მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 18 მაისი (ახ. სტ.) - ხსენება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისა „ბარძიმი შეუსმელი“

18 მაისი (ახ. სტ.) - ხსენება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისა „ბარძიმი შეუსმელი“


17-05-2021, 16:55

18 მაისი (ახ. სტ.) - ხსენება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისა „ბარძიმი შეუსმელი“

 

   „ბარძიმი შეუსმელად" წოდებული ხატის გამოცხადება 1878 წ. მოხდა. ტულის გუბერნიის ეფრემოვოს მაზრის ერთ-ერთი გლეხი, გადამდგარი ჯარისკაცი, მემთვრალეობის ვნებას ჰყავდა დაპყრობილი. მან მთელი თავისი სარჩო-საბადებელი ლოთობაში გაანიავა და მალე სრულიად გაღატაკდა. უზომო სმისაგან მას ფეხები სავსებით წაერთვა, მაგრამ მაინც განაგრძობდა სმას. ერთხელ მას სიზმრეულ ჩვენებაში ბერი ეჩვენა და უბრძანა ქალაქ სერპუხოვოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტერში ჩასულიყო, სადაც ღვთის დედის ხატი „ბარძიმი შეუსმელი" ბრძანდებოდა და მის წინაშე სავედრებელი პარაკლისი გადაეხადა.

   მონასტერში მისულმა იქაურებს მოუთხრო თავის სიზმრეულ ჩვენებაზე და პარაკლისის გადახდა სთხოვა. მაგრამ მონასტერში არავინ უწყოდა ღვთისმშობლის ამგვარი ხატის შესახებ. მაშინ იფიქრეს, სადიაკვნის შესასვლელში რომ ხატი ჰკიდია, ის ხომ არ არისო? მართლაც ხატის უკანა მხარეს ნახეს წარწერა: „ბარძიმი შეუსმელი". მღვდელმთავარ ალექსის მოწაფეში – ღირს ვარლაამში – დასნებოვნებულმა გლეხმა მაშინვე შეიცნო სიზმრად ნანახი ბერი. სერპუხოვოდან შინ გლეხი სავსებით გამოჯანმრთელებული დაბრუნდა.

   ღვთის დედის ხატის საკვირველი განდიდების ამბავი მალე მთელს რუსეთს მოედო. მემთვრალეობის სენით შეპყრობილნი, მათი ახლობლები და ნათესავები იჩქაროდნენ ლოცვები აღევლინათ სნეულებისაგან განკურნებისათვის ღვთისმშობლის ხატის წინაშე, ბევრი კი იმისთვის მოილტვოდა მის წინაშე, რათა სამადლობელი შეეწირა დედუფლისათვის მისი უდიდესი წყალობის გამო.

   რას გამოხატავს ეს ხატი? იკონოგრაფიული თვალსაზრისით იგი ღვთის დედის ერთ-ერთი უძველესი გამოსახულების „ორნატას" ტიპს მიეკუთვნება, ოღონდ ეგაა, რომ ღვთიური ყრმა ბარძიმში ფეხზე მდგომია გამოხატული. ბარძიმი მაკურთხეველი ღვთიური ყრმით – ესაა ბარძიმი ზიარებისა, რომელიც სარწმუნოებით მისდამი მოლტოლვილებს ყველა იმ კურთხევას ანიჭებს, რომელიც უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს გამომსხნელმა ღვაწლმა მიჰმადლა კაცთა ცოდვილ მოდგმას. ბარძიმი ესე მართლაც შეუსმელია, ანუ დაულევნელი, რამეთუ ტარიგი მისი „მარადის იჭამების და არა დაილევის". ხოლო დედა ღვთისა, ზეაპყრობილი ყოვლდაწმიდა ხელებით, ვითარცა ძალმოსილი მღვდელმთავარი, შუამავლობით აღუვლენს ღმერთს ზეცისა საკურთხეველში, ხსნისათვის ყოვლისა სოფლისა, ამ მსხვერპლს – თავის დაკლულ ძეს, რომელმაც მისთა სისხლთაგან მიიღო სისხლი და ხორცი, და სთავაზობს ჭამად მართალთა. იგი ყოველი ცოდვილისათვის ლოცულობს, ყველას ცხონება სურს, მდაბალი დამღუპველი მიდრეკილებების ნაცვლად იგი სულიერი სიხარულისა და ნუგეშის ამოუწურავი წყაროსაკენ მოუწოდებს. იგი ამცნობს, რომ სულიერი შეწევნისა და მოწყალების შეუსმელი ბარძიმი თითოეული მათგანისთვისაა განმზადებული, ვისაც კი ეს სურს.

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება