მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის მსოფლმხედველობა (დახასიათება)

პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის მსოფლმხედველობა (დახასიათება)


5-08-2020, 18:52

 

პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის მსოფლმხედველობა (დახასიათება) 

 

   პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის პიროვნებისა და ღვთისმეტყველების მიმართ ინტერესი ძალიან გაიზარდა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. შმემანის წიგნები დიდი ტირაჟით გამოიცემა, მისი ავტორიტეტი მატულობს. ეს გარემოებაც გვაიძულებს ვისაუბროთ ამ სასულიერო პირის მსოფლმხედველობაზე.

   არა ერთ მართლმადიდებელს, სასულიერო პირსა თუ ერისკაცს განუხილავს მისი მოსაზრებები. ყველაზე საფუძვლიანად ეს ღვთისმეტყველება მორალისტმა რომან ვერშილომ გაანალიზა.

   რუსული ემიგრაციის წარმომადგენელი, მოდერნისტი ღვთისმეტყველი ალექსანდრე შმემანი 1921 წ. ტალინში (ესტონეთი) დაიბადა. საშუალო განათლება ვერსალის რუსულ კადეტთა კორპუსში მიიღო (1930-1938 წ.წ). შემდეგ სწავლება ფრანგულ ლიცეუმ კარნოში, მოგვიანებით კი (1945 წლამდე) ეკუმენისტური სულისკვეთებით ცნობილ პარიზის წმიდა სერგის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში გააგრძელა. 1945 წ. მღვდლად ეკურთხა. 1964-1983 წლებში ამერიკის სამიტროპოლიტო საბჭოს წევრი იყო. 1970-იან წლებში იგი ცნობილ მოდერნისტ ღვთისმეტყველ, პროტოპრესვიტერ იოანე მეინდორფთან და მთავარეპისკოპოს იოანე შახოვსკისთან ერთად მონაწილეობდა ამერიკის ავტოკეფალური ეკლესიის დაარსებაში. 1953 წელს მან პარიზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია თემაზე „ლიტურგიკული ღვთისმეტყველების შესავალი". შმემანის სპეციალობა იყო ეკლესიის ისტორია. მას ხელმძღვანელობდა მოდერნისტი ღვთისმეტყველი ალექსანდრე კარტაშოვი. 1951 წელს შმემანი ნიუ-იორკის წმიდა ვლადიმერის სემინარიის დოცენტია ეკლესიის ისტორიის და ლიტურგიკის კათედრაზე. 1963-1979 წლებში იგი გახმაურებული ეკუმენისტური რუსული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი გახლდათ, 1961-1965 წლებში გამართულ ვატიკანის II კრებას ოფიციალური სტატუსით ესწრებოდა; ოცდაათი წლის მანძილზე მიჰყავდა რადიო „Свобода-ს" რელიგიური პროგრამა. გარდაიცვალა 1983 წელს.

   შმემანის მსოფლმხედველობის განხილვა რთულია იმიტომ, რომ ავტორი ძალიან ოსტატურად ახერხებს მართლმადიდებლური ტერმინოლოგიით თავისი იდეოლოგიის შენიღბვას; თუმცა, არც თუ ისე იშვიათად, მის ნაშრომებში შეინიშნება სოფისტური, გნოსტიკური, პაპისტური თუ პროტესტანტული ტერმინები და მიდგომა.

   შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ: მისი ნაშრომების საფუძვლიანი ანალიზი ცხადყოფს, რომ შმემანის მსოფლმხედველობა გაჯერებულია მრავალი ერეტიკული სწავლებით, კანონიკური დარღვევებით, წმიდა გადმოცემის, წმინდანების, მართლმადიდებელი ეკლესიის, მარხვის, ხატების შეურაცხყოფით. ამაში იოლად დარწმუნდება მისი სწავლების ყურადღებით წამკითხველი.

   XX საუკუნის ერთ-ერთმა ცნობილმა მართლმადიდებელმა მოდერნისტმა საკუთარ თავს გრანდიოზული შეუსრულებელი ამოცანა დაავალა - მართლმადიდებლობის ცოცხალი და მთლიანი „გადმოცემის" მოპოვება. ამით მისი ძიებები აშკარად დაუპირისპირდა დოგმატურ სწავლებას და მადლმოსილი, ასკეტური ცხოვრების ტრადიციას. შმემანი მრავალგზის შემცდარა რელიგიურ შეფასებებში და სხვაც წაუყვანია მცდარ გზაზე.

   მორალისტ რ. ვერშილოს სამართლიანი შეფასებით, პრ. შმემანის სწავლება, შეიძლება ითქვას, მართლმადიდებლობის პარალელურად არსებობს. ამ თვალსაზრისით ის არც შეიძლება განვიხილოთ მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებად. ნამდვილი სოფისტი და მტერი ჭეშმარიტებისა თავის ნაშრომებში ცრუ შეხედულებებისა და სწავლების მთელ კომპლექსს გვთავაზობს. მისი კერძო აზრები, ისტორიული და ლიტურგიკული კონცეფციები, ოკულტური ხედვები „სამყაროზე, როგორც საიდუმლოზე", ამქვეყნიური დროის მისტიკაზე და ა.შ. ყოველივე ეს არანაირად არ უკავშირდება არც ერთმანეთს და არც შმემანისავე ძირითად თეზას: მთლიანი და ცოცხალი გამოცდილება".¹

   რომელი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი აკნინებს თავის სარწმუნოებას? სამწუხაროდ, ამას აკეთებს თავის ნაშრომებში „ჩვენი" პროტოპრესვიტერი.

   შესაძლოა ზოგიერთ წმინდანს ჰქონდა გარკვეული გადაცდომა საღვთისმეტყველო საკითხებში, მაგრამ ის ეკლესიამ არც მიიღო თავის სწავლებად. ადამიანი ძნელად თუ წარმოადგენს დოგმატური სწავლებისა და წმ. გადმოცემის ისეთ შეფასებას, როგორსაც გვთავაზობს პრ. შმემანი.

   ერთ-ერთ წერილში ის წერს: „ვინაიდან ეს სამყარო გარდაუვალად, მეტიც, რადიკალურად იცვლება, ამ კრიზისის პირველ სიმპტომად უნდა ვაღიაროთ ის ღრმა შიზოფრენია, რომელიც ნელ-ნელა დამკვიდრდა მართლმადიდებლურ ფსიქიკაში: არარეალურ, არარსებულ სამყაროში ცხოვრება".²

   პრ. შმემანის წიგნები გვაოცებს მტრების მუდმივი ძიებით. მაგრამ ის მტრებად, როგორც წესი, მართლმადიდებლობასა და მართლმადიდებლებს მიიჩნევს. უნდა ვაღიაროთ: გარკვეულწილად პოზიტიურსაც ხედავს იგი ეკლესიურ ცხოვრებაში, მაგრამ... ეკლესიის წინააღმდეგ ყოველთვის გაცილებით უფრო ძლიერი დამაჯერებლობით საუბრობს და ძალიან ცოტას და უსუსურად ლაპარაკობს მის დასაცავად.

   შეიძლება გაგიკვირდეთ (ჩვენ გვიკვირს) პრ. შმემანის სიძულვილი მართლმადიდებლობისა, გადმოცემისა, განსაკუთრებით ტიპიკონისა და ზოგად მართლმადიდებელი ადამიანების მიმართ ის არც მალავდა ხოლმე უარყოფით დამოკიდებულებას დედაეკლესიისადმი, რომლის წევრი, სამწუხაროდ, თავადაც გახლდათ. „დღიურებში" პრ. შმემანი წერს: „მე არ მიყვარს, არ შემიძლია მიყვარდეს მართლმადიდებელი ეკლესია..."³ აი, სხვა ამონარიდიც დღიურებიდან: „სიცრუე, სიყალბე, იაფფასიანი თვითკმაყოფილი, პირქუში, სენტიმენტალური „რუსული მართლმადიდებლობა"... ოჰ, როგორ დავიღალე ყოველი ამგვარი „Православизм" - ისაგან". შეიძლება მავანმა იფიქროს, რომ პრ. შმემანი რუსულ ნაციონალიზმთან გაიგივებულ მართლმადიდებლობას გულისხმობსო, მაგრამ არა: იხილეთ ზემოთქმულის გაგრძელება: „ამ ბიზანტიით, რუსეთით, სულიერებით, ეკლესიით, ეკლესიურობით, კეთილსინდისიერებით... მე სულ უფრო ძლიერ არ მიყვარს ბიზანტია, ძველი რუსეთი, ათონი, ანუ ყველაფერი ის, რაც ყველასათვის არის სინონიმი მართლმადიდებლობისა"... შემდეგ: „სურვილი მაქვს როგორმე გავექცე ამ მართლმადიდებლობას, უაზრო ცერემონიებს".

   პრ. შმემანის ნაშრომები ტელეარხ „Союз - ის" ეთერში მიმოიხილა მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორმა, თავადაც მოდერნისტული მიმართულების ღვთისმეტყველმა, ალექსანდრე ოსიპოვმა (ეკატერინბურგის ეპარქიის ოფიციალური გამოცემა „Православная газета"). მან ასეთი რამ თქვა: „შმემანი, შეიძლება ითქვას, ძალიან ნიჭიერია, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან შორსაა სულიერი ცხოვრების გაგებისაგან, იგი თავის დღიურებში პირდაპირ წერს: „მე არ შემიძლია ამ ბრიანჩანინოვების და თეოფანე დაყუდებულის მიღება გათავისება".5

   პრ. შმემანის შრომები უფრო ღრმად გაანალიზა ცნობილმა უკრაინელმა პუბლიცისტმა იგორ დრუზმა. მისი აზრით, პროტოპრესვიტერი შმემანის ბუნდოვანი და ორაზროვანი წიგნები არ შეესატყვისება სახარებისეულ სიტყვას, სულისკვეთებას და წმიდა მამათა ნაშრომებს, სადაც ყველგან ზუსტად და ცხადად არის განსაზღვრული ცოდვა, მკაფიოდ არის გამიჯნული ნათელი ბნელისაგან, ცოდვა-მადლისაგან და სადაც საუბარია ჯოჯოხეთსა და მისაგებელზე. შმემანის წიგნებში ეს სცენები და სიტყვები უკუგდებულია დუმილით".6

   ალექსანდრე შმემანი, ფაქტობრივად, ლამობდა შეეცვალა ჭეშმარიტების გაგება. საამისოდ ურთიერთგამომრიცხავ ალოგიკურ თეზისებს მოიხმობდა ხოლმე და გმობდა მარხვასა და ლოცვას, წმინდანებს, მოღვაწეებსა და აღმსარებლებს. მღვდელი ალექსანდრეს წიგნები, განსაკუთრებით კი მისი „დღიურები" მხოლოდ იმიტომ კი არ არის საფრთხე, რომ აშკარად ცილს სწამებს ეკლესიას, რომ ეკლესიაში დამანგრეველი რეფორმების გატარება სურს, არამედ იმიტომ რომ, იგი ცდილობს ჭეშმარიტების, როგორც ასეთის, უარყოფას. მას სურს ოსტატურად არიოს, ერთმანეთში სიცრუე და სიმართლე. მისი ყველა წიგნი არის სიკეთისა და ბოროტების მტკიცე კრიტერიუმების წინააღმდეგ ბრძოლა. საფანელი პრ. შმემანის ყველა ანტიეკლესიური გამონათქვამისა გახლავთ ორჭოფეულ - საჭოჭმანო სიტყვები: „შესაძლოა", „ალბათ", „ეტყობა", „როგორც ჩანს"...

 

 

 


¹Р. Вершило. Мировозрение Протоцерея Александра Шмемана. М. 2014. Антимодернизм. ru.

²ციტ. «Благодатыый Огон». N19. 13. 2013. И. Друз. Идеология. Пр. А. Шмемана.

 

³Дневники. Пр. А. Шмеман. გვ. 248.

იქვე გვ. 237.

5ციტ. Благодатный Огонь. 11. 18. 10.

6იქვე გვ. 12.


 

 

 

 

რომან ვერშილო 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება