიც არის სამართლიანი".[7]

     ამრიგად, ჟან-ჟაკ რუსოს სწამდა, რომ არსებობს „საერთო ნება", რომელიც მუდმივია, მყარი და წმიდაა, რომელიც მხოლოდ უნდა წარმოაჩინო და აღმოაჩინო საერთო არჩევნებით.

     ჟან-ჟაკ რუსოს ხედვა მართლმადიდებელი ეკლესიის კრებითი მსოფლმხედველობისაგან რადიკალურად განსხვავდება. ამიტომ, ვიდრე თანამედროვე დემოკრატიის „საერთო ნების" განხილვას შევუდგებოდეთ, ვთქვათ: რას ნიშნავს ეკლესიის კრებითობა? როგორ გამოხატავს მართლმადიდებელი ეკლესია თავის აზრს ჭეშმარიტების დასადგენად?

 

                                                                                                                                             * * *

   თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიის მმართველობითი მხარე არ წესრიგდება მხოლოდ ადამიანური ფაქტორებით, არამედ ეს ღვთის მიერ ხდება.

     სამოციქულო ეკლესიაში ღვთისმსახურებისათვის ირჩევდნენ საამისოდ განსაკუთრებულად მოწოდებულ, მტკიცე სულის ადამიანებს. ამ აქტს მართლმადიდებელ ეკლესიაში ქიროტონია ეწოდება.

     ძველ ეკლესიაში მღვდლობის ხარისხში დადგინება საეკლესიო საზოგადოებისა და ადგილობრივი ეკლესიის თანხმობით შემდგარი საერთო არჩევის შედეგად ხდებოდა. თავად ეს „დადგინება", გამორჩევა განსაკუთრებული აქტი იყო. დემოკრატიული არჩევნებისაგან განსხვავებით, ის ღრმა რელიგიურ და საიდუმლო ხასიათს ატარებდა. მას ასრულებდნენ მოციქულთა მემკვიდრე, მათი თანაბარი უფლებებით აღჭურვილი პირები - ეპისკოპოსები.

     თავად არჩევნების აქტს წინ უსწრებდა ლოცვა და მარხვა, ხან კი პირდაპირ ღვთის შთაგონებით ხორციელდებოდა სამღვდელო კანდიდატის შერჩევა. ყოველივე ეს საერთო სურვილზე მიუთითებდა: ეპოვათ არა საზოგადოების, არამედ ღვთის რჩეული ადამიანი.

     ყურადსაღებია, რომ სწორედ კენჭისყრის მეთოდი იქნა გამოყენებული პირველი ქრისტიანული ქიროტონიისას, იუდას ნაცვლად მეთორმეტე მოციქულის არჩევის დროს.

     ლუკა მახარებელი საქმე მოციქულთაში დაწვრილებით აღწერს ამ აქტს: „ესე ყოველნი იყვნენ განკრძალულ ლოცვასა და ვედრებასა ერთბამად დედებითურთ და მარიამ დედით იესუისით და ძმებითურთ მისით." (საქმე. 1.14). აქ საცნაურია იმდროინდელი ეკლესიის ასოცი წევრის ღრმა სულიერი განწყობა.

     აქტი დაიწყო პეტრე მოციქულის სიტყვით. შემდეგ იმსჯელეს საკითხის მნიშვნელობაზე და „დაადგინეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქუა ბარსაბა და მერმე ეწოდა იოსტოს და მატათა. და ილოცვიდეს და თქუეს: შენ უფალო, ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ ორთაგანი, რომელიცა გამოირჩიე. და მისცნეს წილნი მათ, და გამოუხდა წილი მატათიას და თანა - აღირიცხა ათერთმეტთა მოციქულთა" (საქმე. I. 22.26.). როგორც ვხედავთ, სამოციქულო ეკლესიის წინაშე მდგარი საკითხები კრებითი პრინციპით წყდებოდა, განსაკუთრებული სულიერი განწყობითა და სულიწმიდის შთაგონებით ხორციელდებოდა.

     საერთოდ, წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია ყველა დოგმატურ და ადმინისტრაციულ პრობლემას კრების მოწვევით წყვეტს. ასე ხდებოდა ეკლესიის დაარსების დღიდან: „ჯერ უჩნდა სულსა წმინდასა და ჩვენცა". (საქმე. 15.28). რა თქმა უნდა, დღეს კრებები განსხვავებულ ეპოქასა და საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურაში მოქმედებს, მაგრამ ეკლესიის საიდუმლო რეალობა უცვლელი რჩება. ეკლესიის წყობა იყო და არის კრებითი. არც ერთი ეპისკოპოსი ეკლესიაში მსოფლიო კრებების უცდომელობაზე მაღლა არ აყენებს თავის თავს. ამიტომ ვამბობთ მართლმადიდებლები, რომ მსოფლიო კრება ეკლესიის უცდომელობის გამომხატველია. მართლმადიდებელი ეკლესიოლოგია მსოფლიო კრებაში ხედავს მიწიერი ეკლესიის უმაღლეს ინსტანციას, რომელიც უშუალოდ სულიწმიდის შთაგონების ქვეშ იმყოფება. ეს ნიშნავს: მსოფლიო კრება შედგება ეპისკოპოსებისაგან, რომლებიც მოციქულთა მემკვიდრენი არიან. ისინი სულიწმიდის მადლით აღვსილნი, ფლობენ ჭეშმარიტებას, ეკლესიის უცდომელობის გამოხატულებას. არავის აქვს უფლება ეჭვქვეშ დააყენოს ეს ჭეშმარიტება და, ამავე დროს, დარჩეს მართლმადიდებლად. ასეთი ადამიანი ერესში ვარდება.

     ამრიგად, ეკლესიის უმთავრესი ნიშანთვისებანი - კრებითობა, ერთიანობა, სიწმიდე, საყოველთაო სამოციქულო ხასიათი მართლმადიდებლობის ბუნებიდან მომდინარეობს. კითხვაზე, თუ როგორ უნდა გვწამდეს და ვასწავლიდეთ, წმ. თეოფანე დაყუდებული პასუხობს: - ისე, როგორც სწამდა და ასწავლიდა ყველა, ყოველგან, ყოველთვის.[8]

     უფრო მეტად რომ განვავრცოთ ეს აზრი, ვიტყვით: ღმერთმა ისე განაგო, რომ მისი ღვთაებრივი ორგანიზმის არც ერთ ნაწილს არ შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა.

     უფალი ბრძანებს: „მე ვარ ვენახი და თქვენ რტონი; რომელი დაადგრეს ჩემ თანა და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი. უკეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდეს გარე ვითარცა ნასძლევი და განხმეს" (იოანე. 15.56).

     როგორც ვხედავთ, ქრისტე თავის მორწმუნეთ ორგანიზმში იზიდავს, და არა „ორგანიზაციაში" (გნებავთ დემოკრატიაში); თავის ცხოვრებაში შეჰყავს ისინი მსგავსად ვენახისა, რომელიც მიწისაგან იწოვს წვენს. აქ აღესრულება გონებისათვის მიუწვდომელი და მხოლოდ რწმენით მისაღები უდიდესი საიდუმლო.

     ამიტომ, თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეკლესია არაა ქრისტიანული პარტია, კავშირი ან ორგანიზაცია, არამედ ესაა ტაძარი, რომელშიც ცხოვრობს სულიწმიდა, ქრისტეს სხეული, ცოცხალი ორგანიზმი, მაშინ ის გაუგებრობა, რომ თითქოს დემოკრატიული პრინციპები ესადაგებოდეს მართლმადიდებლურ კრებითობას, გაქარწყლდება.

     დემოკრატიისგან განსხვავებით, ეკლესიაში ყოვლადსახიერმა ღვთის განგებამ დაადგინა, რომ ყოველი წევრი პირდაპირ დამოკიდებულებაშია დანარჩენთან. მაგალითად, პატრიარქი დამოუკიდებლად ვერ აღასრულებს ევქარისტიულ საიდუმლოს. ამისთვის აუცილებელია თუნდაც ერთი ერისკაცის თანდასწრება. პავლე მოციქულიც ხომ ამას ბრძანებს: „თქუენ ხართ ხორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანი!" (1 კორ. 12.27).

     დავუშვათ, ეპისკოპოსი ანტიკრებითად მართავს თავის ეპარქიას, შიშის და არა სიყვარულის ფაქტორს იყენებს მართვაში. შედეგად იგი იღებს მრევლის ბრმა სამხედრო დისციპლინას და არა მორჩილებას ქრისტეში. ასეთ შემთხვევაში ის მიიჩნევს საკუთარ თავს ერთადერთ ქარიზმატიკოსად ეპარქიაში, უარყოფს ნიჭებს, რომლის მატარებელნი არიან ადგილობრივი ეპარქიის სასულიერო პირები და ერისკაცები. ამ დროს ეკლესიის კრებითობის პრინციპი სრულიად ირღვევა და ძალაში შედის გარეგნული, ადმინისტრაციულ - დისციპლინური მეთოდები - შიში, მუქარა და ა.შ. ეს კი პრინციპულად ეწინააღმდეგება ეკლესიის არსს და პოლიტიკური მართვის სისტემას უფრო წააგავს.

    რადიკალურად განსხვავდება ეკლესიის კრებითი თვისება დემოკრატიული კენჭისყრის სისტემისაგან. გასული საუკუნის პირველი ნახევრის გამოჩენილმა მოაზროვნემ კ.პობედანოსცევმა საფუძვლიანად განიხილა აღნიშნული საკითხი. სწორედ მის მოსაზრებებს დავეყრდნობით დემოკრატიის სულიერი არსის წარმოჩენის მცდელობაში.

     დემოკრატიული თვალთახედვით, თავისუფლება არის პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების უფლება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უფლებამოსილებაა, მონაწილეობა მიიღო სახელმწიფოს მართვაში. მაგრამ ეს სურვილი ვერ პოულობს მყარ დასაყრდენს პოლიტიკურ სივრცეში. ამიტომ დემოკრატია აფართოებს თავის საფუძვლებს და მიზნად ისახავს საყოველთაო კენჭისყრას. სწორედ ეს გახლავთ საბედისწერო შეცდომა, ერთ-ერთი ყველაზე გამაოცებელი კაცობრიობის ისტორიაში.

     პოლიტიკური უფლებამოსილება, რომელსაც ესოდენ უცნაურად აღწევს დემოკრატია, უამრავ ნაწილებად იყოფა. ყოველი მოქალაქის მართვის უფლებამოსილება ერთობ მცირე ნაწილაკია. რას გააკეთებს ადამიანი ამ უფლებამოსილებით, სად გამოიყენებს მას? ამრიგად, დემოკრატიამ გააყალბა თავისუფლების ჭეშმარიტი არსი, გააიგივა ის თანასწორობასთან. აღმოჩნდა, რომ მოჩვენებითი თანასწორუფლებიანობა, თავისუფლების დანაწილება ყველა ადამიანს შორის, იწვევს თანასწორობის დარღვევას ანუ სრულ უთანასწორობას. თითოეული ადამიანის ხმა, უფლებამოსილების უკიდურესად მცირე ნიშანია, ის თავისთავად არაფერს წარმოადგენს. გარკვეულ მნიშვნელობას იძენს რიცხობრივი მაჩვენებელი ანუ ხმათა ერთობა. ეს არის სააქციო საზოგადოების მსგავსი რამ: ერთეული ხმა დამოუკიდებლად უძლურია და არაფერს წარმოადგენს, მაგრამ ის, ვინც მოახერხებს და მოიპოვებს ხმების უმრავლესობას, გახდება ბატონ-პატრონი ამ ძალისა, შესაბამისად ხელისუფლებისა.

     ისმის კითხვა: მართლაც რაში მდგომარეობს დემოკრატიის უპირატესობა სხვა მმართველობით ფორმებთან შედარებით? ფაქტი ერთია: ვინც აღმოჩნდება ყველაზე ძლიერი, ის ხდება მმართველიც. დემოკრატიული მმართველობის დროს ხელისუფლებაში თავიანთ მომხრეებთან ერთად ჩნდებიან ხალხის ხმების ყველაზე მოხერხებული მომპოვებლები.

     ამ მსოფლმხედველობის თანახმად არჩევა უნდა ხდებოდეს თანასწორობის პრინციპით. სინამდვილეში ნებისმიერი დესპოტი ან დიქტატორი იმავე დამოკიდებულებაში იმყოფება მოქალაქეებთან.

     არჩევნების დროს ადამიანების უფლებების ზრდას დემოკრატია პროგრესად, თავისუფლების მოპოვებად მიიჩნევს. მისი თეორიიდან გამომდინარე, რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკურ მართვაში, მით უფრო მეტად გამოიყენებს იგი ამ უფლებას საერთო ინტერესებისათვის, საყოველთაო თავისუფლებისათვის. მაგრამ გამოცდილება სულ სხვას მეტყველებს: ხალხის ინტერესებს ყოველთვის იცავდა მმართველთა უმცირესობა, ვინც გამსჭვალული იყო მაღალი სულიერი იდეებით, აღჭურვილი ღრმა ცოდნით. გაფართოებული არჩევითი საწყისების შედეგად პირიქით, სუსტდებოდა სახელმწიფოებრივი ხედვა და ინტერესები.

     საფრანგეთში კენჭისყრით ხმების მიცემის სისტემა ტერორის შეწყვეტისთანავე გააუქმეს. მას შემდეგ ის ორჯერ აღადგინეს, რათა ნაპოლეონების მმართველობა გაემყარებინათ. (კ. პობედანოსცევი).

     დემოკრატიის მედროშეობით ხმებით თამაში ჩვეულებრივი მოვლენა გახდა ჩვენ დროში. თითქოს ყველასათვის ცხადია მისი სიცრუე, მაგრამ ვერავინ ბედავს წინ აღუდგეს მას.

     ამრიგად, ხალხის ხმები, რომლებიც ცალკეულ შემთხვევაში უსუსური ერთეულებია, თავის მნიშვნელობას მოხერხებული აგენტების ხელში იძენენ. ხმების მოპოვება სხვადასხვა გზებით ხორციელდება - მოსყიდვით, ძალადობით, მუქარით და  მსგავსი „ღვაწლის" შედეგად გარკვეულ ჯგუფს ძალისმიერი მეთოდით გაჰყავს თავისი კანდიდატი.

     ჩვენ დროში გამოიგონეს კიდევ ერთი საშუალება: მასების შეკრება პოლიტიკური მიზნებისათვის და ხელოვნური კავშირების შექმნა შეხედულებათა თანხვედრის მიზეზით. ამ საშუალების ეფექტურობა იდეების სწრაფ და მარჯვე კონცენტრაციაშია: ფრაზები და ფორმულები, დამაჯერებელი ტონით ვრცელდება საზოგადოებაში, ვით მეცნიერების უკანასკნელი სიტყვა, ან როგორც პოლიტიკური სწავლების დოგმა.

     ოდესღაც მიჩნეული იყო, რომ ფაქტების ანალიზი და შემდეგ მათგან საერთო დასკვნის გამოტანა ერთეული განათლებული მოაზროვნეებისათვის იყო დამახასიათებელი. დღეს ის საყოველთაო მიღწევად მიიჩნევა და მასებისათვის, რომლებიც ყველგან უმრავლესობას წარმოადგენენ, საცდურად იქცა. მასების ამ მცდარ მიდრეკილებას მოხერხებულად იყენებენ პოლიტიკური მოღვაწეები: საერთო დასკვნითი ფრაზეოლოგიის შექმნის ხელოვნება მათთვის საუკეთესო იარაღია. ამ ფრაზებს შემდეგნაირად ამზადებენ: მრავალი, მათთვის არახელსაყრელი ფაქტი სრულიად იგნორირდება, ხოლო დანარჩენი ჯამდება და მათგან საერთო ფორმულა „ცხვება".

     ამ მეთოდის გამოყენებით პოლიტიკური ორატორები საოცარ წარმატებას აღწევენ. მასები სწრაფად, განუსჯელად, გაუანალიზებლად და იოლად იღებენ შეთავაზებულ დასკვნებს. ასე ყალიბდება საერთო მოსაზრება, მოჩვენებითი, მაგრამ მათთვის ერთობ ეფექტური და სასურველი შედეგის მომცემი. ამას ეწოდება „ხალხის ხმა" პლუს „ღვთის ხმა". ესაა სამწუხარო და სავალალო ცდომილება, რასაც საზოგადოებრივი აზრის საყოველთაო დემორალიზაციამდე მივყავართ....

     ამრიგად, ერთ-ერთი ყველაზე ყალბი პოლიტიკური წყობა ე.წ. ხალხის მმართველობა გახლავთ. ის საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ დამკვიდრდა, თითქოსდა ყოველი ხელისუფლება ხალხისგან მომდინარეობს და საფუძვლად ხალხის ნება უდევს...

     ხალხი ანდობს თავის უფლებებს გარკვეულ პიროვნებებს, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნებში და სახელმწიფოებრივი ავტონომიით უზრუნველყოფენ მათ. არჩევნების წინ კანდიდატი თავის პროგრამაში სისტემატურად მიმართავს ზემო აღნიშნულ მეთოდს: ის საუბრობს საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე, მშვიდობასა და ერთობაზე, მაგრამ ეს ყველაფერი ფუჭი სიტყვებია. სინამდვილეში კანდიდატი კი არ მუშაობს ხალხის კეთილდღეობაზე, არამედ საზოგადოება ხდება კანდიდატის მიზნების განხორციელებისათვის საჭირო იარაღი. ის კანდიდატი გამუდმებით გაიძახის, რომ თავადაა საუკეთესო, მხოლოდ მას უნდა მიანდონ ქვეყნისა და ხალხის ბედი. ძნელი დასაჯერებელია ყოველივე ეს. საერთოდ, ჩვენ დროში ძნელად მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ნამდვილად მზად არიან მსხვერპლი გაიღონ ხალხისათვის. (იშვიათი გამონაკლისების გარდა-ავტ.). გამოცდილება ცხადყოფს: თავდადებული ადამიანები არ იწყებენ ხმების ძებნას - ხალხი თავად ამჩნევს მისი ინტერესების დამცველ პირებს; არ იწყებენ საკუთარი თავის ქებას არჩევნების დღეებში - ღირსეული კანდიდატი თავის თავს მოღვაწეობით ან თანამოაზრე ერთსულოვანი ადამიანების წრეში წარმოაჩენს. იგი არ დაიწყებს პოპულარობის ძიებას ხალხმრავალ ადგილებში. ღმერთი მას არ დამალავს საჭიროების შემთხვევაში. ასეთი ადამიანები ბრბოში მიდიან მხოლოდ იმიტომ, გამო, რომ ამხილონ საზოგადოების ნაკლოვანებები.

     ღირსებისა და პასუხისმგებლობის მქონე პირებისათვის მიუღებელია საარჩევნო პროცედურა ამას არ ერიდებიან მხოლოდ კარიერის მაძიებელი, ეგოისტი ადამიანები. ასეთებისათვის არ არის რთული საზოგადოების კეთილისმყოფელის ნიღაბი მოირგონ. მათ არ შეუძლიათ, დ არც შეიძლება იყონ მორცხვნი, ვინაიდან მორცხვსა და მოკრძალებულს ვერ შეამჩნევენ, არ ისაუბრებენ მასზე.

     არჩევნები - ხელოვნებაა, რომელსაც, საომარი ხელოვნების მსგავსად, თავისი სტრატეგია და ტაქტიკა გააჩნია. კანდიდატი საზოგადოებასთან პირდაპირ კონტაქტში არ იმყოფება, მათ შორის შუამავლობს კომიტეტი, რომლის ძალა კადნიერებაშია.

     ფრაზები და მხოლოდ ფრაზები მეფობს მათ წრეში. ბრბო ყურს უგდებს მხოლოდ მათ, ვინც მოხერხებულად წარმოაჩენს თავს ხალხის ინტერესებისა და მოთხოვნების გამტარებლად. შედეგად, უმრავლესობა ირჩევს მხოლოდ ერთ კანდიდატს. ბიულეტენში იწერება ის სახელი, რომელიც ყველაზე ხშირად ესმოდა ხალხს. არავინ იცნობს მას, მის შეხედულებებს, მონაცემებს: ირჩევენ მხოლოდ იმის გამო, რომ ბევრი სმენიათ მასზე.

     ლიბერალური დემოკრატიის თანახმად, არჩეული კანდიდატი უმრავლესობის საყვარელი ადამიანი უნდა იყოს. სინამდვილეში ირჩევენ უმცირესობის სასურველ კანდიდატს. მაგრამ ეს უმცირესობა ორგანიზებულ ძალას წარმოადგენს, ხოლო უმრავლესობა არაფრითაა კოორდინირებული, ამიტომ უძლურია გარკვეული ძლიერი პარტიის წინაშე.

     დემოკრატიული მსოფლმხედველობის თანახმად, პარტიის ხელმძღვანელს, პირველყოვლისა, ესაჭიროება ძლიერი ნება. ეს თვისება, ფიზიკური ძალის მსგავსად, ბუნებრივი ხასიათისაა, ამდენად არ საჭიროებს ზნეობრივი ნორმების დაცვას. ამ ძალას კიდევ ემატება მჭევრმეტყველება. ესეც ბუნებრივი თვისებაა და არც ის ითვალისწინებს ზნეობრიობას. ადამიანი შეიძლება იყოს ღრმად მოაზროვნე, პოეტი, ნიჭიერი მხედართმთავარი, გამოცდილი კანონმდებელი, მაგრამ არ გააჩნდეს მჭერმეტყველური ნიჭი. გამოცდილება გვკარნახობს, რომ მრავალრიცხოვან შეკრებებზე შედეგი მოაქვს არა გონიერ, არამედ ლამაზ სიტყვას, რომელიც ძლიერ მოქმედებს მასებზე.

     ლიბერალურ-დემოკრატიული იდეოლოგიის საფუძვლები საფრანგეთის რევოლუციის ცნობილ ლოზუნგში გამოიხატა: „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა". ზედაპირული განხილვითაც ჩანს, რომ ბუნებაში არ არსებობს აბსოლუტური თავისუფლება, ვინაიდან ის შეზღუდულია ურთიერთდამოკიდებულებითა და კანონმდებლობით.

     არ არსებობს თანასწორობა - ის ყოველთვის განსხვავებული და მკაცრად იერარქიულია; არ არსებობს უშინაარსო ძმობაც, ვინაიდან ადამიანი თავისი სულიერებისა და ზნეობის მიხედვით ირჩევს მეგობარს.

    ამრიგად, თავისუფლება სულაც არ არის დამოკიდებული თანასწორობაზე და თანასწორობაც არ არის თავისუფლება.[9]

     დავასკვნით: მმართველობითი ფორმა მანამდეა სანდო, ვიდრე მის საფუძვლებს ღვთის რწმენა ამყარებს. ხოლო დემოკრატიული მმართველობის ფორმა ნამდვილად არ არის ასეთი. ლიბერალები მიიჩნევდნენ, რომ მართავს არა ღმერთი, არამედ ადამიანი. (გაგრძელება...)

    

 

 

 

1ბროშ. „ჭეშმარიტების მცველნი". დ.ჯინჭარაძე. გვ.7.

2 С.Булгаков. Церковь и демократия. 1999.

3 К.П. Победоносцев. Великая ложов нашего времени. М. 2001. გვ. 150.

4 იქვე. გვ. 157.

5 Т. Гоббс. Сочинения. Т.2. გვ. 167.

6 Ж. Руссо. Избранные Сочинения. Т.1. გვ. 686.

7 ჟურნალი „უფლის ციხე". საქართველოს საპატრიარქო. გვ. 46. 2010წ.

8 სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა. გ. აროშვილი. წერილები.

9 იქვე. გვ. 158-160. N 4.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე  



უკან დაბრუნება