მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ლავრის მგალობელმა, რომელიც ოცნებობდა ცნობილი მომღერალი გამხდარიყო, თავი გარყვნილებითა და ღვინით დაიღუპა

ლავრის მგალობელმა, რომელიც ოცნებობდა ცნობილი მომღერალი გამხდარიყო, თავი გარყვნილებითა და ღვინით დაიღუპა


20-06-2020, 15:30

ლავრის მგალობელმა, რომელიც ოცნებობდა ცნობილი მომღერალი გამხდარიყო, თავი გარყვნილებითა და ღვინით დაიღუპა

 

   „მახსოვს, - გვიამბობდა წმინდა სამების სერგის ლავრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კრონიდე, - ღირსი სერგის სავანეში ერთი მორჩილი ცხოვრობდა, ის გარეგნობით მეტად მშვენიერი ახალგაზრდა გახლდათ, სახელად ალექსანდრე. მას გასაოცრად ძლიერი და სასიამოვნო ხმა ჰქონდა. მისი სუფთა პირველი ტენორი მგალობელ ძმათა ხმებში მელოდიურობით გამოირჩეოდა და უნებურად უფლისაკენ მიმართავდა მლოცველთა გულებს. მორჩილმა მონასტერში სამი წელი იცხოვრა და ამ ხნის განმავლობაში თავისი გალობით ამშვენებდა მთელ მონასტერს. სამწუხაროდ, ალექსანდრეს ლავრაში მრჩეველები გამოუჩნდნენ, რომლებმაც ახალგაზრდას ცნობილი მომღერლობის სურვილი და თავისი ვოკალური მონაცემების სრულყოფისათვის კონსერვატორიაში სწავლა შთააგონეს. მორჩილმა ყურად იღო მათი რჩევა, წავიდა მონასტრიდან და დედაქალაქში კონსერვატორიაში ჩააბარა. მას შემდეგ განვლო ხუთმა თუ ექვსმა წელმა. ერთხელაც სამების ტაძრიდან გამოვედი და წმინდა კარიბჭემდე გასეირნება გადავწყვიტე. გზად ერთ უცნობ ადამიანს გადავეყარე, რომელსაც პირისახე ცხვირსახოცით ჰქონდა დაფარული. მან სახელით მომმართა და ჩახლეჩილი ხმით მოწყალება მთხოვა, როგორც ამ ლავრის ყოფილმა მგალობელმა. მაშინ მე დავინტერესდი და შევეკითხე: „ვინ ხარ და რა გქვია?" „მე ის ცნობილი მგალობელი ვარ, ტენორი ალექსანდრე, რომელიც მონასტერში ყველას გიყვარდათ და აფასებდით, - მიპასუხა უცნობმა, - თუმცა ვერ შევძელი ღვთისგან ბოძებული ნიჭის შენარჩუნება, ყური უკეთური ადამიანების რჩევას დავუგდე და უღირსი მეგობრების წრეში, გარყვნილებითა და ღვინით დავკარგე ხმაცა და თავიც. ამჟამად კი თავშესაფრის გარეშე დავეხეტები და ვენერიული სნეულებით ვიტანჯები". როდესაც ამ ტანჯულ ადამიანს შევხედე, თავადაც ცრემლი მომადგა და გავიხსენე, თუ როგორ „...წარვიდა ის შორსა სოფელსა და მუნ განაბნია ნაყოფი იგი მისი, რამეთუ ცხოვნდებოდა იგი არაწმინდებით".

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება