მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, თავშეკავება, მთავარი გვედის ფოტო > ბერი საზრდელს არ იხმევდა, თუკი წინა დღეს მისი ბილწი გულისთქმანი კეთილ გულისთქმებს გადააჭარბებდა

ბერი საზრდელს არ იხმევდა, თუკი წინა დღეს მისი ბილწი გულისთქმანი კეთილ გულისთქმებს გადააჭარბებდა


9-06-2020, 16:27

 

   ერთხელ აბბა სილუანი იმ ძმის სენაკში შევიდა, რომელსაც სალოსობის ღვაწლი ეტვირთა. მონაზონი იჯდა, მის წინ კი ორი კალათი იდო, ერთი - მარჯვნივ და ერთიც - მარცხნივ. როგორც კი მან აბბა სილუანი დაინახა, ჩვეულებისამებრ, მაშინვე სიცილს მოჰყვა. ბერმა შეხედა და უთხრა: „მოეშვი მაგას და ამიხსენი ეს კალათები და შენი საქციელი რას ნიშნავს?" მან კი კვლავ სიცილი განაგრძო. მაშინ აბბამ განუცხადა: „შენ იცი, რომ გარდა შაბათისა და კვირისა მე ჩემი სენაკიდან არ გამოვდივარ, ახლა კი შუა კვირაში გამოვედი, რადგან უფალმა გამომგზავნა შენთან". ღვთისმოშიში ძმა ბერის სიტყვებმა შეაძრწუნა, დაემხო მის წინ და განუცხადა: „მომიტევე, მამაო, მე ყოველ დილით ვიღებ კენჭებს და თუკი კეთილი გულისთქმა გამიჩნდება, მას მარჯვენა კალათში ვაგდებ, ხოლო თუ ბოროტი - მარცხენაში. საღამოს კი ვჯდები და კენჭებს ორივე კალათში ვითვლი. თუ მარჯვენაში მეტი ქვა აღმოჩნდება, საზრდელს ვიხმევ და თუკი - მარცხენაში, არა. თუ მეორე დილით კვლავ მეწვევა ბოროტი გულისთქმა, საკუთარ თავს ვეუბნები: „შეხედე რას აკეთებ, იფრთხილე, თორემ დღესაც მშიერი დარჩები!"

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება