მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > უდაბნოში მოგზაურმა მწირმა ერთ-ერთ გამოქვაბულში ავი სულები იხილა, რომლებიც ბოროტ მბრძანებელს თავიანთი საქმიანობის შესახებ ანგარიშს აბარებდნენ...
უდაბნოში მოგზაურმა მწირმა ერთ-ერთ გამოქვაბულში ავი სულები იხილა, რომლებიც ბოროტ მბრძანებელს თავიანთი საქმიანობის შესახებ ანგარიშს აბარებდნენ...3-09-2020, 15:59 |
ერთი მონაზონი უდაბნოში მოგზაურობდა. დღე მიიწურა, მგზავრს შემოაღამდა და ღამის გასათევად თავი ერთ გამოქვაბულს შეაფარა. მან, ჩვეულებისამებრ, ლოცვები აღასრულა და ფსალმუნთა გალობას შეუდგა. ამასობაში კი შუაღამემ მოაწია და ცოტა ხნით ჩამოჯდა, რათა სხეულისთვის ძალების აღდგენის საშუალება მიეცა. უეცრად ძმამ იხილა დემონები, რომლებიც გამოქვაბულისკენ ყველა კუთხიდან იკრიბებოდნენ. ზოგი თავიანთ თავადს წინ მოუძღოდა, ზოგი კი უკან მოჰყვებოდა. მათი მბრძანებელი ყველაზე მაღალი იყო და ყველა მათგანზე საზარელი გარეგნობა ჰქონდა. ის ამაღლებულ ტახტზე დაბრძანდა და მკაცრი გამომეტყველებით თითოეული დემონის საქმიანობის განხილვას შეუდგა. მისი ბრძანებით ყოველი მათგანი, რომელმაც მოწინააღმდეგის შეცდენა ვერ მოახერხა, სამარცხვინოდ განიდევნებოდა. ის მათ დაუდევრობაში სდებდა ბრალს და რისხვას ატეხდა ტყუილად გაფლანგული დროისა და უნაყოფო შრომის გამო. მათ კი, რომლებმაც დავალება პირნათლად შეასრულეს, ხოტბას ასხამდა და მათ სიმამაცეს ყველასათვის სამაგალითოდ სახავდა, ირგვლივ კი დემონთა შეძახილები და მათი თავადის ქება-დიდება ისმოდა. მათ მხიარულებას შეუერთდა ერთ-ერთი ეშმაკი, რომელმაც ამაყად განაცხადა, რომ, მისი თხუთმეტწლიანი მცდელობისა და ჯაფის შედეგად, წინა ღამით ერთი ცნობილი მონაზონი სიძვის ცოდვით დაეცა. ავი სულების შეკრება სიხარულის დაუოკებელმა ტალღამ მოიცვა, ხოლო მბრძანებელმა იმ დემონს უსაზღვრო ხოტბა შეასხა. ირიჟრაჟა და ავი სულები თანდათან გაუჩინარდნენ, მონაზონი კი პელუზიისკენ გაემართა, სადაც ის ბერი მოღვაწეობდა, რომლის ცოდვით დაცემამაც აგრერიგად გაახარა დემონები. იქ შეიტყო, რომ სწორედ იმ ღამით ზემოთ ხსენებულმა მონაზონმა მონასტერი დატოვა და მეზობელ სოფელში სიძვით დაეცა. ამის გამგონე მწირი დიდი მწუხარებით აღივსო და მწარედ ატირდა.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |