მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > დემონისგან ცდუნებული მოღვაწე მონასტრიდან გამოვიდა და ცოდვით დაეცა; სინანულში ჩავარდნილი კი სენაკში დაეყუდა და აღდგომის ღამეს საკვირველად ანთებული კანდელით ეუწყა, რომ უფალმა შეიწყალა
დემონისგან ცდუნებული მოღვაწე მონასტრიდან გამოვიდა და ცოდვით დაეცა; სინანულში ჩავარდნილი კი სენაკში დაეყუდა და აღდგომის ღამეს საკვირველად ანთებული კანდელით ეუწყა, რომ უფალმა შეიწყალა18-08-2020, 00:02 |
იყო ერთი ძველი მოღვაწე, წარმატებული ღვთისმოსაობაში, რომელიც იმ ქვეყნებში მოღვაწეობდა, რომლებსაც ანტინოე მართავდა. მოღვაწეთაგან გვსმენია, რომ მის სიტყვასაც და საქმესაც მრავალი ადამიანისთვის მოჰქონდა სარგებელი. მაგრამ მტერს შეშურდა მისი და ცრუ-სათნოების სახით გულისთქმა აღუძრა, თითქოს არავინ იყო ვალდებული მისთვის ეშრომა და რომ თავად უნდა ეზრუნა სხვათათვის. სხვათა მსახურების, ღვთის წინაშე ლოცვითი ღვაწლისა და მდუმარებით ცხოვრების გამო შურით აღვსილი ბოროტი სული ბერს გამუდმებით ჩასძახოდა: „თავად იზრუნე საკუთარი თავისთვის, წადი, შენი ხელთნაკეთობები ქალაქში გაყიდე, შეიძინე რაც გესაჭიროება და ისევ შენს სენაკს დაუბრუნდი". და ისიც, ამ თითქოსდა სათნო გულისთქმას მინდობილი, მონსატრიდან გავიდა. და თუმცა დიდი და სახელგანთქმული მოღვაწე იყო, სატანის უსაზღვრო ვერაგობის მიმართ გამოუცდელი აღმოჩნდა. განვლო ხანმა, მონაზონი ერთ დედაკაცს შეხვდა, საკუთარი უყურადღებობის გამო მისით მოიხიბლა და მტრის ნებას მიდევნებული ერთ მიტოვებულ ადგილას სიძვით დაეცა. როცა გონს მოეგო, მიხვდა, რომ თავისი დაცემით სატანა გაახარა და სასო წარეკვეთა, რადგან გააცნობიერა, რომ შეურაცხყო სულიწმინდა, ანგელოზები და წმინდა მამანი, რომელთა მეოხებითაც მრავალი ამარცხებდა მტერს. მწუხარებისგან გონებაარეული თავისი ცოდვის გამოსასწორებლად კი არ დაფიქრდა, არამედ გადაწყვიტა, რომ მდინარის ტალღებისთვის მიეცა თავი. მოწყალე უფალმა მოხედა სასოწარკვეთილ ბერს და შეეწია, რომ არ დაღუპულიყო მტრის გადასახად. ბერი გონს მოეგო და ტირილითა და გულწრფელი სინანულით განიზრახა ეთხოვა უფლისაგან ცოდვების მიტევება, ის კვლავ თავის მონასტერში დაბრუნდა, სენაკში დაეყუდა და გლოვასა და ვერდებაში ატარებდა დღეებს, მარხვით, ლოცვითა და მღვიძარებით სხეულს აძაბუნებდა, თუმცაღა დასტურად თავისი სინანულისა არანაირი ნიშანი არ ეძლეოდა. ძმები გამუდმებით აკითხავდნენ ბერს სარგებლის მისაღებად, ის კი კარს არავის უღებდა და პასუხობდა: „მე სიტყვა დავდე, რომ მთელი წელი გულწრფელად ვიგლოვებ", და ევედრებოდა მათ, რომ მისთვის ელოცათ. მან აღარ იცოდა როგორ მოქცეულიყო, რომ გარშემომყოფები არ ეცდუნებინა, რადგან ისინი მას პატიოსან და დიდ მოღვაწედ მიიჩნევდნენ, ამიტომ თავის სენაკში გამოიკეტა და მთელი წელი გაძლიერებულ მარხვასა და გულწრფელ სინანულში გაატარა. აღდგომის წინა ღამით ბერმა ახალი კანდელი გააწყო, მაგრამ არ აანთო, შემდეგ ლოცვად დადგა და უფალს შეევედრა: „აღმადგინე, უფალო, განადგურებული, ამინთე კანდელი შენი ცეცხლით, რათა შენს მოწყალებას მინდობილმა და იმედმოცემულმა შევძლო, რომ დარჩენილი ცხოვრება, რომელსაც მომმადლებ, დავიცვა შენი მცნებები და არ განვეშორო შენს შიშს, არამედ უწინდელზე მეტი გულმოდგინებით გემსახურო". ბერმა მდუღარე ცრემლებით შეხედა კანდელს და როცა ნახა, რომ არ ანთებულიყო, კვლავ ძირს დაემხო და უფალს შეჰღაღადა: „ღმერთო ჩემო! ვიცი, ეს განსაცდელი იმისათვის მომეცა, რომ ჯილდოდ გვირგვინი მიმეღო, მაგრამ მე საცდურს წინ ვერ აღვუდექი და ხორციელ ვნებებს მიცემული უწმინდურებას დავემორჩილე. შემიწყალე, უფალო, კვლავ ვაღიარებ ჩემს დაცემულობას შენ, შენი ანგელოზებისა და ყველა მართლის წინაშე, და რომ არ მეშინოდეს სხვათა ცდუნების, ხალხის წინაშეც ვაღიარებდი მას. შეიწყალე და შეიბრალე ჩემი სული, უფალო! გევედრები, გამომაცოცხლე!" ბერმა სამგზის წარმოთქვა ეს ლოცვა და უფალმაც შეისმინა მისი მხურვალე ვედრება: როდესაც წამოდგა, იხილა, რომ კანდელი ანთებულიყო. უფლის იმედით აღვსილი და ამ სიხარულით განმტკიცებული ბერი ღვთის ეგზომ უსაზღვრო მოწყალებამ გააოცა... საკვირველად ანთებული კანდელის ცეცხლს ის სიცოცხლის ბოლომდე ინახავდა, მხოლოდ ზეთს უცვლიდა და ზევიდან ფრთხილად ასწორებდა, რათა არ ჩამქრალიყო. ამგვარად, მასში კვლავ დაივანა სულიწმდინდამ და თავისი სიმდაბლით, აღსარებითა და ღვთისადმი მადლიერებით ყველასათვის ცნობილი შეიქნა.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |