მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ღირსმა მაკარიმ ტაძარში იხილა უამრავი ეთიოპი, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ღამისთევის მსახურებისას მონაზვნების ყურადღება გაეფანტათ

ღირსმა მაკარიმ ტაძარში იხილა უამრავი ეთიოპი, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ღამისთევის მსახურებისას მონაზვნების ყურადღება გაეფანტათ


22-08-2020, 00:02

 

   ერთხელ დემონებმა მაკარი ალექსანდრიელს უთხრეს, რომ მათ გარეშე ძმების არცერთი შეკრება არ ტარდებოდა: „წადი და იხილე ჩვენი საქმეები", - შესთავაზეს მათ წმინდა მამას. „შეგაჩვენოთ ღმერთმა, უწმინდურო დემონებო!" - შესძახა ბერმა, შემდეგ ლოცვად დადგა და უფალს შეევედრა გაეცხადებინა მისთვის იყო თუ არა სიმართლის ნატამალი დემონების თავმომწონეობაში. ამის შემდეგ ბერი სადღესასწაულო ღამისთევაზე წავიდა. წმინდა მამამ ღვთისგან კვლავ ითხოვა შემწეობა და აი, ხედავს, რომ მთელს ტაძარში დახტიან და ფრთაშესხმულებივით დაფრინავენ მომცრო ტანისა და საშინელი შესახედაობის ეთიოპები. შეკრების დროს საძმოს ასეთი წესი ჰქონდა: ერთი კითხულობდა ფსალმუნს, დანარჩენები კი უსმენდნენ ან საჭირო დროს წარდგომით პასუხობდნენ. ტაძარში გაფანტული ეთიოპები კი ძმებთან მირბოდნენ და თამაშს უწყებდნენ მათ, ზოგს თვალებს ორი თითით უხუჭავდნენ და ისიც მაშინვე თვლემას იწყებდა, ზოგს თითს უდებდნენ პირში და ისიც მეყსეულად მთქნარებას იწყებდა... აი, დასრულდა ფსალმუნთა კითხვა და როგორც კი ძმები ღვთის წინაშე სალოცავად დადგნენ, მაშინვე ერთი ძმის წინ ქალის სახემ გაიელვა, მეორის წინ რაღაც მშენებლობამ, ზოგს კიდევ რა წარმოუდგა თვალწინ და ზოგს - რა... როგორც კი ავი სულები გამოცდილი მსახიობებივით რაღაც სანახაობას აწყობდნენ, მაშინვე ეს სპექტაკლი მლოცველი ძმების გულში ხვდებოდა და გულისთქმებს აღუძრავდა მათ. ხდებოდა ისეც, რომ ზოგიერთ ძმასთან მიახლოვებული დემონები ჩერდებოდნენ, კრთებოდნენ და თითქოს რაღაც ძლიერი ძალით უკუგდებულნი უკანვე ხტებოდნენ, ამის შემდეგ კი იმ ძმას ახლოსაც აღარ ეკარებოდნენ. სამაგიეროდ უფრო სუსტ ძმებს კისერზე ეხვეოდნენ და ზურგზე ახტებოდნენ, ალბათ იმიტომ, რომ ისინი უგულისყუროდ ლოცულობდნენ. ამის მხილველმა ღირსმა მამამ მძიმედ ამოიოხრა და ატირდა. როცა ლოცვა დასრულდა, ბერმა გადაწყვიტა თავისი ხილვის უტყუარობაში დარწმუნებულიყო. მან თავისთან მოუხმო ძმებს, რომლებსაც ბოროტი სულები დასცინოდნენ და სათითაოდ გამოჰკითხა, ხომ არ ფიქრობდნენ ისინი ლოცვის დროს მშენებლობაზე, ანდა ქალზე, ან რაიმე სხვა საქმეებზე - დემონების მიერ შეთავაზებული საცთურების შესაბამისად. ყოველმა მათგანმა აღიარა ის, რაშიც წმინდა მამამ ამხილა. ამგვარად გაცხადდა, რომ ყველა ამაო გულისთქმა, რომლებიც ფსალმუნთა კითხვისა თუ ლოცვის დროს გვეუფლება, დემონების მონდომებით ჩნდება. ხოლო ვინც მკაცრად აკონტროლებს და იცავს თავს გულისთქმებისაგან, მისგან დემონები შორს გარბიან, სული, რომელიც უფლისკენ ისწრაფის და ლოცვის დროს ყურადღებითაა, არ მიიღებს გარედან არაფერს უცხოსა და უჩვეულოს.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება