მთავარი > წმიდათა ცხოვრება, ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > ეშმაკეულის განკურნება კიევო-პეჩორის სავანეში

ეშმაკეულის განკურნება კიევო-პეჩორის სავანეში


20-02-2020, 17:21

ეშმაკეულის განკურნება კიევო-პეჩორის სავანეში

 

   ერთხელ დაყუდებულ ბერ ლავრენტისთან კიევიდან ეშმაკეული მიიყვანეს, მაგრამ ბერმა დემონის განდევნა ვერ შეძლო. ავი სული ისეთი მრისხანე იყო, რომ ხეს, რომელსაც ათი კაცი ძვრას ვერ უზამდა, მარტო სწევდა და აქეთ-იქით ანარცხებდა. ბერმა გადაწყვიტა, რომ იგი პეჩორის მონასტერში გაეგზავნა. როცა ეშმაკეულმა ამის შესახებ შეიტყო, საზარელი ხმით აღრიალდა: „ვისთან მგზავნით? მღვიმესთან მიახლოებაც კი არ შემიძლია იმ წმინდანების გამო, რომლებიც იქ განისვენებენ. მონასტერში ოცდაათი ბერის მეშინია, დანარჩენებს ადვილად შევებრძოლები". მისმა მომყვანებმა იცოდნენ, რომ ეშმაკეულს არც პეჩორის მონასტერი ენახა და არც არავის იცნობდა იქ, და სთხოვეს ჩამოეთვალა იმათი სახელები, რომლებისაც ეშინოდა. ეშმაკეულმა ოცდაათივე დაასახელა და დაამატა: „ეს დიდი მამები ერთი სიტყვით განმდევნიან ჩემი სამყოფელიდან". იმ დროისათვის ლავრაში ასოთხმოცი ბერი მოღვაწეობდა. გამცილებლებმა ავი სულით შეპყრობილს გაუმხილეს, რომ მისი მღვიმეში გამოკეტვა ჰქონდათ გადაწყვეტილი. ეშმაკეულმა იღრიალა: „რა სარგებელს მომიტანს მიცვალებულებთან ბრძოლა? ისინი ღვთის წინაშე ლოცულობენ და მათ ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს, მაგრამ თუ ჩემი ბრძოლის ხილვა გსურთ, შემიყვანეთ მონასტერში" და იწყო ლაპარაკი ებრაულად, ბერძნულად, ლათინურად - ყველა იმ ენაზე, რომელთა შესახებ უწინ არც კი სმენოდა. შეძრწუნებულნი იყვნენ თანმხლებნი მისი სხვადასხვა ენაზე და სხვადასხვა ხმაზე საუბრით. მონასტერს რომ მიუახლოვდნენ, ეშმაკეული განიკურნა და ყველაფერს ზედმიწევნით კარგად იგებდა. შევიდნენ ეკლესიაში, მოვიდა იღუმენიც ყველა ძმასთან ერთად. განკურნებული ვერც იღუმენს ცნობდა და ვერც იმ ოცდაათს, რომელთა სახელებიც ჩამოთვალა, მაშინ ჰკითხეს, თუ ვინ განკურნა. მან ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს შეხედა და უპასუხა: „ღვთისმშობელთან ერთად ოცდაათი წმინდა მამა შემოგვეგება და მე განვიკურნე". ამ ამბის შემსწრენი ერთად ადიდებდნენ უფალსა და ღვთისმშობელს და ხოტბას ასხამდნენ წმინდა მამებს.

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება