მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > ებრაელისთვის გულმოწყალების გამო მინიჭებული ზეციური მისაგებელი

ებრაელისთვის გულმოწყალების გამო მინიჭებული ზეციური მისაგებელი


12-10-2020, 17:11

 

 

   პეტერბურგის მახლობლად მდებარე სოფელ იჟორის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოანე კამნევი, ამ სოფლის მკვიდრი გულკეთილი ებრაელისათვის მიმადლებული ღვთის საკვირველი მოწყალების მოწმე გახდა. ამ ებრაელის მიმართ, მისი გასაოცარი პატიოსნების, გულმოწყალებისა და გაჭირვებულთა დახმარების გამო, ყველას დიდი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდა. მან ძალიან ბევრს აღმოუჩინა დახმარება მძიმე წუთებში. თუკი ვინმეს ცხენი მოუკვდებოდა, ან მეურნეობაში ზარალს ნახავდა, ანდა ვინმე ღარიბი ასულს ათხოვებდა, ყველა შემთხვევაში მას მიმართავდნენ დახმარებისათვის, როგორც მამასა და კეთილისმყოფელს. ერთხელ მან თავისთან მამა იოანე მიიწვია და ცრემლებით შეევედრა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მიეღო ის. მამა იოანე ცნობისმოყვარეობით ჩაეკითხა: „რამ აღგიძრა მონათვლის სურვილი? ვინ დაგმოძღვრა ამის შესახებ?" ებრაელმა უპასუხა: „ახალგაზრდობიდან დღემდე ხშირად ვკითხულობ წმინდა წერილს, სახარებასა და წინასწარმეტყველთა წიგნებს, ვფიქრობდი რა ბევრს წაკითხულის შესახებ, დავრწმუნდი, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტად ის მესიაა, რომლის შესახებაც წინასწარმეტყველებმა გვაუწყეს, მაგრამ ის ჩვენმა წინაპრებმა არ სცნეს და ჯვარს აცვეს". მაშინ მამა იოანემ უთხრა: „მე დიდი სიხარულით აღვასრულებ შენზე ნათლობის წმინდა საიდუმლოს, მაგრამ მანამდე ამისთვის მთავარეპისკოპოსისგან კურთხევა უნდა გამოვითხოვო". ებრაელმა მოუსმინა მოძღვარს და განუცხადა: „მე აღსასრულის მოახლოებას ვგრძნობ და ვშიშობ, რომ ვიდრე არქიეპისკოპოსისგან ნებართვას აიღებთ, მოუნათლავი გარდავიცვლები და მაშინ თქვენ აგებთ პასუხს ღვთის წინაშე". როდესაც მამა იოანემ მისი წინათგრძნობის შესახებ შეიტყო, დაუყოვნებლივ გადაწყვიტა მისი მონათვლა. ნათლობის შემდეგ მისგან აღსარება ჩაიბარა, ქრისტეს სისხლსა და ხორცს აზიარა და ზეთისცხების საიდუმლოც აღასრულა. საოცარი იყო ის, რომ ამ მადლმოსილი კაცისთვის ოთხი წმინდა საიდუმლო ერთ დღეს აღსრულდა. ზეთისცხების შემდეგ სულიერად აღფრთოვანებული ებარელი მალევე აღესრულა. მოწყალება და კეთილი საქმეები ჭეშმარიტად წარდგება და გაცხადდება ღვთის წინაშე. მათ კეთილი ებრაელი ქრისტეს ნათელს აზიარეს.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება