მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ბერის მონათხრობი, რომელიც ქურუმის შვილი იყო, იმის შესახებ, თუ როგორ დასაჯა სატანამ ომის, ქარიშხლისა და ქორწილში მკვლელობის აღმძვრელი დემონები და როგორ განადიდა დემონი, რომელმაც ორმოცწლიანი ბრძოლის შემდეგ ცოდვით დასცა ბერი

ბერის მონათხრობი, რომელიც ქურუმის შვილი იყო, იმის შესახებ, თუ როგორ დასაჯა სატანამ ომის, ქარიშხლისა და ქორწილში მკვლელობის აღმძვრელი დემონები და როგორ განადიდა დემონი, რომელმაც ორმოცწლიანი ბრძოლის შემდეგ ცოდვით დასცა ბერი


24-09-2020, 15:38

 

 

   ერთმა თებელმა ბერმა, რომელიც კერპთაყვანისმცემელთა ქურუმის ვაჟი იყო, შემდეგი რამ გვიამბო: ბავშვობაში ის თურმე ხშირად შედიოდა ტაძარში და ხედავდა მამას, რომელიც მსხვერპლს სწირავდა კერპებს. ერთხელ, როდესაც მამამისი ტაძრიდან გამოვიდა, ბიჭი მალულად შეიპარა შიგნით და იქ სატანა იხილა, რომელიც ტახტზე იჯდა და გარს ეშმაკთა ლეგიონი ეხვია. ამ დროს მას ერთ-ერთი დემონი მიეახლა. სატანამ ჰკითხა: „საიდან მოხვედი?" ეშმაკმა უპასუხა: „მე ვიყავი ამა და ამ ქვეყანაში, იქ ომი და დიდი შფოთი წამოვიწყე, მოვაწყე სისხლისღვრა და გეახელი, რათა ამის შესახებ გაუწყო". „ეგ ყველაფერი რამდენ ხანში შეძელი?" - დაინტერესდა სატანა, „ოცდაათ დღეში", - უპასუხა დემონმა. განრისხებულმა უკუნეთის მბრძანებელმა იყვირა: „ამ ხნის განმავლობაში მეტი ვერაფერი მოახერხე?" და მისი გაშოლტვა ბრძანა. ამ დროს ეახლა მეორე დემონი, თაყვანი სცა და მოახსენა: „მე ზღვაზე ვიბატონე, აღვძარი ქარიშხალი, ჩავძირე გემები, დავხოცე მრავალი ადამიანი და მოვედი, რათა მოგახსენო ეს ყოველივე". სატანა მასაც ჩაეკითხა, თუ რამდენ ხანში შეძლო ეს ყოველივე. ეშმაკმა უპასუხა: „ოც დღეში". „ამდენ დროში ასე მცირე რამ შეძელი მხოლოდ?" - იღრიალა სატანამ და ისიც გასაშოლტად გადასცა. მაშინ მბრძანებელს მესამე დემონი მიეახლა, რომელმაც მოახსენა: „მე ვიყავი ამა და ამ ქალაქში, იქ ქორწილს ზეიმობდნენ, სუფრაზე დიდი ჩხუბი და აყალმაყალი გავაჩაღე, მოვაწყე სისხლისღვრა, მოვაკვდინე თავად ნეფე და გეახელი, რათა ყოველივე მომეხსენებინა". კითხვაზე, თუ რამდენ ხანში მოახერხა ეს, მან უპასუხა: „ათ დღეში". სატანამ წინამორბედთა მსგავსად ისიც გააშოლტვინა. ამ დროს უკუნეთის მბრძანებელს კიდევ ერთი დემონი ეახლა. სატანამ ჰკითხა: „საიდან მოხვედი?" „უდაბნოდა, - მიუგო დემონმა, - უკვე ორმოცი წელი შესრულდა, რაც იქ ერთ მონაზონს ვებრძვი და როგორც იქნა მისი დამარცხება შევძელი. ამ ღამით ბერი მრუშობის ცოდვით დაეცა". სატანამ ეს რომ მოისმინა, წამოდგა ტახტიდან, გადაეხვია დემონს, მოიხსნა გვირგვინი, რომელიც თავს უმშვენებდა და მას დაადგა, შემდეგ გვერდით მოისვა და უთხრა: „შენ ბრწყინვალე და დიდებული საქმე შეასრულე". ამის შემსწრე და გამგონე ქურუმის ვაჟმა საკუთარ თავს განუცხადა: „მონაზვნობის ხარისხი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა". ამის შემდეგ მან ქრისტიანობა მიიღო და მონაზვნური ღვაწლი იტვირთა.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება