მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, უნია, მთავარი გვედის ფოტო > რავენა (2007 წ.) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

რავენა (2007 წ.) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


22-01-2020, 15:58

რავენა (2007 წ.) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

   რავენაში 2007 წ. ხელმოწერილმა დოკუმენტმა საღვთისმეტყველო თვალსაზრისით ყურადღება ძირითადად „განუყოფელი ეკლესიის ეპოქაზე" გაამახვილა. (იხ.Текст Равенны. П. 41). ცხადია, ეს ფორმულირება ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ დღეს თითქოს აღარ არსებობს ერთიანი გაუყოფელი ეკლესია, ე.ი. მართლმადიდებელი ეკლესია არ მიიჩნევა ერთადერთ ჭეშმარიტ აღმსარებლად.

   მიტროპოლიტ ი. ზიზიულასის აზრით, „განყოფილი ეკლესიები მოწოდებულნი არიან მიიღონ და აღიარონ ერთმანეთი... ეკლესია, თუნდაც ერთი, არსებობს „ეკლესიების სახით" (მრავლობით რიცხვში). ეს ეკლესიები არსებობენ, ვით ერთიანი ეკლესია, ისინი სისტემატურად აღიარებენ ურთიერთს, ვით და-ეკლესიები".1

   რავენის დოკუმენტს წინ უსრწებდა პაპ ბენედიქტ XVI-ს განცხადება, სადაც პაპთან ურთიერთობაში არმყოფ ეკლესიებს „ნაკლულოვანი" ეწოდა.

   აღნიშნულ განცხადებებს, წესით, მართლმადიდებელი წარმომადგენლების სერიოზული შეშფოთება უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ უკვე „ტრადიციად" ქცეული მიდგომა არ დაირღვა - რაც მოხდა მონაკოში, ბარში, ვალაამში, ბალამანდში, იგივე განმეორდა რავენაშიც. ხელმოწერილი დოკუმენტები მართლმადიდებელთა სრული იგნორით გაფორმდა. მეტიც: რომაულ-კათოლიკებთან საერთო მოციქულებრივ სარწმუნოებაზე, მოციქულებრივ მემკვიდრეობაზე, საერთო საიდუმლოებებისა და საერთო ეკლესიოლოგიის არსებობაზე „შეთანხმდნენ".

   რავენას მცდარი საღვთისმეტყველო აზრის გასაბათილებლად, ღვთისმეტყველების დოქტორის დიმიტრი ცელინგიდისის ნაშრომებს მოვიშველიებთ.

   ერთიანი ეკლესიის ცნება დ. ცელინგიდისმა ამგვარად განსაზღვრა:

   1) „მრწამსის სწავლებისამებრ, სრული საზეიმო განწყობით ვაღიარებთ, რომ გვწამს „ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია". ვინაიდან მრწამსის თანახმად ეკლესია ერთია, ეკლესიოლოგიური თანმიმდევრობის მიხედვით არ შეიძლება არსებობდეს სხვაგვარადმადიდებელი არც დედა, არც და, არც შვილი თუ შვილობილი ეკლესიები. ეკლესია ერთიანი და ერთადერთია, ის მისტიურად „წყლითა" და „სულით" შობს თავის წევრებს და არ წარმოშობს სხვა ეკლესიებს...

   ერთიანობა, ვით ეკლესიის ძირითადი ნიშან-თვისება, ჩვენი სარწმუნოების უდავო მოცემულობა გახლავთ. სინამდვილეში, ეკლესიის ერთიანობა ონტოლოგიური მოცემულობაა, რაც დადასტურებულია ეკლესიის თავის, ქრისტესა და მასში ნუგეშისმცემელი სულის მუდმივი მკვიდრობით, სულთმოფენობის დღიდან მოყოლებული. ამ მიზეზის გამო, ეკლესიის ერთიანობა ყოველთვის უცვლელი რჩება ეკლესიის წევრობის სახელის მატარებელისათვის ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში".2

   2) სხვა ქრისტიანულ კონფესიებში დაკარგულია მოციქულებრივი სარწმუნოება:

   „თუ რომელიმე მორწმუნეთაგანი, ქრისტეს ეკლესიაში, იერარქიული ხარისხის ან მორწმუნეთა კრებულის რიცხოვნობის მიუხედავად, საკუთარ სამართალში დარწმუნებული, დაარღვევს კანონით დადგენილ ეკლესიურ სწავლებას, ის განუდგება ეკლესიის სხეულს. იერარქს ერთმევა ხარისხი, ერისკაცები კი, მსოფლიო კრებათა დადგენილების თანახმად, განიკვეთებიან მართლმორწმუნე კრებულისაგან, ანუ, ისინი ეკლესიის საიდუმლოებებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას და ვერ ეზიარებიან.

   მაგალითად: რომაულ-კათოლიკები ეკლესიას ოფიციალურად XI ს-ში განუდგნენ. 1014 წელს მათ სულიწმინდის შესახებ მრწამსში მცდარი დოგმატური სწავლება (Filioque)შემოიღეს. ლათინების მიერ მიღებული დოგმატური სწავლება უარყოფს ეკლესიის მოციქულებრივ სწავლებას სამება-ღმერთის შესახებ, ვინაიდან, იოანე მახარებელის თანახმად, სული ჭეშმარიტებისა მხოლოდ „მამისაგან გამოვალს" და არა „ძისაგანაც".

   ამრიგად ვასკვნით, რომ კათოლიკები (პროტესტანტებიც, რომლებმაც გაითავისეს Filioque-ს სწავლება) განუდგნენ ეკლესიის მოციქულებრივ სარწმუნოებას".3

   3) სხვაგვარადმადიდებელი ქრისტიანები არ ფლობენ მოციქულებრივ მემკვიდრეობას:

   „მოციქულებრივი მემკვიდრეობა განუყრელ კავშირშია მოციქულებრივ სარწმუნოებასთან. მოციქულებრივი მემკვიდრეობის არსი მხოლოდ ქრისტეს სხეულში ცხადდება და უცილობლად მოიაზრებს მოციქულებრივ სარწმუნოებას.

   როდესაც ვამბობთ "სულიერ-მოციქულებრივი მემკვიდრეობა", ვგულისხმობთ მოციქულების მიერ ეკლესიის მართვის გაგრძელებას. ამ გაგრძელებას ქარიზმატული ხასიათი აქვს და გულისხმობს მოციქულთა სულიერი ძალების ეკლესიის ეპისკოპოსებისა და მათი მეშვეობით კი მღვდლებისთვის გადაცემას, გზას, მეთოდს, რომლის შედეგადაც სულიერ-მოციქულებრივი უფლებამოსილება გადაიცემა, ხელდასხმა ეწოდება. ასე რომ, თუ ვინმე ეპისკოპოსთაგანი კანონიკური გზით იყო ხელდასხმული, მაგრამ შემდეგ, სარწმუნოებრივ საკითხებში ცდომილებათა შეტანის გამო, ეკლესიის მიღმა აღმოჩნდა, შედეგად მან დაკარგა მოციქულერივი მემკვიდრეობა, რადგან ის (მოციქულებრივი მემკვიდრეობა) მხოლოდ ქრისტეს ღვთაებრივ სხეულში, მის წმინდა ეკლესიაში მკვიდრობს".4

   4) სხვაგვარადმადიდებელ ქრისტიანებში არ მოქმედებს მღვდლობისა თუ სხვა საიდუმლოებები:

   „ეკლესიის საზღვრებში მღვდელმსახურება თავად ქრისტეს მღვდელმსახურებას ნიშნავს, ვინაიდან თავად ქრისტე აღასრულებს საიდუმლოს თავის ეკლესიაში ეპისკოპოსისა და მღვდლების მეშვეობით. მღვდელმსახურება წინასწარ განისაზღვრა უწყვეტ მოციქულებრივ მემკვიდრეობაში. მღვდელმსახურებაში მოიაზრება თავად ღმერთკაცის მსახურება საკუთარ მისტიკურ სხეულში - ეკლესიაში. და ბოლოს: ქრისტეს მღვდელმსახურება ეკლესიაში თავად მის (ქრისტეს) მიერ, მისი ეკლესიის მეშვეობით, მისი ეკლესიისთვის აღესრულება. ავტონომიური მღვდლობა და ეკლესიისაგან ავტონომიური საიდუმლოებების არ შეიძლება არსებობდეს".5

   ამრიგად: თუ ვინმე ეპისკოპოსთაგანი, ან რომელიმე ადგილობრივი ეკლესია (ჩვენს შემთხვევაში რომაულ - კათოლიკური), წევრების რიცხოვნობის მიუხედავად, განუდგება მსოფლიო კრებებზე უცდომლად გამოხატულ საეკლესიო სწავლებას, ის კარგავს მოციქულებრივ სწავლებასაც, მემკვიდრეობასაც, საიდუმლოებებსაც, რადგან ცრუ სწავლების მიღების გამო ეკლესიის მიღმა აღმოჩნდება.

   ერეტიკოსები განუდგნენ მოციქულებრივ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, შედეგად ერთიანობა, გნებავთ სარწმუნოებრივი, გნებავთ საიდუმლოებრივი, შეუძლებელი ხდება.

   განსაკუთრებით პრობლემურია მსგავსი „ერთობა" ღვთისმახურების დროს. თუკი კონკრეტული მღვდელმსახური აღავლენს ერთობლივ ლოცვას არამართლმადიდებლებთან და, გნებავთ ფარულად, ხელს მოაწერს ერთობლივ დოკუმენტებს, ე.ი. ის მიიჩნევს, რომ სხვაგვარადმადიდებლებიც შეადგენენ ეკლესიას.

   სწორედ ასეთი პროცესები ვითარდება კონფესიათაშორისი „დიალოგის" დროს: აქ უგულებელყოფილია ერეტიკოსების (კათოლიკების, პროტესტანტების, მონოფიზიტების და სხვათა) ეკლესიოლოგიური თუ სხვა დოგმატური ცდომილებანი, ეკლესიის სისავსესთან შეუთანხმებლად აწერენ ხელს მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის მოღალატეობრივ დოკუმენტებს, რითაც უზარმაზარ ზიანს აყენებენ მართლმადიდებლების ერთიანობას.

 

 

 

 

1И. Зизиулас. The Theolofical Problem of Reception. ციტ. www.antimodern.ru.Мировозрение Митр. И. Зизиуласа.

2Проф. Д. Целингидис. Служение единства Церкви и Ошибочные Богословские основания учения о Первенстве Палы. www.Палама.ru.

3 იქვე, დ. ცელინგიდისი.

4 იქვე, დ. ცელინგიდისი.

5 იქვე, დ. ცელინგიდისი.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 


უკან დაბრუნება