მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, მართმადიდებელი ეკლესია, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, ეკუმენიზმი, პაპიზმი, უნია, მთავარი გვედის ფოტო > ევქარისტიული ღვთისმეტყველება და პირველობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ევქარისტიული ღვთისმეტყველება და პირველობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


3-03-2020, 22:56

ევქარისტიული ღვთისმეტყველება და პირველობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   პერგამელი მიტროპოლიტი ი. ზიზიულასი ეკლესიური საკითხების გადაწყვეტისას ამოსავალ წერტილად ევქარისტიული კავშირის არსებობა-არარსებობას მიიჩნევს. მისი აზრით, სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან ევქარისტიული კავშირის არარსებობის გამო მართლმადიდებლები ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ მათთან არ მოქმედებს საიდუმლოებები.1 ამ მოსაზრების გასამყარებლად საღვთო ლიტურგიის არსის დამახინჯებასაც კი არ ერიდება თვით ი. ზიზიულასი. მას სურს ევქარისტიაში ქრისტეს ადგილი ეპისკოპოსს მიანიჭოს. თავის ნაშრომში „ეპისკოპოსი, ვით წინამძღოლი საღმრთო ევქარისტიისა" (Епископ, как предстоятель Божейственной Евхаристии), ის უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ევქარისტია არის საღვთო ძღვენი ღვთისა.

   მართლმადიდებლური საღვთისმსახურო პრაქტიკის თანახმად, შემწირველიც და შეწირულიც თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტეა. ის არის წინამძღოლიც და აღმასრულებელიც, უმთავრესი და ცენტრალური ფიგურა ქრისტეს უსისხლო მსხვერპლის შეწირვის ჟამს. ამას ადასტურებს მღვდლის საიდუმლო საკითხავები ლიტურგიაზე. მაგრამ სულ სხვაგვარად ფიქრობს პერგამელი მიტროპოლიტი. ის წერს: „ეპისკოპოსის უზენაესი საქმე გახლავთ წინამძღოლობა საღვთო ლიტურგიაზე. სწორედ აქედან იღებს სათავეს ეპისკოპოსის არა მხოლოდ მაკურთხეველი, არამედ მოძღვრულიც და ე.წ. ადმინისტრაციული უფლებამოსილებაც... ეპისკოპოსი თავისი არსით ქრისტეს ხატებაა. ჩვენ არ მოვიაზრებთ ამ ხატის გარეშე და პირდაპირ ვერ მივმართავთ პირველსახეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენს ლოცვებში პირისპირ ვერ შევძლებთ მივმართოთ ქრისტეს, ჩვენ შორის უნდა არსებობდეს მისი ხატება, შუამავალი, რომელიც გახლავთ ეპისკოპოსი".2

   რა უნდა დავასკვნათ ი. ზიზიულასის მსოფლმხედველობის თანახმად? გამოდის, რომ საღვთო ლიტურგია ეკლესიის ცხოვრებაში არა ქრისტოცენტრული, არამედ ეპისკოპოცენტრული მოვლენა გახლავთ.

   გადავხედოთ საღვთო ლიტურგიის სამღვდელო ლოცვების შინაარსს. ვის მიმართავს მღვდელი ლოცვით - ეპისკოპოსს თუ იესო ქრისტეს:

   „უფალო ღმერთო ჩვენო, რომლისა სიმტკიცე განუზომელ არს და დიდება მიუწვდომელ... შენ, მეუფეო, მოწყალებისაებრ შენისა, მოიხილე ჩვენ ზედა და წმიდასა ამას სახლსა ზედა..."

   „მეუფეო უფალო ღმერთო ჩუენო... ყავ შესვლასა ჩუენსა თანა წმიდათა ანგელოზთა შესვლა, თანამწირველად ჩუენდა, და თანადიდებისმეტყველებად შენისა სახიერებისა".

   „... შენ მეუფეო შეიწირე პირთაგანცა ჩვენ ცოდვილთასა სამწმიდა გალობა..."

   „... ჯერ-იჩინე შეწირვად შენდა ჩემ ცოდვილისა და უღირსისა მონისა შენისა მიერ მსხვერპლი ესე, რამეთუ შენ ხარ შემწირველი და შეწირული და შემწყნარებელი და მიმცემელი, ქრისტე ღმერთო ჩვენო..."

   „უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო მამათა ჩვენთაო, რომელი შეიწირავ მსხვერპლსა ქებისასა მათგან, რომელნი გხადიან შენ ყოვლითა გულითა, მიითვალე ჩვენიცა, ცოდვილთა, ვედრებაÁ და შეიწირე წმინდასა შენსა საკურთხეველსა..."

   „მერმეცა შევსწირავთ შენდა სიტყვიერსა ამას და უსისხლოსა მსხვერპლსა..."3

   როგორც ვხედავთ, სამღვდელო კონდაკში არსად მოიპოვება, არსად იკითხება ის შინაარსი, თითქოს ეპისკოპოსს, ვით „ხატს", „შუამავალს" ისე მივმართავდეთ ევქარისტიის დროს, არამედ მივმართავთ მხოლოდ ქრისტეს. საღვთო ლიტურგია არის ქრისტოცენტრული და არავითარ შემთხვევაში ეპისკოპოცენტრული: უმთავრესი როლი ეკუთვნის ქრისტეს, როგორც ძღვნის მიმღებს და როგორც თავად ძღვენს. ლიტურგიაში ეპისკოპოსის როლი მეორეხარისხოვანია - არსად ჩანს რაიმე ქარიზმატული ან ლიტურგიკული უპირატესობა მისი. ეპისკოპოსი იძლევა ლოცვა-კურთხევას, ვით მღვდელმთავარი მის დაქვემდებარებაში მყოფთათვის თავისი კონკრეტული ეპარქიის ადმინისტრაციულ ჩარჩოებში. სწორედ ამ შინაარსით ხდება მისი (ეპისკოპოსის) მოხსენიება ლიტურგიაზე.

   იქვე გვესმის ი. ზიზიულასის გაუგონარი მოსაზრება, რომ ეპისკოპოსის გარეშე ქრისტიანი პირისპირ, თვითონ ვერ განახორციელებს ლოცვით ურთიერთობას ღმერთთან.

   ერთი სიტყვით, ევქარისტიიდან და ყოველდღიური ცხოვრებიდან გეგმაზომიერად ხდება უფლის თაყვანისცემის, ვით „შეწირულისა და შემწირველის" ამოღება. მის ადგილს იკავებს წინამძღოლის (ეპისკოპოსის) ფიგურა, რომლის უკან ოსტატურად იმალება პაპის პერსონა.

   ბერძენი ღვთისმეტყველი ს. პანაიოტისის ნაშრომში მნიშვნელოვან ინფორმაციას ვაწყდებით. კონფესიათაშორისი დიალოგის ფარგლებში (მე-9 კონგრესი. ათენი 2005 წ.) მართლმადიდებლებსა და პაპისტებს შორის სწორედ ასეთი მინიშნებაა: „ევქარისტიული ეკლესიოლოგია უკვე მზადაა შეუდგეს ორი ეკლესიის დაახლოების ძირითადი საფუძვლების განხილვას ეკუმენისტური დიალოგის ფარგლებში, ვინაიდან საღვთო ლიტურგიაზე ეპისკოპოსის პირველობის როლის გააზრება ადგილობრივი ეკლესიების კონტექსტში მნიშვნელოვან როლს ასრულებს".4

   ეკუმენისტები ძალ-ღონეს არ იშურებენ მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობიერებაში პაპის როლის დასამკვიდრებლად. ამ ნიშნით მიტროპოლიტი ი. ზიზიულასი უთუოდ მედროშედ გვევლინება. მისი აზრით, „თვით წმინდა სამების პირებს შორისაც არსებობს იერარქი და ეკლესიაც, ვით წმინდა სამების ანარეკლი, როგორ იარსებებს იერარქიის გარეშე. მოციქულებს შორისაც არის პეტრე, რომელიც უთუოდ გამოირჩევა დანარჩენებისაგან".5

   აი, ასე მკაფიოდ იკვეთება ი. ზიზიულასის ღვთისმეტყველებაში ერეტიკული შინაარსი: ის ამახინჯებს სამების დოგმატს, რაკი შემოაქვს იერარქიული პრინციპი სამების პირთა შორის, ხოლო შემდეგ საუბარი გადააქვს საკუთრივ იმაზე, ვისკენაც მიმართულია მთელი მისი ძალისხმევა - პეტრე მოციქულზე, რომლის მიღმა, ცხადია, რომის პონტიფიკი იმალება.

   ამრიგად, „ევქარისტიული ღვთისმეტყველების" მეშვეობით ეკუმენისტები მომაკვდინებელ დარტყმას აყენებენ ქრისტოლოგიურ თუ ტრიოდოლოგიურ სწავლებას მართლმადიდებელ ეკლესიაში. მათი ძირითადი მიზანია პაპის პირველობის აღიარება. სწორედ ამისთვის სჭირდებათ ავადხსენებული კონფესიათაშორისი „დიალოგი". ისინი ყველა საშუალებით ცდილობენ დაამკვიდრონ თეზა, რომ მსოფლიო პირველობა არსებობდა პირველ ათასწლეულში, რათა გვაიძულონ მივიღოთ პაპი გამართლმადიდებლური პირველობის ნიღბით. ი. ზიზიულასი ამას დაუფარავად აცხადებს: „ეკლესია საჭიროებს პაპის პირველობას".6

 

 

 

 

 

1კ. ჯინჭარაძე. „პარიზის სკოლის" კვალი თანამედროვე ღვთისმეტყველებაში. თბ. 2017. გვ. 84.

2И. Зизиулас. Епископ как предстоятель Божественной Евхаристии. ციტ. Саматис Панаитис. Евхаритстическое Богословие и Первенство. spb.ru.

3 სამღვდელო კონდაკი. საღმრთო ჟამისწირვა წმიდისა იოანე ოქროპირისა.

4С. Панаитис. Евхаритстическое Богословие и Первенство. spb.Apologet.ru.

5 იქვე. ს. პანაიოტისთან. С. Николаидис. „Субьект в церкви".

6 Н. Кориоракис. Равенский документ – Личина Богословского диалога.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 


უკან დაბრუნება