მთავარი > ჭეშმარიტი სასწაულები, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > კაცმა, რომელმაც თავის მოკვლა გადაწყვიტა, გაჭირვებული დედაკაცის წყალობით სიცოცხლის ფასი შეიცნო და ათონზე გადასახლდა

კაცმა, რომელმაც თავის მოკვლა გადაწყვიტა, გაჭირვებული დედაკაცის წყალობით სიცოცხლის ფასი შეიცნო და ათონზე გადასახლდა


12-10-2020, 00:02

კაცმა, რომელმაც თავის მოკვლა გადაწყვიტა, გაჭირვებული დედაკაცის წყალობით სიცოცხლის ფასი შეიცნო და ათონზე გადასახლდა

 

   ათონზე, ანდრიას სკიტში, იღვწოდა ვინმე სიბირიაკოვი, რომლის ღვთისკენ მოქცევა საკვირველად მოხდა. ის იყო მდიდარი მშობლების ვაჟი, რომელიც დაობლების შემდეგ უწესო მეგობრების გარემოცვაში აღმოჩნდა და აღვირახსნილობისა და ლოთობის გზას დაადგა. გარყვნილი ცხოვრების ბურუსში გახვეულ სიბირიაკოვს ისეთი გაუსაძლისი სასოწარკვეთა და გაურკვეველი ნაღველი შემოაწვა, რომ განიზრახა იარაღის საშუალებით თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე. მან განზრახულის სისრულეში მოყვანამდე ერთი დღით ადრე გადაწყვიტა, რომ სიკვდილის წინ თავისი ქონების განსაკარგავად წასულიყო. როდესაც ეკიპაჟი ეახლა, სახლის მთავარ შესასვლელთან ერთი საბრალო, შიმშილისაგან ძლიერ გამხდარი, ძონძებით შემოსილი ლამაზი ქალი შენიშნა, მას ხელში ბავშვი ეჭირა და მოწყალებას ითხოვდა. ქალის სიღარიბემ და ტანჯულმა გამომეტყველებამ სიბირიაკოვი სულით ხორცამდე შეძრა და მისი გული იმ საბრალოს მიმართ თანაგრძნობით აღივსო. ახალგაზრდამ ქალს მაშინვე მისცა მთელი ფული, რაც კი თან ჰქონდა, მაგრამ ეტლში ჩაჯდომისას გაიფიქრა: „განა დიდია ჩემი მოწყალება ამ ქალის მიმართ? ეს ფული ხომ ორ თვესაც არ ეყოფა. მე მას და მის შვილს მათი ცხოვრების ბოლომდე უზრუნველვყოფ. დაე, ჩემი სული მოიგონონ". სიბირიაკოვმა მიმავალი ეტლიდან თავის გამოყო და ქალს გასძახა: „ორ-სამ საათში კვლავ მოდი ამ ადგილას და მე კიდევ დაგეხმარები" და გზა განაგრძო. ამ სიტყვების წარმოთქმისას მისი გული უეცრად ისეთმა არამიწიერმა სიხარულმა აავსო, როგორიც უწინ არასდროს განეცადა, რამეთუ ძლიერია მოწყალების გაღებისა და სიკეთის კეთების ძალა! როდესაც ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს ჩაუარა, გაახსენდა, თუ რა ხშირად მოყავდა დედას ამ ეკლესიაში და რა მხურვალედ ლოცულობდა ის ზეციური დედოფლის ხატის წინაშე. სიბირიაკოვს დაუოკებელი სურვილი გაუჩნდა ტაძარში შესულიყო და ყაზანის ღვთისმშობლის ხატის წინ ელოცა. ახალგაზრდამ ეკიპაჟი გააჩერა, ტაძარში შევიდა, დადგა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის წინ და დაჟინებით მიაცქერდა ყოვლადწმინდა დედას. ღვთისმშობლის სახე ისეთი ცოცხალი და მოწყალე ეჩვენა, თითქოსდა ზეციურ მადლს ასხივებდა. სიბირიაკოვმა ხატის წინ მუხლი მოიყარა თუ არა, წამიერად იგრძნო ღვთის წინაშე თავისი დანაშაული უნაყოფო და აღვირახსნილი ცხოვრების გამო. ის პატიების თხოვნას ვერ ბედავდა, მხოლოდ იმისი ძალაღა შერჩენოდა, რომ იდგა და დაუსრულებლად იმეორებდა: „დედაო ღვთისავ, მიხსენი მე ცოდვილი!" ბოლოს ფეხზე წამოდგა, გამოვიდა ტაძრიდან და იგრძნო, რომ სულიერად სრულიად შეცვლილიყო. სიბირიაკოვი ბანკში აღარ წასულა, მასში სასოწარკვეთილების კვალიც კი გამქრალიყო და იმ წუთიდან მისთვის სიცოცხლე შეუფასებელ საგანძურად გადაიქცა. სახლს რომ მიუახლოვდა, შორიდანვე შეამჩნია ის ბავშვიანი ქალი, რომელსაც დახმარებას დაჰპირდა და მისი ხილვით ისე გაიხარა, თითქოს თავად უფალი დაენახა, სწორედ ის ქალი გახდა მისი სულიერი გარდატეხის საწყისიც და მიზეზიც. სიბირიაკოვმა ქალი და მისი შვილი მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში უზრუნველყო საარსებო წყაროთი, სანაცვლოდ კი სთხოვა სიკვდილამდე ლოცვებში მოეხსენიებინათ იგი, და რადგან ყოფილი მეგობრების ცუდი ზეგავლენის ეშინოდა, დედაქალქში პირადი საქმეები მოაგვარა და ათონის მთას მიაშურა. იქ გამოსაცდელი ვადით უბრალო მლოცველად იმყოფებოდა, შემდეგ კი ანდრიას მონასტრის საძმოს შეუერთდა. სიბირიაკოვის მთელი შემდგომი ცხოვრება ღვთისადმი უსაზღვრო მადლმოსილებით იყო აღვსილი, ბოლოს კი ათონზე აღესრულა და იქვე, ანდრიას მონასტერში, თავისივე სახსრებით აგებულ დიდებულ ტაძარში განისვენა სქემმონაზვნის ხარისხში.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება