მთავარი > წმიდათა ცხოვრება, ჭეშმარიტი სასწაულები, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > თუ როგორ გამოეცხადა დემონი მსახურის სახით პეტრე ათონელს და როგორ გაუჩინარდა ის ღვთისმშობლის ხსენებისას

თუ როგორ გამოეცხადა დემონი მსახურის სახით პეტრე ათონელს და როგორ გაუჩინარდა ის ღვთისმშობლის ხსენებისას


18-08-2020, 18:33

თუ როგორ გამოეცხადა დემონი მსახურის სახით პეტრე ათონელს და როგორ გაუჩინარდა ის ღვთისმშობლის ხსენებისას

 

 

   დემონი ყოველთვის ბოროტი, ცბიერი, ვერაგი და ურცხვია. ერთი წლის შემდეგ, რაც წმინდა პეტრე ათონზე დასახლდა, მის წინააღმდეგ ბრძოლაში რამდენიმე მწარედ განცდილი მარცხის მიუხედავად, ბოროტმა დიდი მოღვაწის საცდუნებლად ახალ და ყველაზე მზაკვრულ ხერხს მიმართა. მან წმინდა პეტრეს ერთ-ერთი მსახურის სახე მიიღო და ღვაწლმოსილ მამას მღვიმეში გამოეცხადა, ურცხვად უწყო ხვევნა და ამბორი თავის ბატონს, შემდეგ ჩამოჯდა და თვალთმაქცურად და პირფერულად გაუბა საუბარი, მეტი დამაჯერებლობისათვის შიგა და შიგ ცრემლსაც კი ურევდა. „ჩემო ბატონო, ჩემო სიამაყევ და ნათელო, - დაიწყო ეშმაკმა, - ბევრისგან გვსმენია, რომ ომის დროს უღმერთოებმა და ბარბაროსებმა შეგიპყრეს და ციხეში გამოგამწყვდიეს. შემდეგ შევიტყვეთ, რომ ყოვლადმოწყალემ საშინელი საპყრობილიდან დაგიხსნა და რომში ჩაგიყვანა. თუმცა ღმერთმა ისევ დიდი მწუხარებისა და ტირილისთვის გაგვიმეტა, რადგან ვეღარ შევიტყვეთ სად გაუჩინარდი რომიდან. როცა ვერ გიპოვეთ და შენ შესახებ ვერაფერი გავიგეთ, წმინდა სასწაულმოქმედ ნიკოლოზს მივმართეთ მხურვალე ვედრებით. წმინდა ნიკოლოზმა ჩვენ, უღირსები, უნუგეშოდ არ მიგვატოვა და მალე გაგვიმხილა ჩვენი შეუფასებელი საუნჯის სამყოფელი, მან შენი თავი გვაპოვნინა. და აი, მე, რომელსაც ყველაზე ძლიერ უყვარხარ შენს მსახურთაგან, დავასწარი მათ და მოვედი შენთან, ჩემს ბატონთან. ცხადია, ჩემო მბრძანებელო, რომ სხვა გზა არ გრჩება გარდა იმისა, რომ ჩემთან ერთად შენს ძვირფას სახლს დაუბრუნდე და შენი გამოჩენით უსაზღვროდ გაახარო შინაურები და მეგობრები. კარგად მოგეხსენება, თუ რამდენი ადამიანია ჩვენ გარშემო ვნებებს დამონებული, რომლებსაც დემონთა მზაკვრობისა და ვერაგობისგან დასახსნელად და ჭეშმარიტი ღვთისაკენ მოსაქცევად, უფლის გარდა, გვერდით ჭეშმარიტი მოძღვარიც სჭირდებათ. შენ დიდ ჯილდოს მიიღებ, თუკი ეშმაკს დამონებულ და გზასაცდენილ ხალხს კვლავ ყოვლისშემწე უფალს აპოვნინებ". დემონი არ ცხრებოდა და გაუჩერებლად ლაპარაკობდა. წმინდა ბერი ბოროტ სულთან საუბარმა მოულოდნელად ააფორიაქა და გულის უცნაური ცემა იგრძნო, თუმცა თავისი უეცარი მღელვარების მიზეზს თავადაც ვერ მიმხვდარიყო. სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან ბოროტის გამოჩენისას ადამიანს ყოველთვის უფორიაქდება სული, ხოლო ანგელოზის სიახლოვისას ყოველთვის ხარობს და უსაზღვრო ნეტარებას განიცდის. ამ საშინელ მდგომარეობაში აღმოჩენილი წმინდანი ტიროდა და ცრემლებით დანამული სახით ეუბნებოდა დემონს: „იცოდე, ადამიანო, რომ ამ ადგილას არც კაცმა მომიყვანა და არც ანგელოზმა, არამედ თავად უფალმა და დედა ღვთისმშობელმა, ამიტომაც მათი ნების გარეშე აქაურობას ვერ დავტოვებ". როგორც კი წმინდა ღვთისმშობლის სახელი ესმა, დემონი მყისვე გაუჩინარდა. წმინდა პეტრე ეშმაკის კადნიერებამ და თავხედობამ გააოგნა, დიდება აღუვლინა უფალსა და წმინდა მარიამს, ისევ მორჩილებით, თავშეკავებით, თავმდაბლობით, ლოცვითა და მარხვით შეუდგა მოღვაწეობას და ჭეშმარიტი სიყვარულისა და გონების სიწმინდის დიდ სიმაღლეებს მიაღწია.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება