მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, უნია, მთავარი გვედის ფოტო > საფრთხის შემცველი ვითარება - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
საფრთხის შემცველი ვითარება - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე5-02-2020, 15:44 |
ჩვენ მოკლედ მიმოვიხილეთ ე.წ. კონფესიათაშორისი დიალოგი. როგორც ხედავთ, დღეს ამ პროცესს ფართო გასაქანი მიეცა მართლმადიდებლურ სივრცეშიც. ერთი რამ მკაფიოდ ჩანს: წარმოებული „დიალოგი" სულაც არ არის მოწადინებული, დამყარდეს ჭეშმარიტი ერთობა ქრისტეს ეკლესიაში. ის წმინდა ადამიანური და ჰუმანური ხასიათის მოვლენაა, რომელიც აგებულია ყალბ ურთიერთობებზე, ყალბ სიყვარულზე. სიყალბის სათავე კი ქრისტიანულ კონფესიებს შორის არსებულ დოგმატურ განსხვავებათა უგულებელყოფა-ნიველირებაა. კონფესიათაშორის დიალოგს საფუძვლად უდევს ეკუმენისტური თეორია, რომლის თანახმადაც ყველა კონფესია (მათ შორის მართლმადიდებლობა) ნაწილობრივი მადლის მატარებელია. მეტიც კი გვაკადრეს: ის (მართლმადიდებლობა) თურმე „ნაკლულოვანია", ერთ-ერთი განშტოებაღაა. „სრულფასოვანი" რომ გახდეს, მან უნდა აღიაროს რომის პაპი და შეუერთდეს „მსოფლიო ეკლესიას", მერე რა თუკი ამით უხეშად ირღვევა მართლმადიდებლური მრწამსის სწავლება: „გვწამს ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია". ცხადია, „დიალოგი" მოცემული სახით კიდევ უფრო ართულებს ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიაში გაერთიანების შესაძლებლობას. მით უფრო მაშინ, როდესაც თავად „მართლმადიდებელ წარმომადგენლებს" სულაც არ ადარდებთ ეს მდგომარეობა. ჩვენს მოკრძალებულ მიმოხილვაში (მაქსიმალურად ვეცადეთ არ დაგვეტვირთა ის დოგმატური განსაზღვრებებით) ყურადღება გავამახვილეთ კონსტანტინოპოლის ეკლესიის ტიტულოვან წარმომადგენელზე მიტროპოლიტ ი. ზიზიულასზე, მის როლზე ამ „დიალოგში". სწორედ ი. ზიზიულასის საღვთისმეტყველო-ფილოსოფიურმა შეხედულებებმა მიაყენა უდიდესი ზიანი დედაეკლესიას. ჩვენ მხოლოდ მცირე ნაწილი წარმოვადგინეთ იმ ერეტიკული სწავლებებისა, რომლითაც მან თავი „გამოიჩინა" ეკუმენისტურ წრეებში, თუმც მოკლე ამონარიდებიდანაც მკაფიოდ ჩანს პერგამელი მიტროპოლიტის ნამდვილი სახე. მისი ერეტიკული სწავლებები ეკლესიოლოგიის, ქრისტოლოგიისა თუ ტრინიტოლოგიის სფეროში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მთელ მართლმადიდებელ სამყაროში. მრავალმა მართლმადიდებელმა ღვთისმეტყველმა მთელი მსოფლიოს გასაგონად დასდო მას უმძიმესი ბრალი საღვთისმეტყველო ერესში. ცნობილი ფრანგი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი ჟან-კლოდ ლარშემ დაწერა საგანგებო ნაშრომი, კრიტიკული განხილვა მიტროპოლიტი ი. ზიზიულასის პერსონალიზმისა. ავტორის აზრით, ზიზიულასის პერსონალიზმი, ერთი შეხედვით, დაფუძნებულია წმინდა მამათა სწავლებაზე, მაგრამ სინამდვილეში ეს ილუზიაა - მისი საღვთისმეტყველო თეორიები ეყრდნობა რუსულ (ბერდიაევისეულ), ებრაულ (ბუბერისეულ), ათეიზმის (ჰაიდეგერისეულ) და მრავალი სხვა არამართლმადიდებელ მოაზროვნეთა შეხედულებებს. შედეგად, მან მთელი რიგი მიმართულებით საფუძვლიანად დაამახინჯა მართლმადიდებლური სწავლება. კიდევ უფრო აღმაშფოთებელია, როდესაც ასეთი შეხედულებების „ფუძემდებელი" პიროვნება ნელ-ნელა ჩვენს ქვეყანაშიც იდგამს ფესვებს. დიდად სამწუხაროდ, მას ხოტბას ასხამენ, როგორც ბუმბერაზ ღვთისმეტყველს, აჯილდოვებენ საპატიო სიგელებით... (ფოთის „ახალი უნივერსიტეტი"). ვშიშობთ, რომ მისი „საღვთისმეტყველო" სწავლებების შემოჭრის საფრთხე არის საქართველოს სასულიერო სემინარია-აკადემიებში. ჩვენი ძალისხმევა სწორედ რეალური საფრთხის ხედვამ განაპირობა. თუკი მავანს ეს გაზვიადებად მიაჩნია, შევახსენებთ სერბეთის ეკლესიის სემინარია-აკადემიებში განვითარებულ პროცესებს, სადაც ღირსი იუსტინე პოპოვიჩის „დოგმატური ღვთისმეტყველება" სწორედ ი. ზიზიულასის „დოგმატიკით" ჩაანაცვლეს. ასე, რომ, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ერთ ნაწილში გაჩენილი „ნაპერწკალი" შესაძლოა დანარჩენ საღვთისმეტყველო სასწავლებლებსაც გადაედოს. დაე, ნუ ვიქნებით სირაქლემას პოზაში, ეს უკვე რეალური საფრთხეა.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
უკან დაბრუნება |