მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > აბბა იოანე კოლოვმა სულიერი მოღვაწეობის დასაწყისში თავისი არასწორი მოშურნეობით გადაწყვიტა, რომ უდაბნოში განმარტოებულიყო და ანგელოზს მიმსგავსებოდა; თუმცა პირველივე ღამეს ყინვამ ძმის სენაკთან დააბრუნა, მან კი კარი მხოლოდ მონანიების შემდეგ გაუღო

აბბა იოანე კოლოვმა სულიერი მოღვაწეობის დასაწყისში თავისი არასწორი მოშურნეობით გადაწყვიტა, რომ უდაბნოში განმარტოებულიყო და ანგელოზს მიმსგავსებოდა; თუმცა პირველივე ღამეს ყინვამ ძმის სენაკთან დააბრუნა, მან კი კარი მხოლოდ მონანიების შემდეგ გაუღო


28-09-2020, 16:39

 

 

   ნეტარმა მამამ, იოანე კოლოვმა (ეს სახელი მას სიმდაბლის გამო ეწოდა), ერი სიყმაწვილის ასაკში მიატოვა და თავის ღვიძლ ძმასთან, დანიელთან ერთად სკიტს შეაფარა თავი, სადაც ორივე ბერად აღიკვეცა. ისინი ერთ სენაკში დამკვიდრნენ და მარხვითა და ლოცვით შეუდგნენ ღვაწლს. განვლო ხანმა და იოანემ ძმას განუცხადა: „გადავწყვიტე, რომ სხეულზე საერთოდ არ ვიზრუნო, აღარ მსურს ცეცხლზე მომზადებული საკვების მიღება, მინდა, რომ უდაბნოში საზრუნავების გარეშე ვიცხოვრო, მსგავსად უხორცო ანგელოზისა". ეს თქვა თუ არა, სასწრაფოდ გაიძრო სამოსელი, სრულიად შიშველი სენაკიდან გავიდა და უდაბნოსაკენ გაეშურა. იმ ღამით საშინლად ყინავდა. იოანემ აუტანელ სიცივეს ვერ გაუძლო, ძმის სენაკთან დაბრუნდა და კარზე დაუკაკუნა. დანიელს სურდა, რომ ძმისთვის ჭკუა ესწავლებინა და მას კარგა ხანს არ უპასუხა, შემდეგ ლოცვა აღავლინა და გასძახა: „ასე დაჟინებით ვინ მიკაკუნებს კარზე?" „ეს მე ვარ, შენი ძმა, იოანე, ვეღარ გავუძელი ყინვას და დავბრუნდი, რათა შენ გემსახურო", - უპასუხა იოანემ. „დემონო, ხიბლში ნუ მაგდებ! - გასძახა დანიელმა, - განვედ ჩემგან, მე შენ კარს არ გაგიღებ. როგორ ბედავ, რომ თავს ჩემს ძმას უწოდებ, განა არ იცი, რომ ის ანგელოზია და საკუთარ სხეულზე ზრუნვასა და საზრდოსაც კი არ საჭიროებს? განვედ ჩემგან, ბოროტო!" იოანემ ლოცვა აღავლინა და ძმას შესძახა: „ეს მე ვარ, შენი ძმა, იოანე, ყინვას ვერ გავუძელი და გავაცნობიერე, რომ ხორცი გამაჩნია". როდესაც მან გულწრფელად მოინანია, ძმამ სენაკში ისევ მიიღო და განუცხადა: „ძმაო! ხორცში იმყოფები და ამის გამო საზრდოსა და სამოსისათვის უნდა იშრომო".

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება