მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტე გლახაკის სახით ეწვია იღუმენს, თუმცა მან ის არ მიიღო, რადგან ადამიანური დიდება უფრო შეიყვარა და ზეციური სასუფევლისთვის აღარ ზრუნავდა

ქრისტე გლახაკის სახით ეწვია იღუმენს, თუმცა მან ის არ მიიღო, რადგან ადამიანური დიდება უფრო შეიყვარა და ზეციური სასუფევლისთვის აღარ ზრუნავდა


15-10-2020, 00:02

ქრისტე გლახაკის სახით ეწვია იღუმენს, თუმცა მან ის არ მიიღო, რადგან ადამიანური დიდება უფრო შეიყვარა და ზეციური სასუფევლისთვის აღარ ზრუნავდა

 

   ერთი კინობიური (საერთო საცხოვრებლის ტიპის) მონასტრის იღუმენი, რომელსაც ორასამდე ძმა ებარებოდა, უპოვართა და გლახაკთა უსაზღვროდ მოყვარული იყო. დროთა განმავლობაში ის ადამიანური დიდებით მოიხიბლა და თავის სიყვარულს უკვე მდიდრებისა და წარჩინებული ადამიანების მიმართ გამოხატავდა, სანაცვლოდ კი მათგან ხოტბასა და დიდებას იღებდა. ერთხელ მისი სავანის კარს თავად უფალი მიადგა გლახაკის სამოსით და კარისკაცს სთხოვა იღუმენისთვის ეცნობებინა, რომ მისი ნახვა სურდა ძმას, რომელმაც მათ მონასტრამდე გაჭირვებით მოაღწია. კარისკაცი წინამძღვარს იმ დრო ეახლა, როცა ის მდიდრებთან საუბრობდა, ცოტა ხანს შეყოვნდა და შემდეგ მოახსენა, რომ მას ერთი გლახაკი კითხულობდა. იღუმენი განრისხდა და კარისკაცი გაკიცხა იმის გამო, რომ უპოვარი შემოუშვა მაშინ, როცა ის დიდგვაროვნებთან საუბრობდა. მიუხედავად უარისა, ყოვლადმომთმენი უფალი დიდხანს ელოდა, თუ როდის მოიცლიდა მისთვის იღუმენი. განვლო გარკვეულმა ხანმა და მონასტერს ერთი მდიდარი ესტუმრა. წინამძღვარი დიდებულ სტუმარს სავანის ჭიშკართან გამოეგება. როდესაც ქრისტე მაცხოვარმა წინამძღვარი მდიდრის გვერდით იხილა, შეევედრა, რომ მისთვის ყური დაეგდო, რადგან რამდენიმე სიტყვა ჰქონდა სათქმელი, მაგრამ იღუმენმა გლახაკს ზურგი აქცია და მდიდართან ერთად სატრაპეზოდ გასწია. სტუმრის გაცილებისას ის კვლავ გადაეყარა ჭიშკართან უპოვარს, თუმცა ისევ უგულებელყო მისი ვედრება. იღუმენმა ზეციური მწირი საღამოსაც არ მიიღო. წავსლისას გლახაკმა კარისკაცს დაუბარა: „შენს იღუმენს გადაეცი, რომ მასთან მხოლოდ და მხოლოდ მისი უწინდელი ცხოვრების გამო მოვედი, მსურდა დამელოცა, თუმცა მან ეს არ ისურვა. და რადგან ადამიანური დიდებისაკენ მიილტვის, მე მასთან წარმოვგზავნი მთელი ქვეყნის დიდგვაროვნებს, - ის ჩემი სასუფევლის მადლს არ ეძებს". მაშინ კი ყველა მიხვდა, რომ გლახაკის სახით მოსულიყო მათთან ყოვლისმპყრობელი მაცხოვარი. ასე რომ, ძმებო, არასოდეს ავარიდოთ თვალი გლახაკებს, რადგან ის, ვინც უქონელს აძლევს, თავად ქრისტეს აწვდის ხელში, ხოლო ვინც მდიდრებთან ერთად ჭამა-სმას ესწრაფვის, საკუთარ ვნებებს იკმაყოფილებს.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება