მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > აბბა აბრაამმა ბერი სხვადასხვა მაგალითით დაარწმუნა, რომ მან ვნებები კი არ მოაკვდინა, არამედ მხოლოდ შეკრა

აბბა აბრაამმა ბერი სხვადასხვა მაგალითით დაარწმუნა, რომ მან ვნებები კი არ მოაკვდინა, არამედ მხოლოდ შეკრა


14-02-2020, 15:33

 

 

   ერთი უდიდესი ბერის შესახებ გვიამბობდნენ, რომ მან ორმოცდაათი წელი უსაზღვრო თავშეკავებით იცხოვრა. ის ამ ხნის განმავლობაში პურს საერთოდ არ იხმევდა, ხოლო წყალს ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით იღებდა. ბერი აცხადებდა: „მე ჩემში ვერცხლისმოყვარეობის, სიძვისა და პატივმოყვარეობის ვნებები მოვაკვდინე". როდესაც აბბა აბრაამს მისი ნათქვამი ესმა, დიდი მოღვაწე მოინახულა და შეეკითხა: „შენ ნამდვილად თქვი ესა და ეს?" „ნამდვილად", - მიუგო ბერმა. მაშინ აბბამ განუცხადა: „აი, შეხვედი შენს ქოხში და სარეცელზე დედაკაცი იხილე, შეგიძლია იფიქრო, რომ ის ქალი არ არის?" „არა, - უპასუხა ბერმა, თუმცა მე შევებრძოლები ჩემს გულისთქმას, რომ მას არ შევეხო". მაშინ აბრაამმა უთხრა: „ეს იმას ნიშნავს, რომ შენ კი არ მოაკვდინე სიძვის ვნება, რამეთუ ის შენში ისევ ცოცხალია, არამედ მხოლოდ შეკარი. ახლა, წარმოიდგინე, რომ გზას ადგახარ და ხედავ, რომ ქვებს შუა თიხის ჭურჭლის ნამსხვრევები ყრია და მათ შორის ბრწყინავს ოქრო. განა შეძლებს შენი გონება, რომ ოქროს შესახებ არაფერი გაიფიქროს?" „არა, - უპასუხა ბერმა, მაგრამ მე გულისთქმას შევებრძოლები, რომ ის არ ავიღო". „ეს იმას ნიშნავს, რომ ვნება ცოცხალია, მაგრამ შეკრული, - უთხრა აბრაამმა და ისევ განაგრძო: - თუკი შენ ორი ძმა გეწვევა, რომელთაგანაც ერთს უყვარხარ და ხოტბას გასხამს, მეორეს კი სძულხარ და ბოროტი სიტყვებით გამკობს, შეგიძლია, რომ ორივე ერთნაირი გრძნობით მიიღო?" „არა, - ისევ მიუგო ბერმა, - თუმცა გულისთქმას დავამარცხებ და ვეცდები, რომ ორივეს ერთნაირად მივაგო სიკეთე, ჩემს მოყვარესაც და მოძულესაც". „ხედავ? - აღნიშნა აბრაამმა, - ვნებები შენში კვლავაც ცოცხალია, მაგრამ წმინდა გულისთქმებით არის შეკრული".

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება