მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > დოგმატების მნიშვნელობა დიალოგის დროს - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

დოგმატების მნიშვნელობა დიალოგის დროს - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


16-01-2020, 16:06

 

 

   სარწმუნოებრივ დოგმატებში მართლმადიდებელი ქრისტიანები მოვიაზრებთ იმ უცვლელ ჭეშმარიტებას, რომლითაც ეკლესია წარმოაჩენს მწვალებლური სწავლების სიმცდარეს. ამიტომაც დოგმატები ეკლესიის მიერ სრული სიზუსტით გადმოიცემოდა მსოფლიო კრებებზე.

   ღვთისმეტყველების პროფესორი დიმიტრი ცელინგიდისი წერს:

   „სარწმუნოებრივი დოგმატები წმინდა წერილისა და წმინდა გარდამოცემაზეა დაფუძნებული, ე.ი. ქრისტეს განცხადებულ სწავლებაზე და გვაკისრებს როგორც მის უცვლელად დაცვას, ისე მის შეუნელებელ აქტუალურობას დროჟამის მიუხედავად. დოგმატების უცდომელი ხასიათიდან გამომდინარე, ეკლესიის დოგმატი, ვით სულიწმინდის შთაგონებული ჭეშმარიტება, შეუძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებას. „თუკი ვინმე ცვლის დოგმატს, თვით ანგელოზიც რომ იყოს, ის ამახინჯებს ქრისტეს სწავლებას" - ამბობს წმ. იოანე ოქროპირი".1 იმავე აზრს შეგვაგონებს წმ. ირინეოს ლეონელი: „დოგმატები - განცხადებაა ყოველივე იმისა, რაც წერია წმინდა წერილში, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, რაიმე მივუმატოთ ან გამოვაკლოთ ეკლესიის დოგმატურ განსაზღვრებებს".2

   ამრიგად, დოგმატები არ ჰგავს მეცნიერებას, სადაც შესაძლოა ახალი ჭეშმარიტების მიგნება-გამოკვლევა. დოგმატიკაში ასეთი რამ არ შეიძლება მოხდეს. აქ ყოველგვარი ჭეშმარიტება უკვე გახსნილია ჩვენი მაცხოვრის მიერ. აქედან გამომდინარე, ეკუმენისტების აზრი, რომ ყველგან, ანუ სხვა კონფესიებშიც, უნდა ვეძებოთ ჭეშმარიტება და გავმართოთ „საღვთისმეტყველო დიალოგი" ჩვენი დოგმატების დაკნინების ხარჯზე, მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ყოვლად მიუღებელია.

   ამდენად, თუკი ჩვენ საფუძვლიანად არ გავიაზრებთ დასავლური (კათოლიკური, პროტესტანტული) ღვთისმეტყველების სიმცდარეს, ვერ შევძლებთ მართებულად განვმარტოთ, თუ რაოდენ დიდი სიღრმისეული გადახრაა მართლმადიდებლობისაგან ამ სწავლებებში.

   შედეგად, არც საღვთისმეტყველო დიალოგში გვექნება სასურველი შედეგი მათთან ერთობის თვალსაზრისით.

   აქ ჩვენს წინაშე დგას ამოცანა: ხაზგასმით წარმოვაჩინოთ ყველა ის დოგმატური განსხვავება, რომელიც არსებობს ჩვენსა და სხვაგვარადმადიდებლებს შორის.

   რაც შეეხება თავად საღვთისმეტყველო დიალოგს, მისი მიზანია ერთობის მიღწევა ქრისტეში. საამისოდ საჭიროა მართალი სარწმუნოების ირგვლივ ყველას გაერთიანება. სარწმუნოებრივ სწავლებაში შეუძლებელია არსებობდეს განსხვავება. ეს გასაგები ხდება მაშინ, როცა მსოფლიო კრებების განსაზღვრებებზე ვაგებთ ჩვენს მსოფლმხედველობას. ამიტომ შეუძლებელია დიალოგი დოგმატებთან კავშირის გარეშე. ვთქვათ, დიალოგი დოგმატებთან კავშირის გარეშე. ვთქვათ, დიალოგი ლათინებთან Filioque-სა და პაპის პრიმატის ცდომილებათა აღიარების გარეშე.

   დიალოგის დროს გვმართებს ხელმძღვანელობა პავლე მოციქულის სიტყვებით: „მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე" (ტიტ. 3, 10). როგორც ვხედავთ, მწვალებლური შეხედულებებისაგან „განშორება" სიყვარულის გამოვლინებას ნიშნავს. ეს სიყვარული გვაკისრებს შეგონებას, რომელიც მხოლოდ ერთხელ შეიძლება განმეორდეს, ამის შემდეგ ეკლესიის სისავსეს გამოაქვს გადაწყვეტილება.

   პავლე მოციქულის სწვლებით ხელმძღვანელობდა მართლმადიდებელი ეკლესია მეცხრამეტე საუკუნემდე, ვიდრე ეკუმენისტური ცნობიერება არ შემოიჭრა მართლმადიდებლურ სივრცეში. შედეგად გაჩნდა პარალელური ეკუმენისტური თეოლოგია, რომელიც საფუძველშივე ეწინააღმდეგება წმინდა მამათა სწავლებასა და სულისკვეთებას.

   სწორედ ეს ბიბლიური და მამებისეული ტრადიცია იქნა უგულებელყოფილი XX ს.-ის დასაწყისიდან ვითომცდა ერთობის ნიღბით.

 

 

 

 

1Проф. Д. Целингидис. Значения догматов в диалогах с апославными для единства во Христе. S.P.Б.ru.

2 გ. ჯინჭარაძე. რეფორმატორული სული მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში. თბ. 2007. გვ. 15.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 


უკან დაბრუნება