მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > დემონი მოღვაწე იობს ნაცნობი ექიმის სახით გამოეცხადა და მას მოსაგრეობის შესუსტებისკენ მოუწოდა
დემონი მოღვაწე იობს ნაცნობი ექიმის სახით გამოეცხადა და მას მოსაგრეობის შესუსტებისკენ მოუწოდა13-10-2020, 15:51 |
ადამიანთა დაუძინებელი მტერი და მათი სულების დაღუპვის სატანა, ხედავს რა ღვთის რჩეული მსახურების ღვაწლსა და საქმეებს, როდი თვლემს, არამედ გამუდმებით ცდილობს ცხონების გზიდან მათ აცდენას. როცა მამა იობი თავმდაბლობით ასრულებდა მორჩილებას სატრაპეზოში, მას სიკეთის მოძულე ბოროტი სული ნაცნობი ექიმის სახით არაერთხელ გამოეცხადა და ყოველ ჯერზე ერთგვარი თანაგრძნობით ეუბნებოდა: „საყვარელო შვილო! შენ შენი ჯანმრთელობის მოფრთხილება გმართებს, რათა ასეთი ღვაწლითა და თავშეკავებით არ დაუძლურდე, არ დაგცეს უღელმა, რომელიც ქრისტეს გამო იტვირთე. ღმერთს არ სურს მარხვა და ღვაწლი, რომელიც შენს ძალებს აღემატება, ის მხოლოდ წმინდა და თავმდაბალ გულს ეძიებს. შენ ამ მოხუცებულობის წლებში თავს არ ზოგავ და დაუღალავად შრომობ ამ ძმებისთვის, როგორც ნაყიდი მონა, რომელიც ასეთ შრომას არაა შეჩვეული. შენ ხომ წმინდა მონაზონი ხარ, ისიც საკმარისია, რომ შენ, რომელმაც დიდება და პატივი ერში დაუტევე, მოხვედი ამ სიღატაკეში და ასეთი მძიმე ღვაწლი იტვირთე. გაოცებული ვარ იმით, რომ ტკბილი საკვების შემდეგ ამისთანა მკაცრი სახმილი მიიღე. გაფრთხილდი, სნეულებები არ გაგიმწვავდეს, მაშინ შენს დახმარებას ჩემს თავზე ვეღარ ავიღებ და ნაადრევად მიაბარებ სულს უფალს. მაგრამ თუ ჩემს რჩევას ყურად არ იღებ, გულდასაწყვეტი იქნება ჩემთვის". მამა იობმა თავის გულშემატკივარ ნაცნობს უპასუხა: „კარგი იქნება, თუ ხორცს არ დაინდობ, რათა ის სულს არ აუმხედრდეს, მართალია, ხორცი დაძაბუნდა, მაგრამ ღვთის ძალა უძლურებაში ვლინდება. წმინდა პავლე მოციქულმა უფრო კარგად თქვა: „ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოვლინდება ჩვენს მიმართ" (რომ. 8, 18). ყოველთვის გახსოვდეს, რომ მარხვა დედაა უბიწოებისა". როგორც კი ასეთი პასუხი მიიღო, მტერი მყისიერად გაუჩინარდა.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |