მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 17 დეკემბერი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა ქალწულმოწამე ბარბარესი
17 დეკემბერი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა ქალწულმოწამე ბარბარესი16-12-2024, 18:32 |
კეისარ
მაქსიმიანეს (IVს.) დროს ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში წარჩინებული გვარის
კაცი, დიოსკორე ცხოვრობდა, რომელიც მალე დაქვრივდა და ერთადერთი
ქალიშვილი, ბარბარე დარჩა. მას სილამაზით ვერავინ შეედრებოდა. მამამ
გადაწყვიტა, შვილი მდაბიო და უზნეო ადამიანების თვალისგან მოერიდებინა,
კოშკში გამოკეტა და აღსაზრდელად წარმართ მასწავლებლებს ჩააბარა. კოშკში
გამოკეტილ ბარბარეს ჭეშმარიტების პოვნის სურვილი გაუჩნდა. "არა, ღმერთი უნდა იყოს ერთი და ხელთუქმნელი, თავად კი – შემოქმედი ყოველივესი", ღვთიურმა მადლმა სწორედ ეს სიტყვები შესძახა წმიდანს. ის არც
გათხოვებაზე, არც ძვირფას სამოსსა თუ სამკაულებზე ფიქრობდა.
ხელის მთხოვნელი კი ბევრი ჰყავდა. დიოსკორემ შვილს სთხოვა, საქმრო
მრავალრიცხოვან ჭაბუკთაგან თავად აერჩია, რაზეც მამამ მტკიცე უარი მიიღო.
დიოსკორემ გადაწყვიტა, ბარბარესთვის თავისუფლება მიეცა, რათა უცხო
ადამიანებისა და მათი ცხოვრების წესის გაცნობის შემდეგ გათხოვების სურვილი
თავადვე გასჩენოდა. და ბრძანა, ბარბარესთვის მდიდრული აბანო აეშენებინათ,
რომელსაც მზისა და მთვარის თაყვანისცემის ნიშნად ორი სარკმელი ექნებოდა.
მალე დიოსკორეს საქმის გამო შორს გამგზავრება მოუხდა. თავისუფლად მყოფმა ბარბარემ ქრისტიანი ქალწულები გაიცნო, რომელთაგან იესო ქრისტეს სახელი, მისი მოძღვრების, სასწაულების, ჯვარცმისა და აღდგომის შესახებ გაიგო. ქალწულმა მტკიცედ გადაწყვიტა ქრისტიანი გამხდარიყო. ღვთის ნებით, ილიოპოლისში ალექსანდრიიდან ხუცესი ჩავიდა. ბარბარემ იგი თავისთან მიიწვია, გულით აღიარა ქრისტიანული მოძღვრება და მოინათლა. მას შემდეგ გულმოდგინედ ლოცულობდა, მარხულობდა. ქალწულობის აღთქმა დადო და გადაწყვიტა, დარჩენილი სიცოცხლე ღვთის სამსახურში გაელია. ერთხელ ბარბარე ბაღში სეირნობდა, სადაც მამამისის ბრძანებით აბანოს
აშენებდნენ. მან მარმარილოზე თითით ჯვარი გამოსახა, რასაც სასწაული
მოჰყვა: იქიდან წყალმა ამოხეთქა, რომელმაც შემდგომ მრავალი სნეული
განკურნა. ჯვარი მარმარილოში ამოკვეთილივით დარჩა. ასევე, სამუდამოდ
დააჩნდა ბარბარეს ნატერფალიც. წმიდა ქალწულმა მშენებლებს სთხოვა,
აბანოსთვის მესამე სარკმელიც გამოეჭრათ წმიდა სამების ნიშნად. დიოსკორემ ასული მმართველ მარკიანეს მიჰგვარა. ქალწულის სილამაზით მოხიბლულმა ტკბილი სიტყვით სცადა ქალწულის გადაბირება, თუმცა უშედეგოდ. განრისხებულმა მმართველმა ბარბარეს ტყავის შოლტებით გვემა ბრძანა. წმიდანი სასტიკად აწამეს… საპყრობილეში შეაგდეს და მცველები დაუყენეს. შუაღამეს ნათელი გამობრწყინდა. ნაწამებ ქალწულს ქრისტე ღმერთი
ანგელოზებთან ერთად გამოეცხადა და მისი ნაგვემი სხეული განკურნა. მეორე
დღეს ბარბარე სრულიად განკურნებული იხილეს, ფეხზე იდგა და ლოცულობდა. ასულის სიმტკიცით გაოცებულმა ჯალათებმაც ირწმუნეს ქრისტე, რისთვისაც სასიკვდილოდ დაისაჯნენ. ბარაბარეს წამების საცქერლად შეკრებილ ბრბოში ილიოპოლელი ქალწული იულიანაც იდგა, ისიც ქრისტესათვის თავგანწირვის სურვილით ინთებოდა. ბოლოს ნეტარმა ხმამაღლა დაიწყო მტარვალთა მხილება, რისთვისაც შეიპყრეს და ბარბარესთან ერთად საწამებლად შეაგდეს. მარკიანემ ქალწულის გაშიშვლება და ქალაქში ასე გატარება ბრძანა, მაგრამ წმ. ბარბარეს ღვთის ანგელოზი გამოეცხადა, რომელმაც მისი სხეული სპეტაკი სამოსით დაფარა და მისი სიშიშვლე ვერავინ ნახა. მარკიანე მიხვდა, რომ ამ სასწაულების მნახველი მრავალი მოქალაქე ქრისტეს სჯულზე მოექცეოდა, ამიტომ დიოსკორეს უბრძანა, ქალიშვილი ქალაქგარეთ გაეყვანა და მისთვის თავი მოეკვეთა. დიოსკორემ ასული იმ ადგილზე წაიყვანა, სადაც სასჯელი უნდა აღსრულებულიყო. წმ. ბარბარემ მამას სთხოვა, მისთვის ლოცვის საშუალება მიეცა, რაზეც პასუხად მწარე დაცინვა მიიღო. როცა ქალწულმა ლოცვა დაასრულა, ზეციდან ხმა გაისმა: ,,მოვედ, წმიდაო ბარბარე, დისა შენისა იულიანას თანა სასუფეველთა ცათასა. აჰა, ესერა ანგელოსნი იხარებენ მოწევნასა შენსა თანა და ყოველი, რომელი ითხოვე, მიმიცემიეს შენდა და უფროის ამისსა მიგცე შენ.’’ წმიდა ბარბარე სიხარულით აღივსო, მახვილს თავი მოუდრიკა და მამას უთხრა: ,,აწ აღასრულე ბრძანებული შენდა მიმართ, ჰე უღმერთოო.’’ დიოსკორემ მახვილი დასცა, წმ. ბარბარეს თავი წარჰკვეთა, ამავდროულად, მას ზეციდან საშინელი ცეცხლი დაატყდა და ერთიანად დაწვა, ხოლო ფერფლი უეცრად ამოვარდნილმა ფიცხელმა ქარმა გაფანტა. დაისაჯა მარკიანეც, სასახლეში შესვლისას მეხი დაეცა და მისგან მტვერიც აღარ დარჩენილა. ღვთისმოსავმა მოქალაქემ, ევლენტინემ, წამებულის წმიდა სხეული ილიოპოლისში ჩამოასვენა, პატივით დაკრძალა და იმ ადგილას ეკლესია ააგო. წმ. ბარბერე დეკემბრის თვის მეოთხე დღეს (ახალი სტილით) 17 დეკემბერს აღესრულა. VI საუკუნეში ნეტარი დიდმოწამის წმიდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს, საიდანაც XII საუკუნეში კიევში იქნა გადასვენებული. წმიდა ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენება ახალი სტილით 17 დეკემბერს
აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში
ღვთისმსახურება აღევლინება.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |