მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > დედა ღვთისა არ შევიდა იმ სენაკში, სადაც ერეტიკული წიგნი ინახებოდა

დედა ღვთისა არ შევიდა იმ სენაკში, სადაც ერეტიკული წიგნი ინახებოდა


21-06-2020, 17:58

 

   ხუცესი კირიაკე, რომელიც იორდანის მახლობლად კალამონის ლავრაში მსახურობდა, გვიამბობდა: „ერთხელ, ძილში, ძოწეულის სამოსით შემოსილი ღვთისმოსავი ქალბატონი ვიხილე ორი მამაკაცის თანხლებით. ისინი ჩემი სენაკის წინ იდგნენ. დიდებით მოსილ ქალბატონში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შევიცანი, ხოლო მის თანმხლებლებში კი - იოანე ნათლისმცემელი და იოანე მახარებელი. გახარებული იმით, რომ მათი სტუმრობის ღირსი შევიქენი, ქვეყნიერების დედოფალს ფეხებში ჩავუვარდი და შევევედრე, რათა ჩემს სენაკში შემოსვლისა და უფალთან მისი ლოცვითი შეწევნის ღირსი გავეხადე, მაგრამ ზეციური დედოფალი არ მთანხმდებოდა. როდესაც ჩემი დაჟინებული და ცრემლიანი ლოცვა-მუდარა იხილა, წყალობა მოიღო და განმიცხადა: „სენაკში ჩემს მტერს აჩერებ და როგორ გსურს, რომ შიგნით შემოვიდე?" ამ სიტყვებით დედა ღვთისა გაუჩინარდა და ხილვაც დასრულდა. ძილისაგან გამოფხიზლებული მწუხარებამ შემიპყრო და ფიქრები არ მასვენებდა: განა ვინ შეიძლება იყოს ღვთისმშობლის მტერი ჩემს სენაკში? მე თავს დამნაშავედ არ ვთვლიდი, სხვას კი ჩემს სენაკში ვერავის ვხედავდი. დარდით მოცულმა კითხვით გადავწყვიტე ნაღველის გაქარვება. გადავხედე ჩემს წიგნებს და ერთ-ერთში აღმოვაჩინე ერეტიკოს ნესტორის სწავლებანი. ეს მწვალებელი მესამე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე იმისთვის გაასამართლეს, რომ ღვთისმშობელს ქრისტესმშობელი უწოდა და განაცხადა, რომ მისგან უბრალო ადამიანი იშვა და არა განხორციელებული ღმერთი. მაშინ კი გამინათდა გონება და მივხვდი, თუ ვინ იყო დედა ღვთისას მტერი ჩემს სენაკში. მყისვე წიგნი იმ ძმას წავუღე, რომელსაც ეკუთვნოდა, ვუამბე ხილვის შესახებ და მის თვალწინ ამოვხიე და დავწვი ფურცლები, რომლებიც მწვალებლის სწავლებას მოიცავდა. დაე, ნუღარასოდეს იქნება ჩემს სენაკში ზეციური დედოფლის მტერი!"

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება