მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > იღუმენისადმი დაუმორჩილებლობამ მონაზვნებს ხორბლის მთელი მარაგი დააკარგვინა

იღუმენისადმი დაუმორჩილებლობამ მონაზვნებს ხორბლის მთელი მარაგი დააკარგვინა


27-02-2020, 17:20

 

   აბბა თეოდოსის მონასტრის მონაზვნები გვიამბობდნენ: მათი სავანის დამაარსებლის მიერ დადგენილი წესისამებრ, ძმები ყოველი დიდი მარხვის დიდ ხუთშაბათს გლახაკებისათვის, ობლებისა და ქვრივებისათვის გარკვეული რაოდენობით ხორბალს, ცოტა ღვინოს, თაფლსა და ხუთ-ხუთ სპილენძის ფულს გასცემდნენ. მაგრამ ერთ წელიწადს მონასტრის მიდამოებში ცუდი მოსავალი მოვიდა და პური გაძვირდა. როდესაც მარხვა დაიწყო, ზოგიერთმა ძმამ იღუმენს განუცხადა: „ამ წელიწადს დადგენილი წესისამებრ ნუ გასცემ ხორბალს მწირთა და გლახაკთათვის, თორემ თავადაც ცოტა გვაქვს, შემდეგ მისი ძვირად შეძენა მოგვიწევს და მონასტერი გაღარიბდება". „შვილებო, რატომ უნდა ვუღალატოთ ჩვენი მამის კურთხევას? ის თავად იზრუნებს ჩვენი გამოკვებისთვის, კარგი არ იქნება, თუ მის მცნებას დავარღვევთ", - მიუგო მათ იღუმენმა. ძმები კი თავისი არ იშლიდნენ და წინანმძღვარს ემუდარებოდნენ: „თავადაც არ გვეყოფა და ნუ გავცემთ!" როდესაც დამწუხრებულმა იღუმენმა ნახა, რომ მისმა დამოძღვრამ შედეგი არ გამოიღო, ძმებს განუცხადა: „მოიქეცით, როგორც გენებოთ!" დადგა დღეც, როდესაც, ჩვეულებისამებრ, მოწყალებას გასცემდნენ ხოლმე და ძმებმა მონასტრიდან გლახაკები ხელცარიელი გაისტუმრეს. და იცით ამის შემდეგ რა მოხდა? როდესაც ერთ-ერთი მონაზონი საჭიროებისამებრ ბეღელში შევიდა, მთელი მარცვალი ისეთი დაობებული დახვდა, რომ გადასაყრელი შეიქნა. ძმები ამ ამბავმა გააოგნა, იღუმენმა კი უთხრა მათ: „ვინც წინამძღვრის მცნებას არღვევს, ყოველთვის ისჯება. ჩვენ ხომ მხოლოდ ხუთას ლიტრამდე ხორბალი უნდა გაგვეცა. ასე რომ მოვქცეულიყავით, ჩვენს მამასაც ვაამებდით მორჩილებით და უპოვართაც ვანუგეშებდით. ახლა კი ხუთი ათასი ლიტრი ხორბალი გადასაყარელი გავხადეთ და ორმაგი ბოროტება ჩავიდინეთ: ერთი, რომ ჩვენი მამის მცნება დავარღვიეთ და მეორე - ჩვენი იმედი უფალზე კი არა, ჩვენს ბეღლებზე დავამყარეთ". რა შეიძლება ვუთხრათ ამის შემდეგ ხალხს, რომელთაც ეშინიათ, რომ თავიანთი საფულეების გლახაკთათვის გახსნან და რომლებიც უმოწყალონი არიან გაჭირვებულთა მიმართ? უპირველეს ყოვლისა, წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებით შევაგონებთ: „იმისათვის, რომ მდიდარი იყო, შენი ქონება გულუხვად გაანაწილე, იმისათვის რომ მოიხვეჭო, გაეცი. იყავი მსგავსი მთესველისა, დათესე ლოცვა-კურთხევით და ლოცვა-კურთხევითვე მოიმკი". დაე, ანგარებიან ადამიანებს მუდამ ახსოვდეთ სოლომონის სიტყვები: „ვინც ღარიბებს აძლევს, არ გაღარიბდება, ხოლო ვინც თვალს ხუჭავს, დაიწყევლება" (იგავ. 28, 27).

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"

 


 


უკან დაბრუნება