მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > თუ როგორ დაეხმარა იღუმენი დავრდომილ გლახაკს, რომელსაც მისმა მოწაფეებმა ზურგი აქციეს; გლახაკი უხილავი შეიქნა, ხმამ კი იღუმენს ამცნო დაერწმუნებინა მოწაფეები, რომ თუკი ცხონება სურდათ, მოწყალენი ყოფილიყვნენ

თუ როგორ დაეხმარა იღუმენი დავრდომილ გლახაკს, რომელსაც მისმა მოწაფეებმა ზურგი აქციეს; გლახაკი უხილავი შეიქნა, ხმამ კი იღუმენს ამცნო დაერწმუნებინა მოწაფეები, რომ თუკი ცხონება სურდათ, მოწყალენი ყოფილიყვნენ


21-08-2020, 00:02

 

 

   ერთ კინობიურ (საერთო საცხოვრებლის ტიპის) მონასტერს ჰყავდა იღუმენი, წმინდა თავისი ცხოვრებით, შემკული ყველა სათნოებით და ღატაკებისა და მდაბიოების მიმართ მოწყალე. წინამძღვარი გამუდმებით ლოცულობდა და ღმერთს შესთხოვდა: „უფალო! ვიცი, რომ ცოდვილი კაცი ვარ, მაგრამ შენი მადლის წყალობით მაქვს სასოება გადარჩენისა. გევედრები, ჩემო მეუფევ! ნუ დამაშორებ ჩემს სულიერ ოჯახს, ნურც ამ წუთისოფელში და ნურც მარადიულ ცხოვრებაში!" წმინდანი ამ ლოცვას ხშირად იმეორებდა. მისი ვედრება ღვთის მიერ იქნა შესმენილი და უფალმა თავის ჭეშმარიტ მსახურს მოხედა. მეზობელ მონასტერში დღესასწაული იყო, რომელზედაც იღუმენი და მისი მონაზვნებიც მიიწვიეს. მას წასვლა არ სურდა, მაგრამ ძილში ხმა ჩაესმა: „წადი დღესასწაულზე, თუმცა წინ შენი მოწაფეები გაუშვი, თავად კი მოგვიანებით გაჰყევი უკან". როდესაც დრო მოვიდა, მონაზვნები გზას გაუყვნენ, გზად ერთი მდაბიო შემოხვდათ, რომელსაც უამრავი ჭრილობა ჰქონდა და დაუძლურებული იწვა. ძმებმა მას სნეულების მიზეზი ჰკითხეს, გლახამ უპასუხა: „მე, დავრდომილსა და ძალაგამოცლილს, თავს მხეცი დამესხა, დამგლიჯა და გაიქცა, არც აღარავინ გამოჩნდა, რომ სოფლამდე მიმიყვანოს". მაშინ მონაზვნებმა განუცხადეს: „ჩვენ ქვეითად ვართ, არც ვირი გვყავს, ამიტომ ვერაფრით დაგეხმარებით". მიატოვეს დავრდომილი გლახა და გზა განაგრძეს. ცოტა ხნის შემდეგ იღუმენმა გამოიარა და დაჭრილი და სნეული კაცი იხილა, რომელიც იწვა და საცოდავად კვნესოდა. როდესაც მისი ასეთი მდგომარეობის მიზეზი შეიტყო, ჰკითხა: „ჩემამდე აქ მონაზვნებმა თუ გაიარეს და ამ გაჭირვებაში თუ გიხილეს?" „თავს დამადგნენ, ყოველივე დაწვრილებით გამომკითხეს, მითხრეს: „ქვეითნი ვართ და ვერ დაგეხმარებითო" და გზა განაგრძეს. - უპასუხა გლახაკმა. წინამძღვარმა შესთავაზა: „თუ შეძლებ, ჩემთან ერთად წამოდი და ნელ-ნელა ვიაროთ". „ვერ შევძლებ," - უპასუხა სნეულმა გლახამ. – „მაშინ, ღვთის შეწევნით, ჩემი მხრებით მიგიყვან სოფლამდე." მდაბიო მის გადარწმუნებას შეეცადა და უთხრა: „მამაო! როგორ შეძლებ მაგას მარტო? წინ დიდი გზაა, შენ წადი და დასახმარებლად ვინმე გამოგზავნე". „ცოცხალია უფალი, ღმერთი ჩემი! მე აქ არ მიგატოვებ!" - უპასუხა წინამძღვარმა, მხრებზე წამოიკიდა სნეული გლახა და გზას გაუდგა. ბერი თავიდან ზურგზე გლახას სხეულის სიმძიმეს გრძნობდა, შემდეგ ის თანდათან შემსუბუქდა და საბოლოოდ, საერთოდ აღარ იგრძნობოდა. იღუმენი გააოგნა იმან, რომ კაცი, რომელიც ზურგით მიჰყავდა, უეცრად უხილავი შეიქნა. მოულოდნელად ზეციდან ხმა ჩამოესმა: „შენ გამუდმებით ლოცულობ შენი მოწაფეებისთვის, რათა ისინი ღირსნი გახდნენ მარადიული ცხოვრებისა, მაგრამ შენი საქმენი სხვაა და მათი კი სულ სხვა. თუ გსურს, რომ შენი ვედრება შესმენილ იქნეს, მოწაფეები დაარწმუნე, რომ შენსავით მოიქცნენ, რადგან მე მართალი მსაჯული ვარ და ყველას თავისი საქმეებისამებრ მივაგებ".

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება