მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, უნია, მთავარი გვედის ფოტო > ვენა (2010 წ.) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ვენა (2010 წ.) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


23-01-2020, 20:15

 

 

   კონფესიათაშორისი დიალოგების ფარგლებში იქმნება ფონი, თითქოს მართლმადიდებლებსა და ერეტიკოსებს შორის განსხვავება ოდენ ტერმინოლოგიურ ან წეს-ჩვეულებათა დონეზეა. ჩნდება აზრი, რომ განსხვავება უმნიშვნელო საკითხებშია და მათი მოგვარება კეთილი განწყობითა და ფრაზების კორექტირებით საკმაოდ იოლია. აი ასეთი შთაბეჭდილებების შექმნას ემსახურება ეკუმენისტური დიალოგები. შედეგად, შეხედულებათა თანხვედრას უფრო ხედავენ, ვიდრე განსხვავებას, მაგრამ თუ ერესს მამებისეული პოზიციიდან განვიხილავთ, დავინახავთ არა მარტო ტერმინოლოგიურ, არამედ შინაგან, რეალურ, სიღრმისეულ სხვაობას.

   ეკლესიის რწმენა ღვთივსულიერი და ზეშთაგონებული სწავლებაა და არა მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების შედეგი. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების თანახმად, ვერ იარსებებს მრავალი ან გაყოფილი ეკლესია, ვინაიდან, ცნება „გაყოფილი" პრაქტიკულად უარყოფს ეკლესიის ნამდვილ არსს. მართლმადიდებლურ თვითშეგნებაში მხოლოდ ერთიანი და განუყოფელი ეკლესია მოიაზრება და ამას ადასტურებს მრწამსის განსაზღვრება: „გვწამს ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია". როდესაც მავანი იწყებს საუბარს დანაწევრებულ ეკლესიებზე, ეს ნიშნავს, რომ იგი უარყოფს ეკლესიის სწავლებასა და მის ცნობიერებას.

   2010 წელს ვენაში შემდგარ „საღვთისმეტყველო დიალოგზე" (მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს შორის) კათოლიკე „მთავარეპისკოპოსმა" კ. კოხმა (Kurt Koch) განაცხადა: „ერთობლივი დიალოგი ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს, რათა სისავსით განვიხილოთ ურთიერთ ვით და-ეკლესიები და ვიპოვოთ დღეს რაღაც ახალი საერთო გზა".1 პერგამის მიტროპოლიტმა ი. ზიზიულასმა გაიზიარა კ. კოხის პოზიცია და თავის მხრივ განაცხადა:

   „ჩვენი მხრიდან სრული თანხმობაა მასზედ, რაც თქვა მთავარეპისკოპოსმა კოხმა: ...ეკლესია დღეს არის „ერთიანი და გაყოფილი"." შემდეგ ი. ზიზიულასმა დაამატა: „არსებობს ერთი კათოლიკე ქრისტიანული ეკლესია უფრო აღმატებულ დონეზე არსებული, ვიდრე რომელიმე ნაციონალური ეკლესია, ხოლო რომის ეპისკოპოსი არის ტრადიციული თავი ეკლესიებისა".2

   როგორც ვხედავთ, ი. ზიზიულასი მართლმადიდებელისთვის გაუგონარ კომპრომისზე მიდის. რომაულ-კათოლიკებთან ე.წ. „დიალოგში" შეგებულად იგნორირდება მთავარი „დეტალი", რომ არ არსებობს მართლმადიდებელი ეკლესიის მიღმა სხვა, გნებავთ და, ძმა, დედა, მამა ეკლესიები. „დიალოგის" მიმართულებიდან მკაფიოდ იკვეთება წინასწარ განსაზღვრული „გეგმა" - რამენაირად შედგეს „ერთობა" „უნიის" პრინციპზე, და რომ ამ „გაერთიანებული ეკლესიების" თავი არის რომის პაპი.

   მრწამსის განსაზღვრება - ეკლესია „ერთია" ადასტურებს იმას, რომ ეს მისი ძირითადი ნიშან-თვისებაა. პრაქტიკულად იგულისხმება, რომ ეკლესია არ შეიძლება გაიყოს, გაიხლიჩოს, იმიტომ რომ, ის არსობრივად ქრისტეს ღმერთკაცობრივი სხეულია. ქრისტეს კი, ვით ეკლესიის თავს, არ შეიძლება ჰქონდეს მრავალი, დანაწევრებული სხეული. (პროფ. დ. ცელინგიდისი).

   ეკუმენისტები ამის საპასუხოდ ამბობენ, რომ მართლმადიდებლები არასდროს უწოდებდნენ ლათინებს ერეტიკოსებს. მაგრამ ეკლესიის ისტორია სულ სხვა ფაქტებს ადასტურებს.

   1) ისტორიული ფაქტია, რომ წმ. ფოტი დიდის დროს (879-880) მერვე მსოფლიო კრებად წოდებულმა კრებამ, საერთაშორისო დონეზე ამხილა ლათინური ერესები „ფილიოქვე" და „პაპის პრიმატი".

   2) მეცხრე მსოფლიო კრებად მიჩნეული (1341 – 1351 წ.წ.) კრება, რომელმაც მართლმადიდებლურ დოგმატად აღიარა წმ. გრიგოლ პალამას სწავლება ღვთაებრივი მადლის ხელთუქმნელი არსის შესახებ.

   ამავე კრებამ ამხილა პაპისტური ცდომილება ქმნილი მადლისა და ქმნილი ღვთაებრივი ენერგიების შესახებ.

   3) პაპისტური ერესები მხილებული იყო კონსტანტინოპოლის ყველა ადგილობრივ კრებებზე, რომლებიც შედგა 867, 1009, 1054, 1089, 1170, 1273, 1282, 1285, 1484, 1642, 1722, 1727, 1755, 1838 და 1895 წლებში. აგრეთვე:

   4) ნიმფის (1324), რუსეთის (1441), იერუსალიმის (1443) კრებებზე;

   5) ნიშანდობლივია, აგრეთვე, აღმოსავლეთის პატრიარქთა ცნობილი ეპისტოლე (1848 წ.) და საერთომართლმადიდებელთა კონფერენცია მოსკოვში (1948 წ.).

   აქვე დავძენთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა გამოჩენილი მოღვაწე, ყველა წმინდანი სხვადასხვა ფორმით ამხელდა პაპისტურ მწვალებლობებს.

   უნდა აღინიშნოს, რომ რომაულ-კათოლიციზმისთვის ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება პირველობა-პრიმატის დოგმატს. სწორედ ეს დოგმატი გახლავთ წყარო ყველა დანარჩენი სიახლისა. მსოფლიო კრებებზე პაპის აღმატებულობა დღესაც პაპიზმის ძირითად ნიშად გვევლინება.

   ყველაზე დიდი ილუზია ე.წ. დიალოგის პროცესში არის მისწრაფება, გადაიხედოს „პირველობა-პრიმატის საკითხი პირველ ათასწლეულში", თითქოს ლათინების დედაეკლესიიდან გამოყოფამდე პაპები ფლობდნენ არა პატივით პირველის, არამედ უფლებამოსილებით პირველის სტატუსს. ამ საკითხის დეკლარირებულად „დადასტურების" შემდეგ შეუდგებიან მეორე ათასწლეულში მისი (რომის პაპის) მთელ აღმოსავლეთზე უფლებამოსილების „დამტკიცებას".

   ამ ნიშნით, პირველობა-პრიმატის საკითხი აღმოჩნდა ის მახე, რომელზეც იოლად წამოეგნენ „მართლმადიდებელი" ეკუმენისტები. საქმე ისაა, რომ რომაული კათოლიციზმი თავის კატეხიზმოში დღესაც უცვლელად აღიარებს:

   „რომის ეპისკოპოსი თავისი ღირსებით, ვით ქრისტეს წარმომადგენელი და ვით ეკლესიის მოძღვარი, ფლობს სრულ, უზენაეს და მსოფლიო ძალაუფლებას ეკლესიაში..." შემდეგ წერია: „კრება ან ეპისკოპოსთა კორპუსი არ ფლობს უფლებამოსილებას, თუკი არ იმყოფებიან ურთიერთობაში რომის ეპისკოპოსთან, ვით თავიანთ ხელმძღვანელთან...".3

   ამრიგად, მიგვაჩნია, რომ არ არსებობს არც მამებისეული, არც საღვთისმეტყველო საფუძვლები ლათინებთან. „დიალოგის წარმართვისათვის - არასდროს ჰქონიათ პაპებს უფლებამოსილებით პირველობა, გნებავთ, პირველ ათასწლეულში. ამის შესახებ ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ ჩვენს ნაშრომში „ეკლესიისა და ოჯახის გამოწვევები"4, სადაც პირველ ქვეთავში „დედაეკლესიაში პირველობის შესახებ" მსოფლიო კრებებსა და წმინდა მამების სწავლებაზე დაყრდნობით განვიხილეთ ეს საკითხი.

   არსებული საფუძვლიანი დოგმატური განსხვავებების მიუხედავად, „დიალოგი აქტიურ ფაზაშია შესული". ვენის (2010 წ.) შეთანხმების შემდეგ ჯერი კეტზეა (Кьети) (2016 წ.), სადაც „პირველობისა" და „ეკლესიოლოგიის" საღვთისმეტყველო მიმართულებით კიდევ უფრო მძიმე სურათი წარმოგვიდგება.

 

 

 

 

1http:thriskeftika.blog.spot.com (2010/09.2012.html). ციტ. П. Самитис. Неведение или умышленные искажения Митр. Пергамского И. Зизиуласа.

2იქვე, П. Самарис.

3 Прот. Г. Металинос. Выгоду от богословских диалогов имеет только Римский Папа. Апологет.SРБ. ru.

4 დეკ. კ. ჯინჭარაძე. „ეკლესიისა და ოჯახის გამოწვევები". 2019.

 

 

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


 


უკან დაბრუნება