მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ახალგაზრდა მონაზონი, რომელიც თვითნებურად შეუდგა განდეგილობის ღვაწლს, ეშმაკმა აცდუნა და ჯერ შთააგონა მეზობელ მონასტერში წასულიყო საზიარებლად, შემდეგ კი ერში დააბრუნა და ცოდვით დასცა

ახალგაზრდა მონაზონი, რომელიც თვითნებურად შეუდგა განდეგილობის ღვაწლს, ეშმაკმა აცდუნა და ჯერ შთააგონა მეზობელ მონასტერში წასულიყო საზიარებლად, შემდეგ კი ერში დააბრუნა და ცოდვით დასცა


5-03-2020, 16:25

ახალგაზრდა მონაზონი, რომელიც თვითნებურად შეუდგა განდეგილობის ღვაწლს, ეშმაკმა აცდუნა და ჯერ შთააგონა მეზობელ მონასტერში წასულიყო საზიარებლად, შემდეგ კი ერში დააბრუნა და ცოდვით დასცა

 

   ერში მამასთან ერთად ერთი ყმაწვილი ცხოვრობდა, რომელიც ბერობაზე ოცნებობდა, ის მამისაგან ითხოვდა კურთხევას, რომ მონასტერში წასულიყო, მაგრამ მამა მას არაფრით თანხმდებოდა. მაშინ ახლობლებმა კაცის დაყოლიება სცადეს და გაჭირვებით დაითანხმეს. ჭაბუკმა მალე მშობლიური სახლი დატოვა და მონასტერში წავიდა, ბერად აღიკვეცა და მონასტრული მორჩილების შესრულებას შეუდგა. ის ყოველდღე ეზიარებოდა წმინდა საიდუმლოს. შემდეგ დღეგამოშვებით დაიწყო საკვების მიღება, ბოლოს კი საზრდელს მხოლოდ კვირაში ერთელ იხმევდა. მონასტრის წინამძღვარი, ხედავდა რა მის ასეთ ღვაწლს, უფალს ჰმადლობდა და ყმაწვილის ასეთი თავშეკავებისთვის ადიდებდა. განვლო ხანმა და ახალგაზრდა ძმა მხურვალედ შეევედრა იღუმენს ის უდაბნოში განდეგილური ღაწლისათვის ეკურთხებინა. აბბამ ამაზე უპასუხა: „შვილო, განაგდე ეგ გულისთქმა, შენ ვერ შეძლებ განდეგილის მძიმე ღვაწლის ტვირთვას, არ გეყოფა ძალა და სულიერება იმისათვის, რომ წინ აღუდგე სატანის ბოროტ ზრახვებსა და საცთურებს. თუ ცდუნება გეწვევა, იქ არავინ გეყოლება იმისათვის, რომ განგამტკიცოს სულიერად და დაგიხსნას იმ ბოროტებისგან, რომელსაც მტერი თავს დაგატეხს". მიუხედავად ამ დარიგებისა, ახალგაზრდა განაგრძობდა თხოვნა-მუდარას და წინამძღვარმაც, დარწმუნდა რა, რომ მას ვეღარაფრით დააკავებდა, მისთვის ლოცვა აღავლინა და უდაბნოში გაუშვა. ჭაბუკი მღვიმეში დამკვიდრდა და მდუმარე ცხოვრება დაიწყო. ის მხოლოდ ფინიკს და წყაროს წყალს იხმევდა. ასე იცხოვრა ექვსი წელი ყველასგან მოშორებით და აი, მისი ცდუნება ბერის სახეს ამოფარებულმა შურისა და ბოროტების მამამ - ეშმაკმა გადაწყვიტა. მას იმდენად შემზარავი სახე ჰქონდა, რომ შეშფოთებული ძმა ძირს დაემხო და ლოცვა დაიწყო. როგორც კი ძმა წამოდგა, ეშმაკმა უთხრა: „ძმაო, კიდევ ვილოცოთ!" როცა ლოცვა აღავლინეს, ბოროტმა სულმა ჰკითა: „რამდენი ხანია, რაც აქ ცხოვრობ?" „ექვსი წელია", - უპასუხა მოღვაწემ. „მე შენი მეზობელი ვარ! მხოლოდ ოთხი დღის წინ შევიტყვე, რომ ჩემს გვერდით გიცხოვრია, ჩემი სენაკი აქვე ახლოსაა, თერთმეტი წელი იქიდან და გამოვსულვარ, მხოლოდ დღს გამოვედი, რადგან შენი მონახულება გადავწყვიტე. ვიფიქრე: „წავალ, ვნახავ ადამიანს, ცოტას ვისაუბრებთ ჩვენი სულების შესახებ, იმასაც ვეტყვი, თუ რა მძიმეა განდეგილის ცხოვრება და არაფრითაა ჩვენთის სასარგებლო, თუ არ ვეზიარებით ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ვშიშობ, რომ ამის გარეშე თანდათან უცხონი შევიქნებით უფლისათვის. შენ, ალბათ, არ იცი, რომ აქედან სამი მილის მანძილზე არის ერთი მონასტერი, რომელშიც ხუცესი მსახურობს, შეგვიძლია კვირა დღეს, ან ორ კვირაში ერთხელ წავიდეთ, ვეზიაროთ ქრისტეს საიდუმლოს და მშვიდად დავუბრუნდეთ ჩვენს სენაკებს". ეშმაკის რჩევამ ახალგაზრდა ძმა მოხიბლა. როცა კვირა დღე დადგა, კვლავ ესტუმრა ბოროტი და წასასვლელად უხმო: „დროა, გზას გავუდგეთ". ისინი ზემოხსენებული მონასტრისაკენ გაემართნენ, შევიდნენ ტაძარში და ლოცვად დადგნენ. ცოტა ხნის შემდეგ ძმამ მოიხედა და ვეღარსად იხილა ის, ვინც იქ მიიყვანა. გაიფიქრა: „სად უნდა წასულიყო, ხომ არაფერი გაუჭირდა?" დიდხანს ელოდა, მაგრამ მისი მეგზური აღარ გამოჩენილა, როცა ლოდინით დაიქანცა, მონასტრის ძმებს ჰკითხა: „ის აბბა ხომ არ დაგინახავთ, ვინც ტაძარში შემომყვა?" მაშინ მონაზონი მიხვდა, რომ საქმე დემონთან ჰქონდა და გულში გაიფიქრა: „როგორი მაცდური ხრიკებით გამომიტყუა ბოროტმა ჩემი სენაკიდან, მაგრამ რა მოხდა, აქ მე კეთილი საქმისათვის მოვედი, ვეზიარები წმინდა საიდუმლოს და ჩემს სამყოფელში დავბრუნდები". როცა ლიტურგია დასრულდა, მონაზონი იმ მონასტრის აბბამ გააჩერა და უთხრა: „ძმაო, არსად გაგიშვებ, ვიდრე ჩვენთან ერთად ტრაპეზს არ გაინაწილებ". ტრაპეზის შემდეგ ძმა თავის სენაკს დაუბრუნდა. მალე განდეგილს ეშმაკი ისევ ესტუმრა, მხოლოდ ამჯერად ერისკაცის სახით წარმოუდგა, შეათვალიერა თავიდან ფეხებამდე და თქვა: „ეს ნამდვილად ისაა", შემდეგ ისევ დააცქერდა და ინტერესით დააკვირდა. ძმამ ჰკითხა: „ამგვარად რატომ მიმზერ?" ბოროტმა უპასუხა: „ვფიქრობდი, რომ ვერ მიცნობდი, თუმცა რა გასაკვირია, რომ ასეთი ხანგრძლივი დროის შემდეგ ვეღარ შემიცნო? მე მამაშენის მეზობელი ვარ, ამისა და ამის შვილი, განა მამაშენს ასე არ ჰქვია? ხოლო დედაშენს განა ასე არ ეძახდნენ? შენი დის სახელიც ვიცი, შენ კი ერში ასე გეძახდნენ. შენი დედა და და დიდი ხნის წინ გარდაიცვალნენ, მამაშენმა კი ცოტა ხნის წინ მიაბარა სული უფალს, სიკვდილის წინ მემკვიდრედ შენ დაგასახელა. ამბობდა: „განა ვის ვუანდერძო ჩემი ქონება, თუ არა ჩემს ვაჟს, წმინდა კაცს, რომელმაც დატოვა ერი და ღვთის გულისათვის განდეგილის ღვაწლი იტვირთა? მთელ ჩემს მონაგებს მას დავუტოვებ". შემდეგ ჩვენ მოგვიბრუნდა და შეგვევედრა: „თუ ვინმე არის თქვენ შორის ღვთისმოშიში და იცის ჩემი შვილის სამყოფელი, ამცნოს მას, რომ დაბრუნდეს, მიიღოს მემკვიდრეობა და უპოვარებს დაურიგოს თავისი და ჩემი სულის საცხონებლად". მას შემდეგ მრავალმა სცადა შენი მოძებნა, თუმცა ვერ მოგაგნეს, მე კი, ჩემს საქმეებზე გამოსულმა, შემთხვევით გნახე და გიცანი. იჩქარე, წადი, მიიღე მემკვიდრეობა, გაყიდე, გაეცი ღარიბებისთვის და აღასრულე ნება მშობელი მამისა". „მე ვერ დავტოვებ ჩემს სამყოფელს და ერში ვერასგზით ვერ დავბრუნდები", - უპასუხა მონაზონმა. მაშინ დემონმა უთხრა: „თუ არ დაბრუნდები, ქონება ამაოდ დაიკარგება, შენ კი უფალთან მოგიწევს შენს საქციელზე პასუხის გაცემა. განა რა არის ჩემს ნათქვამში ცუდი? წადი და განკარგე ჭკვიანურად მამის დანატოვარი, თორემ ობლებისა და გაჭირვებულებისთვის განკუთვნილი მეძავებსა და გარყვნილებს დარჩებათ. განა საძრახისი რაა იმაში, რომ მამაშენის ნება აღასრულო, შენი და მისი სულის ცხონებისთვის მოწყალება გაიღო და შემდეგ დამშვიდებული სინდისით დაბრუნდე სენაკში?" ბოლოს და ბოლოს დემონმა მოახერხა ძმის დაყოლიება და ცდუნებული მოღვაწე ერში დააბრუნა, თავის სახლამდე მიაცილა და გაუჩინარდა. როცა მონაზონმა თითქოსდა გარდაცვლილი მამის სახლში შესვლა დააპირა, კარში თავად მამა გამოეგება, ამდენი ხნის უნახავი შვილი ვეღარ იცნო და ჰკითხა: „შენ ვინ ხარ?" „შვილი ვარ შენი", - მიუგო ვაჟმა. მამა გაოცდა და ჰკითხა: „რამ დაგაბრუნა?" ძმას შერცხვა, რომ თავისი დაბრუნების ჭეშმარიტი მიზეზი გაემხილა და უთხრა: „შენმა სიყვარულმა მომიყვანა უკან, რამეთუ მარტოდ დარჩენილი ძალიან მებრალებოდი". მონაზონმა ხოტა ხნით მამის სახლში დარჩენა გადაწყვიტა. გავიდა ხანი და ახალგაზრდა კაცი მრუშობის ცოდვაში ჩავარდა, დაცემულმა ცოდვები არ შეინანა და სამუდამოდ ერში დარჩა. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, რომ მოღვაწემ არანაირი მიზეზითა და არავის რჩევით არ უნდა დატოვოს თავისი სენაკი.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება