მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ისტორია აბბა ევსტათის შესახებ, რომელიც მძიმე განსაცდელში ჩავარდა და კინაღამ დაიღუპა იმის გამო, რომ მოძღვრის წინაშე თავისი გულისთქმები არ აღიარა
ისტორია აბბა ევსტათის შესახებ, რომელიც მძიმე განსაცდელში ჩავარდა და კინაღამ დაიღუპა იმის გამო, რომ მოძღვრის წინაშე თავისი გულისთქმები არ აღიარა19-03-2020, 16:18 |
აბბა ევსტათიმ გვიამბო: „როდესაც ერში ვცხოვრობდი, საზრდელს მზის ჩასვლამდე არასდროს ვიხმევდი. ჩემს დუქანში ყოფნისას წიგნს არ ვუშვებდი ხელიდან და ვიდრე ჩემი მსახურები საქონელს ყიდდნენ და იღებდნენ, მე განუწყვეტლივ ვკითხულობდი. პარასკეობითა და შაბათობით გლახაკთათვის მოწყალებას გავცემდი. ზარების რეკვისთანავე ტაძრიდან მივიჩქაროდი ისე, რომ იქ მისვლას ვერავინ მასწრებდა. როდესაც ეკლესიიდან გამოვდიოდი, ყველა ღატაკს ჩემს სახლში ვიწვევდი, რათა ჩემთან ერთად გაენაწილებინათ ტრაპეზი. ტაძარში ღამისთევის მსახურებაზე ყოფნისას ერთხელაც კი არ ჩამთვლემდა და ყოველივე ამის გამო საკუთარი თავი დიდი მეღვაწე მეგონა. ყველასთვის პატივსაცემი კაცი ვიყავი. მოულოდნელად ჩემი ვაჟი გარდაიცვალა. ქალაქის დიდებულები ნუგეშისაცემად მოდიოდნენ ჩემთან, მაგრამ მე არაფერი მანუგეშებდა. უსაზღვრო მწუხარებისაგან ისე დავსნეულდი, რომ სიკვდილის პირას მივედი, მაგრამ შვიდი თვის შემდეგ გამოვჯობინდი. იმ დღიდან საკუთარ სახლში ოთხი წელიღა ვიცხოვრე, ამ ხნის განმავლობაში ვიღწვოდი რამდენადაც შემეძლო და ცოლსაც სულიერ დასავით ვეპყრობოდი. როდესაც რომელიმე სკიტის მონაზონს ვხვდებოდი, სახლში ვიწვევდი, რათა ჩემთან ერთად გაეტეხა პური. მათ გამუდმებით წმინდა ბერების მიერ აღსრულებული სასწაულების შესახებ ვეკითხებოდი და ასე ნელ-ნელა გამიჩნდა მონაზვნობის სურვილი. ცოლი დედათა მონასტერში წავიყვანე, თავად მე კი ნაცნობ ბერთან, აბბა იოანესთან, წავედი სკიტში. მან ბერად აღმკვეცა. ჩემს გარდა ნეტარს კიდევ ორი მოწაფე ჰყავდა. რაკი ხედავდნენ ეკლესიის მიმართ ჩემს განსაკუთრებულ გულისხმიერებას, ყველა პატივისცემით მეპყრობოდა. სკიტში ხუთი თვის ცხოვრების შემდეგ სიძვის ბრძოლებმა შემომიტიეს. ბოროტი არა მხოლოდ ჩემს ცოლზე აღმიძრავდა ფიქრებს, არამედ იმ მონა ქალებზეც, რომლებიც უწინ ჩემს სახლში ცხოვრობდნენ. ბილწი გულისთქმები წუთითაც კი არ მანებებდნენ თავს, ნეტარ მამას კი როგორც დემონს, ისე შევცქეროდი და მისი წმინდა სიტყვები განგმირავ ისრებად მეჩვენებოდა. როდესაც ტაძარში ღამისთევის მსახურებაზე ვიდექი, თვალს ვერ ვახელდი მორეული ძილქუშისაგან. ამ ყველაფრის გამო სასო მრავალჯერ წარმეკვეთა. მებრძოდა მუცელღორობის დემონიც, მებრძოდა ისე, რომ ხშირად მალულად ვიპარავდი პურის ნარჩენებს და ვჭამდი და ვსვამდი სხვებისგან დაფარულად. ჩემი გულისთქმები შთამაგონებდა, რომ სკიტი დამეტოვებინა და აღმოსავლეთისკენ გავქცეულიყავი, დავსახლებულიყავი რომელიმე ქალაქში, სადაც არავინ მიცნობდა და იქ მივცემოდი ავხორცულ ვნებებს ან ცოლი მეთხოვა. ბერი, ამჩნევდა რა ჩემში ცვლილებებს, ყოველდღიურად მმოძღვრავდა და მარიგებდა: „შვილო ჩემო, მაცდური გულისთქმები გესხმიან თავს და სულს გიფორიაქებენ, შენ კი მათ ჩემთან არ აღიარებ". მე ვპასუხობდი: „მამაო, არავითარი გულისთქმები არ მაწუხებენ, მე ჩემს ცოდვებზე ვფიქრობ და მათ გამო ვმწუხარებ". ასეთი ბილწი და ცბიერი გულისთქმებით შეპყრობილმა გავატარე თხუთმეტი თვე. ერთხელ, კვირა რომ თენდებოდა, ძილში ვიხილე, რომ ალექსანდრიაში ვიმყოფებოდი და გადავწყვიტე, წმინდა მოციქულისა და მახარებლისთვის - მარკოზისათვის მეცა თაყვანი. უეცრად წინ უამრავი ეთიოპი შემომხვდა. ისინი გარშემო შემომეხვივნენ და შემიპყრეს. შემდეგ შავი გველით ხელები შემიკრეს, მეორე გველი კისერზე რკალად შემომახვიეს, მესამე მხრებზე შემომადეს, ხოლო მეოთხე წელზე შემომასარტყლეს. მოიყვანეს ეთიოპი ქალები, რომელთაც იმ ქალების სახე მიეღოთ, რომლებიც ოდესღაც ჩემს სახლში მსახურობდნენ და მათ კოცნა და სახეში ფურთხება დამიწყეს. გაუსაძლისი იყო მათი სიმყრალე. გველებმა ფეხების, სახისა და თვალების დაგესლვა დამიწყეს. გარს შემოხვეულმა ეთიოპებმა კი ბაგეები გამიხსნეს, ცეცხლოვანი კოვზით რაღაც ჩამიდეს და თან დამძახოდნენ: „ჭამე და გაძეხი". შემდგომ ამისა სასმისი მოიტანეს და განაცხადეს: „მოუტანეთ წყალი და ღვინო და ასვით" და გოგირდნარევი ცხელი ფისი (გუდრონი) დამალევინეს. ამის შემდეგ კი ცეცხლოვანი რკინები მირტყეს და თან ამბობდნენ: „წავიყვანოთ ქალაქ ედესაში და იქაც შეურაცხვყოთ". ამ უბედურებაში ჩავარდნილმა უეცრად ენით აღუწერელი სილამაზის ნათლით მოსილი ორი კაცი შევნიშნე. ისინი წმინდა მარკოზის ტაძრიდან გამოდიოდნენ. ეთიოპები მათ დანახვაზე გაიქცნენ, მე კი ჩემს მხსნელებს შევღაღადე: „გემუდარებით, შემიწყალეთ!" „რა შეგემთხვა?" - მკითხეს კაცებმა. „ტაძარში მივდიოდი და ავაზაკებს გადავეყარე, შეხედეთ რა დღეში ჩამაგდეს", - მივუგე მე. ამაზე ერთ-ერთმა მათგანმა განმიცხადა: „კარგად უქნიათ, კიდევ უფრო მეტს იმსახურებ, მაგრამ შენი ტვირთისაგან ვერავინ გაგათავისუფლებს აბბა იოანეს გარდა, რომელთანაც ცხოვრობ და რომელსაც განუდექი შენი ურწმუნოებით". ნათლით მოსილი კაცები ამ სიტყვებით გამშორდნენ, მე კი ავღრიალდი: „ერთარსება სამებას გაფიცებთ, შემიწყალეთ!" ჩემს ყვირილზე ძმები მოვიდნენ და გამომაღვიძეს. მე ერთიანად ცრემლებით ვიყავი დასველებული. ნანახით შეძრწუნებული მაშინვე ბერთან გავიქეცი, მის ფერხთით დავემხე და ჩემი ხილვის შესახებ ვუამბე. ბერმა განმიცხადა: „ეთიოპები დემონებს განასახიერებენ, გველები - ბილწ გულისთქმებს, რომელთაც აღსარებაში არ მიმხელ. ცეცხლოვანი რკინა სიძვის დემონის ბრძოლაა, ეთიოპი ქალები - მაცდური გულისთქმები, ცეცხლოვანი კოვზი კი, რომლითაც ბაგეები გაგიხსნეს, განკითხვის ეშმაკებს წარმოადგენს, ხოლო სასმისი, რომელიც შეგასვეს, არის შენი სულიერი მდგომარეობა, რომელშიც გულისთქმებთან თანხმობის გამო აღმოჩნდი. ის სიმყრალე, რომელიც ასე გზარავდა, სწორედ ის ზიზღია, რომელიც ჩემი და ძმების მიმართ აღგეძრა. ფისი და გოგირდი კი ის პური და წყალია, რომელსაც მალულად იხმევდი. იცოდე, შვილო, ის სათნოებები, რომელთაც ერში აღასრულებდი, სიამაყისა და განდიდების გამოვლინება იყო. შენი მღვიძარება, შენი განუწყვეტელი სიარული ტაძარში, შენ მიერ გაცემული მოწყალებები, ყოველივე ეს ადამიანური დიდებისათვის აღესრულებოდა. სწორედ ამ მიზეზით არ გესხმოდა მაშინ თავს სატანა. ახლა კი, როცა ნახა, რომ მის წინააღმდეგ შეიარაღდი, მანაც შემოგიტია. შვილო ჩემო, შემდგომში იცოდე, რომ როგორც კი სული აგიფორიაქდება და ცბიერ გულისთქმათა ქარიშხალი შემოგიტევს, ყოველივე მე, შენს სულიერ მამას, გამიმხილე, ანდა ძმებს, რომლებიც შენთან ერთად ცხოვრობენ და ღვთის სასოება არ დაკარგო, რათა ყოვლადმოწყალე დაგეხმაროს მრავალთა მსგავსად". ასე დამმოძღვრა წმინდა მამამ და ჩემს სენაკში დამაბრუნა. იმ დღიდან მოყოლებული, მისთვის ჩემი გულისთქმები აღარასოდეს დამიფარავს და სულ მალე სულიერი სიმშვიდეც მოვიპოვე".
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |