მთავარი > ჭეშმარიტი სასწაულები, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > გოგონა, რომელმაც მუნჯ ბიჭუნას დასცინა, სიმუნჯითვე დაისაჯა; შემდეგში ის ღირსი სერგის შეწევნით სასწაულებრივად განიკურნა

გოგონა, რომელმაც მუნჯ ბიჭუნას დასცინა, სიმუნჯითვე დაისაჯა; შემდეგში ის ღირსი სერგის შეწევნით სასწაულებრივად განიკურნა


20-09-2020, 15:43

 

 

   1881 წლის ივნისის დასაწყისში ღირსი სერგის სავანეს ერთი მღვდელი, მამა დიმიტრი მურეტოვი, მეუღლესთან და ქალიშვილ მარიასთან ერთად ესტუმრა. მან ლავრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ კრონიდეს, ღვთის იმ დიდი მოწყალების შესახებ აუწყა, რომელიც მათ ქალიშვილს ღირსი სერგის მეოხებით მიეგო: „ჩვენი ქალიშვილი, - უამბო წინამძღვარს მამა დიმიტრიმ, - ჩვენი მრევლის ერთ მემამულესთან გავუშვით სტუმრად, რათა რამდენიმე დღე მის გოგონასთან ერთად გაეტარებინა. ერთ დღეს, როდესაც სადილის შემდეგ გოგონები აივანზე გამოვიდნენ, მათ მუნჯი ბიჭუნა მიუახლოვდა და მოწყალება ითხოვა. მარიამ თავისი ქარაფშუტობით ბიჭს დასცინა, საბრალო ამან ძლიერ გაანაწყენა და ტირილით განეშორა იქაურობას. მეორე დილით გოგონამ გამოღვიძებისთანავე იგრძნო, რომ მეტყველების უნარი წართმეოდა. შეწუხებულმა მარიამ სახლის უფროსს წერილობით აუხსნა ყოველივე. ამ უბედურების გამო ყველა შიშმა შეიპყრო და ამის შესახებ მაშინვე მაცნობეს. ქალიშვილი სასწრაფოდ მოსკოვში წავიყვანე და საუკეთესო სპეციალისტებს ვაჩვენე, თუმცა ამაოდ, რადგან ვერავინ მიხვდა მისი უეცარი დამუნჯების მიზეზს. განვლო რამდენიმე თვემ და სასოწარკვეთილი იმით, რომ ექიმები ვერაფრით მანუგეშებდნენ, ლოცვა დავიწყე და უფალს ქალიშვილის განკურნებას ვევედრებოდი. ერთხელ, შუაღამით, მე და ჩემს მეუღლეს გოგონას ხმა შემოგვესმა, რომელიც ძილში ვიღაცას ესაუბრებოდა. ჩვენ საჩქაროდ მისი ოთახისკენ გავწიეთ და ანთებული სანთლებით ჩუმად მივუახლოვდით მის საწოლს. ამ დროს მარიას გამოეღვიძა და ალაპარაკდა: „დედიკო, მამიკო! იცით რა საოცარი სიზმარი დამესიზმრა? მე ვიხილე უჩვეულოდ ლამაზი ბერი, რომელიც მომიახლოვდა და მითხრა: „შენ მეტყველების უნარი იმის გამო წაგერთვა, რომ მუნჯ ბიჭუნას დასცინე, მაგრამ წმინდა სერგი რადონეჟელის ღვთის წინაშე მეოხებით განიკურნე. მადლიერების ნიშნად მშობლებთან ერთად ფეხით წადი ღირსი სერგის მონასტერში და უფლის წყალობისთვის წმინდა მამას მადლობა შესწირე" - მამა დიმიტრიმ ასე დაასრულა ამ საკვირველი ამბის მოყოლა. ამ სასწაულმა მურეტოვების დანარჩენ ბავშვებზეც დიდი გავლენა მოახდინა და იმ დღიდან მოყოლებული, თანატოლებთან ურთიერთობაში განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენდნენ.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება