მთავარი > ძველი აღთქმის ისტორიიდან > ადამის თავისუფლება

ადამის თავისუფლება


16-12-2012, 12:51
ადამის თავისუფლება 

     ღმერთმა ადამიანი შექმნისთანავე უამრავი საღმრთო ნიჭით დააჯილდოვა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნიჭი თვისუფლებაა. მოგეხსენებათ, ღმერთი თავის ქმედებებში სრულიად თავისუფალია. თავისი კაცთმოყვარებით მან ადამიანსაც მიანიჭა თავისუფალი ნება და თავისუფალი მოქმედების უნარიც გარკვეულწილად. შესაქმის წიგნში ვკითხულობთ: „და თქვა ღმერთმა: ვქმნე კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ ... და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თვისად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი" (დაბ. 1. 26-27).

     მართლმადიდებლური სწავლების თანახმად, ხატებასა და მსგავსებას შორის განსხვავებაა. „ისინი ხატს ღვთისას სულის ბუნებაში პოულობენ, მსგავსებას კი ადამიანის ზნეობრივ სრულყოფილებაში, მასში სათნოებათა სიწმინდისა და სულიწმიდის ნიჭთა დამკვიდრებაში ხედავენ. ამრიგად, ღვთის ხატი ჩვენ უფლისაგან გვეძლევა შექმნისთანავე, ხოლო მსგავსება ჩვენ თავად უნდა შევიძინოთ: ღმერთი მხოლოდ ამის შესაძლებლობას გვაძლევს. გახდე „მსგავსი", დამოკიდებულია ჩვენს ნებაზე და სათნადო „მოღვაწეობით შესაძლებელი ხდება ამის მიღწევა".[1]

     წმ. იოანე დამასკელი ამბობს: „რასაც საღვთო ხატად ვამბობთ - „ხატისებრობა", გონებისმიერობასა და თვითუფლებრივობას აღნიშნავს, „მსგავსებისებრობა" კი - ძალისამებრ სათნოების მსგავსებას".[2]

     როგორც ვხედავთ, ადამიანის თვითუფლებრივობა ანუ თავისუფალი ნება ღვთის ხატებაში ვლინდება. ჩვენი ძირითადი სათქმელიც ეს არის. ადამიანს ღვთისაგან ებოძა თავისუფალი არჩევანის უფლება ღვთის მადლის მეშვეობით სიკეთეში დარჩენისა და წარმატების, ასევე კეთილთან განშორებისა და ბოროტებაში ყოფნის ნება. ადამმა, შექმნისთანავე მიიღო უმაღლესი ნიჭები და ძალაუფლება. იგი დადგინდა ედემისა და დედამიწის მეუფედ. ის უზარმაზარ თავისუფლებას ფლობდა, რამდენიც კი შეიძლება ჰქონდეს ღვთის ქმნილებას. მაგრამ მის თავისუფლებასაც ჰქონდა ზღვარი. ეს იყო სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე. ადამმა თავისუფლების ბოროტად გამოყენებით ისურვა მოეპოვებინა შეუზღუდავი თავისუფლება ღმერთის საფერი. ასე გაკადნიერდა იგი და დაარღვია ღვთის მცნება. შედეგად, მან არათუ ვერ მოიპოვა უფრო მეტი თავისუფლება, არამედ იმის დიდი ნაწილიც დაკარგა, რაც ჰქონდა. გველმა მხოლოდ შესთავაზა საცთური. ევამ და შემდეგ ადამმაც იფიქრეს, განსაჯეს და გადაწყვიტეს, რომ შეთავაზება ხელსაყრელი იყო - იგემეს აკრძალული ნაყოფი. გადაწყვეტილების მიღებას მათ არავინ აიძულებდა.

     როგორც ვთქვით, ადამიანს თავისუფალი ნება ძალდაუტანებლად უნდა გამოეხატა. სწორედ ამიტომაც მიეცა ეშმაკს ადამიანთან მიახლების უფლება.

     წმიდა თეოფანე დაყუდებული შენიშნავს: „ცთუნება შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, ზოგჯერ საკმაოდ ძლიერი და მაიძულებელიც კი. მაგრამ გადაწყვეტილებას სული ყოველთვის საკუთარი ნებით იღებს. გადაწყვეტილების მიღება, ნებისმიერი მაიძულებელი გარემოებების მიუხედავად, ადამიანს ყოველთვის ძალუძს. გავიხსენოთ მოწამეთა ცხოვრება.

     მათ თვალწინ ედგა წამების იარაღები, იყო მშვიდი ცხოვრების დაპირებებიც. ზოგჯერ იქვე იდგნენ დედა, მამა, ახალგაზრდა ცოლი შვილებთან ერთად და ყველანი ერთად თხოვდნენ, არწმუნებდნენ სულ მცირეოდენი საკმეველი ეკმია კერპისათვის... ვის შეუძლია ამის გაძლება! მოწამე კი გადაწყვეტილებას ყველასა და ყველაფრის საპირისპიროდ იღებს. ის თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში! ისიც, ვინც ვერ უძლებდა ცთუნებას, იყო თავისუფალი თავის მოქმედებაში. როგორი მაიძულებელიც არ უნდა იყოს გარემოება, გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ პიროვნებას რჩება. ყველა ჩვენთაგანს აქვს ცხოვრებაში ისეთი წუთები, როდესაც სული გულის სიღრმეში წარმოთქვამს: აი ასე უნდა მოიქცე. ამაშია თავისუფლების არსი და ვერანაირი ძალა ამას ადამიანის სულს ვერ წაართმევს”.[3]

      აქვე ესეც ვიკითხოთ: რატომ დაუშვა ღმერთმა თავისი საყვარელი არსების, ყველა მიწიერ ქმნილებათა გვირგვინის - ადამიანის დაცემა?

     წმიდა ბასილი დიდი ამ კითხვას შემდეგნაირად პასუხობს: ”სწორედ იმიტომ, რომ შენ მაშინ კი არ ხედავ მსახურის გამოსწორებას, როცა შებოჭილი გყავს იგი, არამედ მაშინ, როცა ხედავ, რომ იგი ნებაყოფლობით ასრულებს თავის მოვალეობას. ამიტომ ღმერთსაც სწადია არა ძალდატანებით, არამედ სურვილით შესრულებული მოვალეობა. სათნოება თავისუფალი ნებიდან იბადება და არა აუცილებლობიდან, ხოლო თავისუფალი ნება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დევს ჩვენში, და რაც ჩვენშია, ის თავისუფალია. ამიტომ, ვინც ბრალს დებს შემოქმედს, რატომ არ შეგვქმნა ისეთებად, არ შევცოდოთო, ის მხოლოდ იმას ამბობს, რომ უგუნური, უმოქმედო და ყოველგვარ მოსწრაფებას მოკლებული ადამიანის ბუნება ურჩევნია თვითშემოქმედებითი უნარითა და თავისუფალი ნებით დაჯილდოებულს”.[4]

     ამრიგად, თუ დაცემის ნებას წაგვართმევდა, მაშინ საჭიროც არ იქნებოდა ხატად და მსგავსად შექმნა ადამიანისა. ე.ი. ღვთის ხატების განუშორებელი თვისებაა თავისუფალი ნება. პირველქმნილი ადამიანი არ დაემორჩილა ღვთის მცნებას და ღმერთმა დაუშვა ადამიანის დაცემა. მაგრამ სხვაგვარად სამყარო ხომ გაცილებით პრიმიტიული და უსახური იქნებოდა?! დაუშვა ღმერთმა დაცემა, მაგრამ იმავდროულად ცოდვებთან განშორების, ცოდვებისაგან განთავისუფლების გზით გაგვიკვალა გზა აღდგომისაკენ”.

 

 

 

 

 

 



[1]მიხეილ პამაზანსკი. „დოგმატური ღვთისმეტყველება". გვ. 110.

[2]წმ. იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა. გვ. 361.

[3]წმ. თეოფანე დაყუდებული. ”Письма”. გვ. 176.

[4]Настольная Книга СвяЩеннослужителе. Т. 7. გვ. 607.

 

 

 

 

ტექსტი მოამზადა: + დეკანოზმა კონსტანტინე(ჯინჭარაძემ)


უკან დაბრუნება