მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > წმინდა წერილი და წმინდა მამები სამების პირთა თანასწორობისა და თანადიდებულობის შესახებ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

წმინდა წერილი და წმინდა მამები სამების პირთა თანასწორობისა და თანადიდებულობის შესახებ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


6-02-2020, 16:18

წმინდა წერილი და წმინდა მამები სამების პირთა თანასწორობისა და თანადიდებულობის შესახებ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   მრავალი თანამედროვე ღვთისმეტყველის სერიოზული და სამართლიანი კრიტიკა მოჰყვა ი. ზიზიულასის სწავლებას იმის შესახებ, რომ „პირველობა არის წმინდა სამებაში და მისი ანალოგი არსებობს ეკლესიურ ცხოვრებაშიც ეპისკოპოსების სახით". ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, ვისაც ერთხელ მაინც წაუკითხავს საღვთისმეტყველო თუ საღვთისმსახურო თუნდაც ერთი წიგნი, იცის: წმინდა სამებას აქვს ერთი მოქმედება, ერთი დიდება, ერთი ნება, ერთი განგება, ერთი არსება. ამდენად, შეუძლებელია მამის პირველობაზე საუბარი ძესთან და სულიწმინდასთან მიმართებაში.

   რა მოხდება, თუ მამას ვარგუნებთ პირველობის პატივს იმ უფლებამოსილებით, რომ ის არის საწყისი ღვთაებრიობისა? ი. ზიზიულასი ხომ სწორედ ამაში „გვარწმუნებს" და წერს: „არსებობს გარკვეული წესრიგი სამებაში, ვინაიდან მამა ყოველთვის იმყოფება პირველ ადგილზე, მეორეზე - ძე, ხოლო მესამეზე სულიწმინდა".1 ამ ტექსტის მიხედვით ძე უნდა მივიჩნიოთ მეორეხარისხოვნად, საფეხურით მამაზე დაბლა მყოფად და ა.შ. ესაა წმინდა წყლის ერეტიკული სწავლება, რომელიც ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას ღვთაებრივ ჰიპოსტასთა თანაბარი პატივისა და დიდების შესახებ.

   მტკიცება იმისა, რომ მამაა უწინარესი, უპირველესი წმინდა სამებაში, არა მხოლოდ არ დასტურდება, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება წმინდა წერილისა და ეკლესიის წმინდა მამათა სწავლებას.

   თავის მსჯელობაში მიტროპოლიტი ი. ზიზიულასი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ წმინდა წერილში ყველგან დაცულია წმინდა სამების პირთა თანმიმდევრობა, მაგრამ დავაკვირდეთ და ვნახოთ ასეა მართლა?

   კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში ვკითხულობთ: „მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა, და ზიარება სულისა წმიდისაჲ თქუენ ყოველთა თანა. ამინ" (2 კორ. 13.13). პავლე მოციქულთან გვხვდება ციტატა, სადაც სულიწმინდა პირველ რიგში მოიხსენება: „ხოლო განყოფანი მადლთანი არიან, და იგივე სული არს. და განყოფანი მსახურებათანი არიან, და იგივე თავადი უფალი არს. და განყოფანი შეწევნათანი არიან, და იგივე თავადი ღმერთი არს, რომელი შეიქმს ყოველსა ყოველთა შორის" (1 კორ. 12. 4-6). პეტრე მოციქულთან ვკითხულობთ მუხლს, სადაც იესო ქრისტე რიგით მესამედ მოიხსენება: „წინასწარ ცნობითა ღმრთისა მამისაჲთა და სიწმიდითა სულისაჲთა დასამორჩილებლად და საპკურებლად სისხლისა იესუ ქრისტესი" (1 პეტრ. 1, 2). პავლე მოციქული ქრისტეს ყოველთვის წინ მოიხსენებს: „და იგი თავადი არს ყოველთა წინა, და ყოველივე მის მიერ დამტკიცნა. და იგი არს თავი გუამისა მის ეკლესიისა, პირმშოჲ მკუდრეთით, რაჲთა იყოს იგი თავადი ყოველსა შინა მთავარ" (კოლ. 17-18). ცხადია, მოციქულთა თავნი პეტრე და პავლე არ აკნინებენ მამა ღმერთის ჰიპოსტასს. ასე რომ, ი. ზიზიულასის მიერ მითითებული წყობა ერთმნიშვნელოვნად სულაც არ დასტურდება წმინდა წერილში.

   შეგვიძლია მივუთითოთ უამრავი ადგილი წმინდა წერილიდან, სადაც საუბარია წმინდა სამების პირთა ერთარსობას და თანადიდებულებაზე. (ინ. 5, 17; ინ. 5, 19; ინ. 5, 21; ინ. 10, 30; ინ. 17, 10; ინ. 14, 11; მათ. 28, 19; 2 კორ. 13, 13 და მრ. სხვა).

   რაც შეეხება წმინდა მამებს, ისინი სიფრთხილით ეკიდებოდნენ ღვთაებრივ ჰიპოსტასთა სახელების იერარქიულად რიგითობით წარმოჩენას. ვლადიმერ ლოსკი თავის „დოგმატურ ღვთისმეტყველებაში" წმინდა მამებზე დაყრდნობით წერს: „ღმერთი თანაბრად არის მონადაც და ტრიადაც, ამბობს წმ. მაქსიმე აღმსარებელი. ღმერთი ერთიან-სამებობრივია, და სამერთიანი, ორმაგი ტოლობით: სადაც 1=3 და 3=1. წმ. ბასილი დიდი თავის ნაშრომში სულიწმიდის შესახებ ჩერდება ამ „მეტამათემატიკურ" ადგილზე: „მართლაცდა ჩვენ არ ვითვლით შეკრების გზით, რომ ერთეულიდან მრავლობითამდე მივიდეთ, რამეთუ ჩვენ არ ვამბობთ 1,2,3 ან I,II,III„მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი, ჩემ გარდა არავინ არს ღმერთი (ესაია 44, 6), მაგრამ მეორე ღმერთის შესახებ აქამომდე არაფერი გვსმენია, იმიტომ, რომ როცა თაყვანს ვცემთ „ღმერთთა ღმერთს", ჩვენ ვაღიარებთ ჰიპოსტასთა განსხვავებას, ერთსაწყისიანობის შენარჩუნებით".2

   წმ. ათანასე ალექსანდრიელი ძე ღვთისას შესახებ ბრძანებს: „როგორც მამაა პირველი, ასევე ძეც პირველია".3 წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი უარყოფდა ყოველგვარ უპირატესობას სამების პირებს შორის: „მზად ვარ მამას ვუწოდო დიდი, რომლისგანაც თანასწორობაც, ისევე როგორც ყოფიერება აქვთ სამივეს თანაბარი".4 ღირსმა სვიმეონ ახალმა ღვთისმეტყველმა საგანგებო სიტყვა მიუძღვნა ამ საკითხს: „მამის პირველად სახელდება არ შეგვიძლია, რათა ერთიანი და განუყოფელი ღვთაება რიცხვთა თანმიმდევრობით სამ ღმერთად არ გავყოთ, ვინაიდან განუყოფელ და შეურევნელ სამებაზე შეუძლებელია გავიაზროთ და სახელვდვათ არც „პირველი", არც „მეორე", არც „მესამე", არც „დიდი", არც „მცირე". მამა არ არის პირველი, თუმც ის არის არშობილი „მიზეზი" ძისა, ვერც ძეს სახელვდებთ მეორედ, თუმც ის შობილია უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ვერც სულიწმიდას მესამედ, თუმც ის მამისაგან გამომავალია".5

   როგორც წმინდა წერილიდან და წმინდა მამათა გამონათქვამებიდან ჩანს, შეუძლებელია ერთ-ერთი ჰიპოსტასი, გნებავთ მამა, წარმოვიდგინოთ სხვაზე უპირატესად. შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ერთი მათგანი ისე, რომ დაუყოვნებლივ არ წარმოგვიდგნენ სხვა ორნიც. მამა არის მამა მხოლოდ ძესთან და სულიწმინდასთან თანაფარდობაში. ძის შობამდე და სულიწმინდის გამომავლობამდე ისინი „ერთდროულნი არიან", რამეთუ ერთი გულისხმობს მეორეს. (ვ. ლოსკი, „დოგმატური ღვთისმეტყველება").

   ასე რომ, უსაფუძვლოა და უძლურიც ი. ზიზიულასის შეგნებული საღვთისმეტყველო მანიპულაცია. მასში დამახინჯებულია წმინდა სამების დოგმატი, იგნორირებულია წმინდა წერილისა და წმინდა მამების მოწმობები. ყოველივე ეს კეთდება მხოლოდ ერთი მიზნით - როგორმე გაამართლონ მსოფლიო პატრიარქის „პაპობა" მართლმადიდებლობაში და შემდეგ გეგმაზომიერად ე.წ. კონფესიათაშორისი დიალოგებით მივიდნენ საბოლოო მიზნამდე. ვიცით მართლმადიდებლებმა, რაც არის ეს მიზანი - ერთიან უნივერსალურ ეკლესიაში გაერთიანება, რომელსაც ჯერ რომის პაპი უხელმძღვანელებს, ხოლო შემდეგში - ანტიქრისტე.

 

 

1Прот. В. Леонов. Отступление Константинопольского патриархата от Православия. Pravoslavie.ru. ციტ. И. (Зизиулас). Обшение и инаковость. Новые очерки личности и Церкви. М. 2012. С. 176.

2ვ. ლოსკი. დოგმატური ღვთისმეტყველება. თბ. 2007. გვ. 27.

3 Свт. Афанасий Александрийский. Слово третье против ариан.

4 Свт. Гр. Богослов. Слово 40 на святое Крешение. 43.

5 Св. Новый Богослов. Слово богословские и нравственные.

 

 

 

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


 


უკან დაბრუნება