მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 13 მარტი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსისა იოანე კასიანე რომაელისა (+435)

13 მარტი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსისა იოანე კასიანე რომაელისა (+435)


12-03-2021, 16:11

 

   ღირსი იოანე კასიანე რომაელი წარჩინებულ და დიდებულ რომაელთა შვილი იყო. სიყმაწვილიდანვე სიბეჯითითა და ნათელი გონებით გამორჩეული ჭაბუკი ჯერ ასტრონომიასა და ფილოსოფიაში განისწავლა, შემდეგ კი სასულიერო მწერლობას ჩაუღრმავდა.

   დაახლოებით 388 წელს წმიდა მამამ ბეთლემის სავანეში მონაზვნობა შეიმოსა. ორი წლის შემდეგ იგი სულიერ ძმასთან, გერმანესთან ერთად თებაიდასა და სკიტის უდაბნოში სამოგზაუროდ გაეშურა, მოინახულა აქ მოსაგრე მამები და გაიღრმავა სულიერი გამოცდილება. 397 წელს იოანე და გერმანე დაბრუნდნენ ბეთლემში, შემდეგ კი იოანე ოქროპირის სწავლა-მოძღვრების მოსასმენად კონსტანტინოპოლში გაემგზავრნენ, სადაც იოანე დიაკვნად აკურთხეს. 405 წელს წმიდა მამა კონსტანტინეპოლის სამღვდელოების გადაწყვეტილებით სათავეში ჩაუდგა რომის პაპ ინოკენტი I-თან გაგზავნილ მისიას უსამართლოდ დევნილი მღვდელმთავრის დასაცავად.

   ღირს იოანეს მღვდლად სამშობლოში დაასხეს ხელი. მარსელში მან დაარსა მამათა და დედათა მონასტრები, რომლებიც აღმოსავლეთის სავანეთა წეს-განგებით ხელმძღვანელობდნენ. იგი ცდილობდა, თანამემამულეები მართლმადიდებლური აღმოსავლეთის მოღვაწეთა სულისკვეთებასთან მიეახლებინა. 431 წელს იოანე კასიანე, რომელმაც აღმოსავლელ და დასავლელ მამათა ნაშრომების შეჯერებით დაწერა თავისი უკანასკნელი თხზულება, მიმართული ნესტორის ერესის წინააღმდეგ. თავის ნაწერებში ღირსი კასიანე მოსაგრე მამების სულიერ გამოცდილებას ეყრდნობოდა. იგი წერდა: „მადლი ნაკლებად მოიპოვება მაღალფარდოვანი სიტყვებით ენაწყლიანი დისპუტებით, დიალექტიკური სილოგიზმებით და ციცერონის მჭერმეტყველებით".

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება