მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, უნია, მთავარი გვედის ფოტო > კონფესიათაშორისი „დიალოგის“ ორი მიმართულება - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

კონფესიათაშორისი „დიალოგის“ ორი მიმართულება - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


20-01-2020, 16:50

კონფესიათაშორისი „დიალოგის“ ორი მიმართულება - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

   კონფესიათაშორის საღვთისმეტყველო დიალოგში ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, მიტროპოლიტ ი. ზიზიულასის მეთაურობით, დიდად სამწუხაროდ, არაფრად აგდებენ მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატურ ცნობიერებას, ეკლესიის ერთიანობის მამებისეულ სწავლებას. სამწუხაროა ისიც, რომ ე.წ. „საღვთისმეტყველო დიალოგის" მომხრეებმა და მონაწილეებმა (ვგულისხმობთ მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს) იმთავითვე არ დაიწყეს დოკუმენტების სერიოზული საღვთისმეტყველო კრიტიკა, მოხდა პირიქით: „ახალი ეკლესიოლოგიის" ფარგლებში, რომელსაც საფუძველი ბალამანდის (1993 წ.) დოკუმენტმა ჩაუყარა, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს სამარცხვინო და მოღალატეობრივ დოკუმენტს კათოლიკებთან. „ბალამანდის უნიის" თანახმად, მართლმადიდებელი და პაპისტური ეკლესიები შეადგენენ ერთ ეკლესიას და თანაბრად პასუხისმგებელნი არიან საღვთო გადმოცემის ზუსტ დაცვაზე. ეკუმენისტების აზრით, ქრისტიანი, რომელ კონფესიაშიც არ უნდა მოინათლოს იგი, ქრისტეს ეკლესიის წევრი ხდება, ამიტომ ბალამანდის დოკუმენტით მართლმადიდებლების მიერ არამართლმადიდებელთა მონათვლა აკრძალულია, რადგან ის „ამტკიცებს" მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმის მხსნელ მოქმედებათა თანასწორობასა და წმინდა საიდუმლოთა ჭეშმარიტებას. (ბალამანდის დოკუმენტი პ.პ. 10, 13, 28, 30).

   იგივე ვითარებაა პროტესტანტებთან მიმართებაშიც. ბოლო ორ ე.წ. „ეკუმენისტური მსოფლიო საბჭოს" გენერალურ ასამბლეაზე (პორტო ალეგრო 2006 წ; პუსანი 2013 წ.) მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა კვლავ ჩაიდინეს ღალატი: დაეთანხმნენ მოსაზრებას, რომ „ყოველი ეკლესია მაშინ ფლობს კრებსითობას, როდესაც იმყოფება ურთიერთობაში სხვა ეკლესიებთან". (პორტო ალეგრო §6). ე.ი. მართლმადიდებელი ეკლესია აღარ მოიაზრება ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიად, ვინაიდან არ იმყოფება ერთობაში ერეტიკოსებთან. პუსანში კი მართლმადიდებლებმა შენდობა ითხოვეს იმის გამო, რომ არიან... მართლმადიდებლები. (XX. Генералная Ассамблея. ВСЦ. Пусан. 2013).

   მონოფიზიტებთან (სომხები, კოპტები, ეთიოპელები) „დიალოგის" დროს შედგა დისკუსია იმის თაობაზე, გვმართებს კი მართლმადიდებლებს მონოფიზიტების სახელდება ერეტიკოსებად, როგორც ეს ოდითგანვე იყო? საბოლოოდ, ჩვენი წარმომადგენლები წავიდნენ დათმობაზე, უარი არ თქვეს შეთანხმებაზე, რის შედეგადაც მონოფიზიტებს „ძველი აღმოსავლეთის ეკლესიები", ხოლო მოგვიანებით „აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის" სახელწოდება ერგოთ.1

   ამრიგად, კონფესიათაშორის „საღვთისმეტყველო დიალოგი" ორი მიმართულებით განვითარდა:

   1) არსებობს მხოლოდ გაყოფილი ეკლესიები, რომლებიც ეკუმენისტური „ნათლისღების თეორიის" პრინციპით უნდა გაერთიანდნენ. შედეგად მივიღეთ ის, რომ ეკლესიის მიღმა შესრულებული მწვალებლების „ნათლობა" თურმე... კანონიკურია. აღნიშნული კონცეფციის მიხედვით, რომლის იდეოლოგად მიტრ. ი. ზიზიულასი გვევლინება, უკვე ნათლობა ადგენს ეკლესიის საზღვრებს და არა ეკლესია - ნათლობის კანონებს.

   2) მიზანმიმართულად მიმდინარეობს ეკლესიის კრებსითი ცნობიერების ნგრევა. კერძოდ, შემოთავაზებულია ორი, დასავლური და აღმოსავლური პრიმატის თეორია ცენტრებით რომსა და კონსტანტინოპოლში. გეგმის თანახმად, მსოფლიო პატრიარქს მთელ აღმოსავლეთში უფლებამოსილებით (და არა პატივით) ყველა ადგილობრივი ეკლესიის მეთაურზე გაცილებით მეტი, ანუ პირველის პრივილეგია ენიჭება. გრძელვადიან პერსპექტივაში კი „დამორჩილებული" ადგილობრივი ეკლესიები დაექვემდებარებიან რომის პაპს, როგორც ეკლესიის თავს.

   ბოლო წლების ყველა კონფესიათაშორისი საღვთისმეტყველო კომისიის მუშაობა სწორედ ამ ორი მიმართულებით („ახალი ეკლესიოლოგიისა" და „პირველის - პრიმატის") „ლეგალიზებას" ემსახურებოდა.

 

 

1Пр. Ф. Зисис. „Православие" антихалкидонских монофизитов. Салоники. 1994. Апологет. SPБ.ru.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 


უკან დაბრუნება