მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მოძღვრის კულტი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

მოძღვრის კულტი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


12-04-2019, 00:02

 

   მოდერნისტული შეხედულების გარდა, ეკლესიის წიაღში ერთი სულიერი მანკიერებაც შეინიშნება - მოძღვრის კულტი. ესაა მოვლენა, როდესაც მრევლის ცხოვრება მხოლოდ გარკვეული პიროვნების ავტორიტეტზე ეწყობა ხოლმე და არა ეკლესიის წმიდა სწავლებაზე. შედეგად ყალიბდება თავისებური პიროვნული კულტი. ამ დროს ნებისმიერ საკითხზე მოძღვრის ყოველი სიტყვა ღვთის ნებად აღიქმება.

   ხშირად პიროვნული კულტი ზემოდან კი არ იწყება, მრევლიდან ვითარდება. წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ამ საკითხზე წერდა: „ერიდეთ მოძღვრის გაღმერთებისაკენ ლტოლვას. მრავალი არ მოერიდა და თავის მოძღვართან ერთად მახეში აღმოჩნდა. რჩევა და მორჩილება წმიდა და სათნოა ღვთისათვის მხოლოდ მანამ, სანამ არ შეირყვნება ბრმა მიჯაჭვულობის ვნებით. ვნებისმიერი მისწრაფება საყვარელ ადამიანს კერპად გადააქცევს. ამ კერპისადმი შეწირულ მსხვერპლს მრისხანებით განეშორება ღმერთი. უნაყოფოდ გადის ცხოვრება, იკარგება კეთილი საქმეებიც, როგორც ძლიერი ქარის მიერ გაფანტული საკმეველი. ნუ ექნება თქვენს გულში ადგილი კერპებს და შენ, მოძღვარო, დაიცავი თავი ცოდვისმიერი ურთიერთობისაგან!

   ნუ ჩაანაცვლებ ღმერთის ადგილს შენი პიროვნებით. მიჰყევი წმიდა წინამორბედის მაგალითს: ერთადერთი ეძიე ის, რომ განდიდდეს მორწმუნეთა თვალში ქრისტე. როდესაც ის განდიდდება - შენ დამდაბლდები! როდესაც დაინახავ საკუთარ დამდაბლებას ქრისტეს განდიდებით, აღივსე სიხარულით. ასეთი მოქმედებით საოცარი სიმშვიდე დაივანებს შენს გულში. საკუთარ თავში დაინახავ ქრისტეს სიტყვების აღსრულებას: „რომელმან დაიმდაბლოს თავის თვისი, იგი ამაღლდეს." ნეტარ არიან ისინი, რომელნიც თავდაუზოგავად მიჰყვებიან სახარების ჭეშმარიტ სწავლებას, რომელნიც განეშორნენ სხეულის ბიწიერ სიამოვნებას და სულის ვნებისმიერ მიდრეკილებას! დაცემული სხეულის მისწრაფება ცოდვისმიერია, ასეთივეა დაცემული სულის მისწრაფებაც. ის ყველგან ეძებს თავისი „მე"-ს გატარებას, რომ გახდეს რაღაც განყენებული, დამოუკიდებელი, პირველადი საშუალება, რომლისთვისაც უნდა არსებობდნენ ყველა დანარჩენნი.

   სახარება მოითხოვს, რომ ასეთი ცხოვრება უკუგდებულ იქნას, რომ ადამიანმა აღიაროს ღმერთი ღმერთად, ხოლო თვითონ იპოვოს თავისი ადგილი ქმნილებებს შორის. სინამდვილეში არარსებულ, უაზრო, მეოცნებე ცხოვრების უკუგდებით, ღმერთში ცხოვრების განცდებით, შეიძლება გაჩნდეს ჭეშმარიტი ცხოვრება".1

   მოძღვრის კულტის ფარულ ვნებაზე თანამედროვე ღვთისმეტყველები წერენ. 

   არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) ასეთ მოძღვარს „გურუს" უწოდებს.

   „თემში გამეფებულია სულიერი მოძღვრის - „გურუს" ურყევი ავტორიტეტი. იგი მოგვევლინება შეუზღუდავი ძალაუფლების მქონე უცდომელი ბელადის როლში. მოითხოვს მიართვან ის, რაც ეკუთვნის მხოლოდ ღმერთს. კერძოდ: ადამიანის სინდისი და ზნეობრივი გრძნობა. თემის წევრები გამუდმებით განიცდიან თავიანთი მასწავლებლისა და მისი გარემოცვისადმი დამოკიდებულებას.

   „გურუს" ნებისმიერი კრიტიკა ან უნდობლობა, თემში აღიქმება, ვით უდიდესი ცოდვა, რომელიც კი შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს. თემის ის წევრები, რომლებმაც მოახერხეს ამ სულიერი საპყრობილის არეალიდან თავდაღწევა, დიდხანს არიან დანარჩენთაგან გამოხატული შურისძიების ობიექტები.

   „გურუ" ჰყვება ზრაპრებს ყველა არსებაზე, კოსმიურ სიყვარულზე და გაგრძნობინებს, რომ არანაკლებ მოწყალეა, ვიდრე ქრისტე. თუმცა, მიუხედავად ამისა, ადამიანებს ეშინიათ წავიდნენ მისგან, თემის სხვა წევრების ნეგატიური მოქმედების შესაძლო განცხადებისაც ერიდებათ. ეს იწვევს „დაუმორჩილებელი" წევრებისადმი საშინელ ზიზღს და აქ აშკარავდება მისი („გურუს") „სიყვარული" - ინტრიგები, ცილისწამება, რომელიც არამარტო კვალდაკვალ უნდა მიჰყვეს „გაქცეულს", არამედ უნდა დააფრთხოს თემის სხვა წევრებიც... 

   „გურუ" ცდილობს თავისი მოწაფეების თვალში უცოდველი წარმოჩნდეს. თუ რომის პაპი კათოლიკებისთვის უცდომელია რწმენისა და ზნეობის საკითხში, „გურუ" უცოდველია ყველაფერში! ძველად პითაგორელების ოკულტურ კავშირში, ყველა კამათი სრულდებოდა მტკიცებულებით: „მან (ანუ პითაგორამ) თქვა". ასევე „გურუს" სიტყვები მოწაფეთათვის ცხადზე მეტი უნდა იყოს".2

   შესაძლოა მოძღვარს მართლა სურს ჭეშმარიტად შეიყვაროს მოყვასი ქრისტეში, მაგრამ თავისუფლად დასაშვებია, ფარული ვნებები ამოძრავებდეს მასში და დაინახოს, რომ ჩვენ გვიყვარს არა ის, არამედ ჩვენი თავი მოძღვარში. არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) ამის შესახებ წერდა: „ყოველივე ეს დაფარული, ხელოვნურად მიმალულია სათნოებების ნიღბის ქვეშ; უბრალოდ მოძღვარს უჩნდება სურვილი, „იმუშაოს" ამ „საინტერესო" ადამიანზე, „ვფიქრობ, ის კარგ ნაყოფს გამოიღებს", „როგორც ჩანს, მას შეიძლება ბევრი რამ ასწავლო", „არ შეიძლება არ დავეხმარო", „თვით ღმერთი ელოდება, როდის შევეწევი მას"... მაგრამ ეს ჯერ არ ამჟღავნებს ფარულ მდგომარეობას. მხოლოდ შინაგანი ხმა ეუბნება: „აქ რაღაც არასწორია", მაგრამ სხვა ხმები ცდილობენ ჩაახშონ სინდისის ხმა...

   სულიერი მოძღვარი გამოირჩევა მზრუნველობით, ის უკიდურესი თავდადებისთვისაა შემართული, მზადაა „უიარაღოდ შეეჭიდოს მგელს თავისი საბრალო ბატკნისათვის".

   ასე რომ - ერთი არაჯანსაღი შემართება შერწყმული და შემალულია მეორეში და უკვე რთული გასარკვევი ხდება, თუ რა იყო მანამდე და რა შემდეგ. რა რისგან წარმოიშვება და ვინ რისგან დასნეულდა. „მოქანდაკე" კიდევ უფრო შეიჭრა როლებში, მაგრამ უკვე ხედავს, რომ „ქანდაკება", რომელსაც ის ასე გულმოდგინედ ძერწავდა, მას მხოლოდ თავისთვის, საკუთარი შეხედულების დასაკმაყოფილებლად სურს. საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ „თიხას" აღარ სურს ასე იოლად დაექვემდებაროს, მიიღოს სწორედ ის ფორმა, რომელსაც აძლევენ მას. ის უკვე ეწინააღმდეგება, უკვე გრძნობს, რომ „ტანჯავენ". მას ურჩევნია იყოს ველური და მარტოხელა, ვიდრე მოერგოს უცხო ფორმას და დაემონოს მას. „მოქანდაკე" გაოგნებულია, ის ძლიერი შემართებით ადებს ახალ „მალამოს", ან „დაუმორჩილებლობისათვის" ადებს ეპიტიმიას.

   იწყება ბრძოლა, მაგრამ არა „სულიერი". რაღაც ძალა ანგრევს ყოველივეს, რაც ასეთი ძალისხმევითა და მოშურნეობით იძერწებოდა და შენდებოდა. ვინ არის ეს? რა უხილავი ძალა მოქმედებს ასე ძლიერად? მოძღვარი ფიქრობს, რომ ეს „ვნებებია". რომ ეს ის ნამატია, რომელიც უნდა მოაცილოს მას და საბოლოოდ მისი მორჩილი გახდება.

   აქ იწყება ბრძოლა თვით ღმერთთან - ხდება მისაკუთრება იმისა, ვინც ეკუთვნის მხოლოდ უზენაესს! არა, სასწრაფოდ უნდა მისცეს ეს ადამიანი ღმერთს, ჭეშმარიტ მამას, მას, ვისაც წმინდად უყვარს იგი".3

   ამრიგად: იმის ნაცვლად, რომ მოძღვარმა დაიმდაბლოს თავი და იოანე ნათლისმცემელისაებრ თქვას: „მისა ჯერ-არს აღორძნებად, ხოლო ჩემდა მოკლებად". (იოან. 3.28), იგი საკუთარ თავს აღმერთებს, ღვთის კუთვნილ პატივს და დიდებას თავისად აცხადებს; ისაკუთრებს იმას, ვინც ეკუთვნის მხოლოდ ღმერთს. ცხადია, აქ უკვე იწყება ბრძოლა ღმერთთან, რისი წარმოჩენაც დავისახეთ მიზნად.




 

1"მოძღვართა საცდურები" 2006 წ. დ.ჯინჭარაძე. გვ. 11-12.

2Арх. Рафаил (карелин). „О вечном и Преходящем" М. 2007. გვ. 382.

 

3არქ. ლაზარე (აბაშიძე) „Келеиные записи".


 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 


უკან დაბრუნება