მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია > ქრისტიანული მოთმინება თუ ამსოფლიური ტოლერნტობა

ქრისტიანული მოთმინება თუ ამსოფლიური ტოლერნტობა


16-12-2012, 11:27
ქრისტიანული მოთმინება თუ ამსოფლიური ტოლერნტობა

 

   მოთმინების შესახებ მართლმადიდებლურ სწავლებას ადამიანი სულიერი სრულყოფის გზაზე მიჰყავს. წმინდა მამათა აზრით მოთმინება ერთ-ერთი უმთავრესი სათნოებაა, რაც გულისხმობს ჩვენს ცხოვრებაში მომხდარი ყველა უბედურების, განსაცდელისა და ჭირის უდრტვინველად გადატანას. „მოთმინების გარეშე ადამიანი ვერ შეძლებს სხვა სათნოებების შესრულებას" (იოანე კიბისღმწერელი). მოთმინების გარეშე შეუძლებელია შეიცნო ჭეშმარიტება, იგი აუცილებელია „რაითა ნებაი ღმრთისაი ჰყოთ და მოიღოთ აღნათქუამი იგი" (ებრ. 10,36). ცხონება სულისა, მაცხოვრის სიტყვისამებრ „მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი".
   მაშ ასე, თუ სულიერი აღმავლობა შეუძლებელია მოთმინების გარეშე, მაშინ „მოთმინება", რომელსაც დღეს „ტოლერანტობას" უწოდებენ, ხშირად სულაც არ არის ქრისტიანის კეთილმახასიათებელი თვისება. ჩვენ მოთმინებით უნდა გადავიტანოთ ყოველივე, რაც ჩვენს თავს ხდება, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით მომთმენნი, როდესაც ფეხქვეშ თელავენ სიწმინდეს, რყვნიან ჩვენს შვილებს, შეურაცხყოფენ ჩვენს ზნეობრივ გრძნობებს, ადამიანურ ღირსებას, როგორც ხატებას ღვთისას. ნებისმიერ მოსაზრებას ყველასთვის აუცილებლად და მნიშვნელოვნად ვერ ვაღიარებთ.
   განა შეიძლება პატივისცემით მოვეპყროთ ფანატიკურ სექტებს, რომელთა გავლენის ქვეშ ხშირად ექცევიან ჩვენი შვილები? ან პატივი ვცეთ ნაცისტების მრწამსს, რომლებიც სიკეთისა და სათნოების ცნების შერყვნით, ათასაობით ადამიანს ანადგურებდნენ, ცოცხლად წვავდნენ, მათ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდნენ, სამედიცინო ცდებს ატარებდნენ, ყველანაირად აწამებდნენ და ამცირებდნენ? განა შეიძლება პატივისცემით მიღება ჰიტლერისა და მისი მიმდევრების მოსაზრებებისა, რომ მხოლოდ გერმანელ ერს აქვს არსებობის უფლება, დანარჩენები კი შეიძლება ადამიანებადაც არ ჩავთვალოთ, როგორც ცხოველებს ისე მოვექცეთ?
   ჩვენ პატივს ვცემთ არა აღმსარებლობათა ნაირსახეობას, არამედ თითოეული ადამიანის თავისუფალ ნებასა და მასზე ღვთის განგებას. მოთმინება უნდა ვიქონიოთ „სხვაგვარად მოაზროვნე" ადამიანებისადმი, ვიდრე ისინი მართლმადიდებლური სიწმინდის შეურაცხყოფას არ დაიწყებენ.
   რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი, რაოდენ უსიმოვნოც არ უნდა იყოს იგი ჩვენთვის, სიყვარულის ღირსია: ღმერთს ყველანი ვუყვარვართ, ამიტომ ჩვენც სიყვარულით უნდა მოვითმინოთ სხვა ადამიანთა სისუსტენი და ნაკლოვანებები, არავითარ შემთხვვაში არ მოვიძულოთ ისინი, არამედ შევიბრალოთ, როგორც ავადმყოფი ადამიანები. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანის შებრალებით ცოდვა დავაკანონოთ. ამიტომ ყველას, ვისაც სურს, თავისი შვილი პატიოსანი, შრომისმოყვარე, მოსიყვარულე და მართალი იყოს, ანუ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, უფლება აქვს დაიცვას თავისი ოჯახი და შვილები იმ ადამიანთაგან, რომლებიც არა მარტო სახელმწიფო, არამედ ზნეობრივ და სინდისის კანონსაც არღვევენ, ვისაც შესწევს ძალა ადამიანი გაანადგუროს არა მარტო ფიზიკურად, არამედ სულიერადაც, რაც გაცილებით საშინელია. უფალი ბრძანებს: „ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ ხელეწიფების მოკვლად, არამედ გეშინოდნენ მისა უფროის, „რომელი შემძლებელ არს სულისა და ხორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა" (მათ. 10,28).
   თუკი „იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამ ქვეყნად" (დაბ. 6,5), მაშინ აღარ იარსებებს ცნება „ცოდვა", და ამასთანავე სიკეთისა და ბოროტების ცნებათა აღრევაც მოხდება. კაცობრიობა კი განადგურების საფრთხის წინაშე დადგება: გავიხსენოთ წარღვნა, ბაბილონის გოდოლის დანგრევა, სოდომისა და გომორის წარწყმედა.
   „დღეს ყველა ადამიანის საერთო ცოდვად სიმართლისადმი გულგრილი დამოკიდებულება უნდა მივიჩნიოთ" - ამბობს ღირსი იოსებ ვოლოცკი. ადამიანმა დაკარგა ის მარადიული ფასეულობები, რაც ღმერთმა მას შექმნისას უბოძა, "ის ფასეულობა, რომელსაც სინდისის ხმა უნდა გვახსენებდეს. ჩვენ დავივიწყეთ ღვთის მცნებები, საღმრთო სჯული, ამიტომაც „ვასუსტებთ ჩვენს რეაქციას არასასურველ ფაქტორებზე (ცოდვაზე), რადგანაც დასუსტებული გვაქვს შეგრძნება მის მიმართ". სწორედ ასეთი მნიშვნელობა ენიჭება დღეს სიტყვა „ტოლერანტობას", ვინაიდან იგი არ მოუწოდებს ადამიანს ყურადღება მიაქციოს ისეთ ზნეობრივ თვისებებს, როგორიცაა თავმდაბლობა, მშვიდობისმოყვარება, სულის სიმშვიდე, რომლის წყალობითაც, წმ. სერაფიმ საროველის თქმით, „ათასი გადარჩება". მოთმინების (ტოლერანტობის) ამგვარი გაგება თავმოყვარეობაზე, გულგრილობაზე, და ზოგჯერ ადამიანთა ღრმა სიძულვილზე დაფუძნებული, სულს უდიდეს ზიანს აყენებს და ცოდვისადმი მხოლოდ გულგრილობას იწვევს. ამის შესახებ დიდებულად წერს აბბა დოროთე, ადამიანის სულის უდიდესი მცოდნე. გავიხსენოთ მისი მოთხრობა ყმაწვილზე, რომელიც მშვიდად, გაუღიზინებლად ითმენდა ყოველგვარ დამცირებასა და წუხილს, რადგან ყველას ძაღლებად თვლიდა, რომლებიც თურმე ყურადღების ღირსნიც არ არიან.
   როგორც ვხედავთ, ამგვარ მოთმინებაში ჩანს სარგებლის მიღების სურვილი, მაგრამ ყოველგვარი ადამიანური თანაგრძნობის გარეშე. აქ ჩანს სურვილი თავი მშვიდად დააღწიო კონფლიქტურ სიტუაციას, არა მოყვასის სიყვარულზე დაყრდნობითა და წყალობით, არამედ უბრალო მიზეზის გამო, - მათ არ სურთ კამათი. საბოლოოდ კი, ამგვარი დამოკიდებულება დანაშაულის ნებაზე მიშვებას გამოიწვევს.
   ამრიგად, თუკი, მართლმადიდებლური განმარტებით, მოთმინება შეიცავს თავმდაბლობას, სიმშვიდეს, მოყვასისა და მტრისადმი სიყვარულსა და თავდადებას, „ტოლერანტობა" მიზნად არ ისახავს მოყვასის სიყვარულს, მისთვის თავდადებას, მისი გაჭირვების გაზიარებას. იგი ადამიანისადმი მხოლოდ ჩუშირის კატის ღიმილის მსგავს დამოკიდებულებას გულისხმობს: კატა არ არის, ღიმილი კი არის. ანუ ჩვენ ვხედავთ მოთმინების მხოლოდ გარეგნულ ასპექტს, ხოლო მოთმინებას, როგორც ზნეობრივ ფასეულობას - ვივიწყებთ.
   „ხოლო მე გეტყვი თქუენ: გიყვარდეთ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობენ თქუენ და გდევნიდნენ თქუენ" (მათ.5,44).
   

 

   „მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი" (ლუკ.21.19)



   ჟურნალიდან : „Свет православия"

   თარგმნა: დავით ჯინჭარაძემ 


 


უკან დაბრუნება