მთავარი > წმიდათა ცხოვრება, სიმდაბლე, მთავარი გვედის ფოტო > მარტირის შესახებ, რომელმაც გლახაკის სახით მხრებით ქრისტე ატარა
მარტირის შესახებ, რომელმაც გლახაკის სახით მხრებით ქრისტე ატარა8-10-2020, 00:02 |
საბორის ქვეყანაში ცხოვრობდა ქრისტესმოყვარე, უპოვართა და ღატაკთა დამხმარე და მოწყალე მონაზონი, რომელიც წლებით ახალგაზრდა, თუმცა გონებით დაბრძენებული იყო. ეს ძმა, სახელად მარტირი, წმინდა ცხოვრებით ცხოვრობდა. მას წესად ჰქონდა, რომ თავისი მონასტრიდან მეზობელ მონასტერში ხშირად გადასულიყო, რათა სულიერი მოძღვარი მოენახულებინა და მასთან ერთად ელოცა. ერთხელ, როცა ის, ჩვეულებისამებრ, მოძღვართან მიდიოდა, გზად დავრდომილი გლახა შემოხვდა, რომელსაც მთელი სხეული ფუფხებით ჰქონდა დაფარული. ისიც იქითკენ მიდიოდა, საითაც მარტირი, მაგრამ გზის გასაგრძელებლად ძალა აღარ შესწევდა. მარტირის შეებრალა სნეული, მოიხსნა მანტია, მოახვია მას, ზურგზე წამოიკიდა და თან წაიყვანა. როდესაც ის თავისი ტვირთით მოძღვრის მონასტერს მიუახლოვდა, მოძღვარმა, რომელიც სულიწმიდნით აღვსილი და მჭვრეტელი იყო, შესძახა: „იჩქარეთ, გახსენით მონასტრის ჭიშკარი, რამეთუ მარტირის უფალი მოჰყავს!" ჭიშკართან მისულმა მარტირიმ ტვირთი ზურგიდან მოიხსნა და მანტია შეხსნა, რათა სნეული ხელში აეყვანა, იქ კი აღარავინ აღმოჩნდა, ღვთისმოსავმა კაცმა მხოლოდ ზეცად ამაღლებული ქრისტეს სახე იხილა და მაღლიდან ხმა შემოესმა: „შენ არ მიმატოვე მიწაზე, მე კი ზეცაში არ მიგატოვებ! შენ ჩემს მიმართ მოწყალება ჰყავი, მე კი შენ საუკუნოდ შეგიწყალებ!" როდესაც მარტირი მონასტერში შევიდა, მოძღვარი შეეკითხა: „ძმაო, მარტირი, სად არის ის, ვინც ცოტა ხნის წინ ზურგით მოგყავდა?" „მამაო, რომ მცოდნოდა ვინც მომყავდა, ფერხთით გავეგებოდი", - უპასუხა მონაზონმა. სულ მალე ამბავი ამ საოცარი ხილვის შესახებ მთელ მონასტერს მოედო. „შვილო! - ჰკითხა მოძღვარმა მარტირის, - გაგიჭირდა გლახაკის საკუთარი მხრებით ზიდვა?" „არა, - უპასუხა ძმამ, - როდესაც მომყავდა, არანაირ სიმძიმეს არა ვგრძნობდი, რადგან თავად ჩემი და მთელი სამყაროს მტვირთელი მომყავდა - ის, ვისაც სიტყვით უპყრია ყოველი".
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |