მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, უნია, მთავარი გვედის ფოტო > კეტი 2016 წელი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

კეტი 2016 წელი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


4-02-2020, 16:04

 

   2016 წ. ქ. კეტში (იტალია) საერთაშორისო საღვთისმეტყველო დიალოგის ფარგლებში მართლმადიდებლებმა და რომაულ-კათოლიკებმა ხელი მოაწერეს ოფიციალურ დოკუმენტს სახელწოდებით „კრებსითობა და პირველობა პირველ ათასწლეულში, ვით გზა ერთიანი ეკლესიის მსახურების საყოველთაო გააზრებისათვის". (Соборность и Первейство в первом тысячилетии: как путь к общему пониманию служению единству церкви).

   ამ დოკუმენტს ხელი მოაწერეს პაპის წარმომადგენლებმა და თითქმის ყველა ადგილობრივმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, გარდა ბულგარეთის საპატრიარქოსი. საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებმა საჭიროდ ცნეს ზოგიერთ პარაგრაფში შეეტანათ შენიშვნები, რომელიც, ცხადია, არ გაითვალისწინეს დანარჩენებმა.

   აღნიშნული დოკუმენტი არ ღალატობს, პირიქით განაგრძობს, ავითარებს რავენას (2007 წ.) „შეთანხმების" სულისკვეთებას, ვინაიდან ორივეში წამოჭრილია რომის პაპის პრიმატისა და მისი (პაპის) კრებსითობასთან დამოკიდებულების საკითხი.

   კეტის დოკუმენტი გადავსებულია ერეტიკული შეხედულებებით. მაგალითად: მეორე პარაგრაფში საუბარია „მრავალფეროვნების ერთიანობაზე" (единство в разнообразии) - ეს მკაფიოდ პროტესტანტული ხასიათის ერეტიკული სწავლებაა, და თავისი ფესვებით უკავშირდება „ეკუმენისტური მსოფლიო საბჭოს" (ე. მ. ს.) ყოვლისმომცველობის თეორიას, რომელშიც, არსებულ დოგმატურ განსხვავებათა მიუხედავად, ყველა რელიგიის წარმომადგენელთა ერთობაზეა საუბარი.

   უფრო შემაშფოთებელია მიტროპოლიტი ი. ზიზიულასის ახალი თეორია - „ეკლესია წმინდა სამების ხატი". თავის „ღვთისმეტყველებაში" პერგამელი მიტროპოლიტი ცდილობს კიდევ უფრო გაშალოს, გააღრმავოს პირველობა - პრიმატის საკითხი: „პირველობა თვით სამების ცხოვრებაშიც კია, რაკიღა მამა წმიდა სამების პირთა „მიზეზს" წარმოადგენს ვით საწყისი ყოველივე ღვთაებრივი ენერგიისა და მოქმედებისა... პირველობა ეკლესიაში წმინდა სამებისა და ქრისტეს შესახებ სწავლებიდან წარმოიშვა, პირველობას ღრმა საღვთისმეტყველო საფუძველი აქვს... ეს პირველობა წმინდა სამებისა და ქრისტეს შესახებ ღმრთისმეტყველებაშია ასახული და ცხადად ჩანს, როცა primus (ლათ. პირველი), ანუ ეპისკოპოსი ეკლესიაში მამა ღმერთის ადგილმონაცვლედ განიხილება".1

   მიტროპოლიტ ი. ზიზიულასის ეს არამართლმადიდებლური თეზა საფუძვლად დაედო კეტის კრების დოკუმენტს, ასევე აქტიურად იქნა გათვალისწინებულ-გამოყენებული კეტის კრების დოკუმენტში.

   „მართლმადიდებელი ეკუმენისტების" აზრით, ამ სწავლების არსი ასეთია: ეკლესია წმინდა სამების ხატია, წმინდა სამება კი სამი პირის კრებაა. ამ კრებაში პირველი მამაა და იგი უზრუნველყოფს წმინდა სამების კრების ერთიანობას. მაშასადამე, ეკლესიაც, როგორც წმინდა სამების ხატი, მუდმივმოქმედი კრებაა, რომელიც „საღვთისმეტყველო" მიზეზებით პირველ პირს (ცხადია, მსოფლიო მასშტაბისას) საჭიროებს.

   ეკუმენისტურ წრეებში ნელ-ნელა ყალიბდება თეორია, თითქოს მართლმადიდებლობაში არსებობს ერთგვარი პირველობა, პაპისტურის მსგავსი, ოღონდ იგი ეფუძნება არა კათოლიკებისეულ „პეტრეს დოგმატს", არამედ წმინდა სამების დოგმატს. ღვთისმეტყველების დოქტორი, დეკანოზი თეოროდე ზისისი ირონიით შენიშნავს: „ახალმა „ღვთისმეტყველებამ" გააოცა თვით პაპისტებიც კი, რომლებიც პაპის პირველობას პეტრე მოციქულის უპირატესობაზე აგებდნენ. ჩვენმა „მართლმადიდებელმა" პერგამელმა მიტროპოლიტმა იოანემ მსოფლიო პატრიარქის პირველობა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ასწია. თავის თეზას მან მკრეხელურად დაუდო ტრიოდოლოგიური საფუძვლები და სწავლება: როგორც წმინდა სამებაში არსებობს პირველი - მამა, ასევე ეკლესიაშიც უნდა იყოს პირველი. წმინდა სამებაში მამის მონარქია თურმე ამართლებს პირველის მონარქიას ეკლესიაშიც. ამიტომ „პირველი" მონარქი არ არის ვალდებული ანგარიში გაუწიოს სხვა ადგილობრივი ეკლესიის პატრიარქებს, სამღვდელოებას და ერთპიროვნულად წყვეტს ყველა არსებულ პრობლემას, თვით სხვა, ადგილობრივი ეკლესიების კანონიკურ ტერიტორიებზე შეჭრითაც კი".2

   მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელი თეოლოგები შეაშფოთა ი. ზიზიულასის სწავლებამ, ვინაიდან მკაცრი საღვთისმეტყველო შეფასებით ყოვლად მიუღებელია ქმნულ და უქმნელ ბუნებათ შორის მსგავსი ანალოგის, შესატყვისობის ძიება. აგრეთვე იქმნება უამრავი პრობლემა ეკლესიასთან წმინდა სამების პირთა ჰიპოსტასური თვისებების შედარებისას. შეუძლებელია ადამიანებს შორის ურთიერთობა გაიგივებულ იქნეს სამების პირთა ურთიერთმიმართებასთან.

   ეკლესიის ცნების დამახინჯება, ი. ზიზიულასივით წმინდა სამების ხატად მისი დასახვა უაღრესად დიდმნიშვნელოვანია ეკუმენისტებისთვის. ამით ისინი ცდილობენ მართლმადიდებლებს თავს მოგვახვიონ პირველობის პრიმატი თანასწორთა გარეშე. ამას ემატება პრუსელი მიტროპოლიტის ელპიდოფორეს სწავლებაც „მამის მონარქიის შესახებ": „ოდითგანვე და მარადჟამ მამას (ღმერთს) ვით პირველს აღიქვამდა ეკლესია... თუკი გვსურს საუბარი პრიმატის საწყისზე ეკლესიაში მსოფლიო დონეზე, ეს საწყისი არის კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი, რომელიც არის პირველი „თანაბრებს შორის", და როგორც მსოფლიო პატრიარქი არის „პირველი თანასწორთა გარეშე" (primus sine paribus)”.3

   კეტის თუ სხვა ეკუმენისტური დოკუმენტების ხელმოწერით ცხადად გამოიკვეთა ძლიერი სურვილი, რამენაირად (მწვალებლური სწავლებებით) თავს მოგვახვიონ ჯერ მსოფლიო პატრიარქის პრიმატი „პირველისა თანასწორთა გარეშე" და შემდგომ რომის პაპის, ვით ეკლესიის თავისა.

   ამდენად, ჩვენს წინაშე შემდეგი საკითხებია წამოჭრილი:

   1) ეკლესიას ქრისტოლოგიური საფუძვლები გააჩნია თუ ტრიოდოლოგიური?

   2) შეიძლება კი საუბარი სამებაში მამის „მონარქიაზე", უპირატესობაზე, პირველობაზე დანარჩენ ორ პირთან (ძე ღმერთი და სულიწმიდა) მიმართებაში?

   3) როგორია წმინდა წერილისა და წმინდა მამების სწავლება ამ თვალსაზრისით?

 

 

 

1ი. ზიზიულასი. „საყოველთაობა და პრიმატი". 2/2015. გვ. 29-30. ციტირება „ტკივილიანი ღაღადი - ათონელი მონაზვნების მიმართვა მართლმადიდებელ სამღვდელოებას და ჩვენს ძმებს, ერისკაცებს" (ნაწილი 2).

2Прот. Ф. Зисис. Обьединение еретиков (Папистов, Протестантов) с Церковью. Богословские диалоги. Apologet spb.ru.

3 ციტ. Арх. Павел. Димитракопулос: Экуменизм:новое развитие событий от Критского Собора"до сегодняшнего дня. Пире 2019. Apologet spb.ru.

 

 

 

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 


უკან დაბრუნება