მთავარი > საცდურები, ვერცხლისმოყვარეობა, მთავარი გვედის ფოტო > ხარბმა მდიდარმა თავისი ქონება სიბერისათვის შემოინახა, მაგრამ როცა დასნეულდა, ექიმებში ყოველივე ამაოდ დახარჯა და ხორცითაც და სულითაც გარდაიცვალა
ხარბმა მდიდარმა თავისი ქონება სიბერისათვის შემოინახა, მაგრამ როცა დასნეულდა, ექიმებში ყოველივე ამაოდ დახარჯა და ხორცითაც და სულითაც გარდაიცვალა13-07-2020, 16:37 |
ერთხელ წმინდა ნიფონტმა იხილა ადამიანი, რომელსაც უკან უამრავი გლახაკი მისდევდა და მისგან მოწყალებას ითხოვდა, თუმცა მას მათკენ არც კი მოუხედავს. მაშინ წმინდა მამამ ამ კაცის მფარველ ანგელოზს ჰკითხა: „მითხარი, ამ ადამიანს დიდი ქონება აქვს?" ანგელოზმა უპასუხა: „ის აურაცხელი სიმდიდრის მფლობელია, მაგრამ, რადგანაც ვერცხლისმოყვარეა, მზად არის, რომ ერთი კაპიკისთვისაც კი მოკვდეს. ის თავის მსახურებს სასტიკად ექცევა, სცემს, აშიმშილებს და გაუსაძლისად მძიმე საქმეებით ტვირთავს". „ნუთუ სინდისი არ ქენჯნის იმის გამო, რომ გლახაკებს ზურგი აქცია?" - გაიოცა წმინდა ნიფონტმა. „მისმინე, ნიფონტ, - უთხრა მას ანგელოზმა, - მასთან ბოროტი დემონი მიდის და ჩასძახის: „აი, შენ დაბერდები და დასნეულდები, ამადაც შენს საკუთრებას ნურავის მისცემ, თორემ როცა გაგიჭირდება, ინანებ და იტყვი: „სულ ტყუილად დავურიგე ჩემი ქონება უქონელთ!", მაგრამ უკვე გვიანი იქნება". აი, ამგვარად აცდუნებს მას ბოროტი სული და ამ მაცდურ აზრებს გულში მყარად უნერგავს, ის კი ემორჩილება მათ და ღატაკებს აღარ სწყალობს". მოხდა ისე, რომ ეს ადამიანი სულ მალე მძიმედ დასნეულდა. მან მთელი თავისი ქონება მკურნალობაში დახარჯა, თუმცა განკურნების ნაცვლად მისი ავადმყოფობა უფრო გამწვავდა. ასე იტანჯა რამდენიმე ხანს და ბოლოს, როგორც იტყვიან, სულითაც და ხორცითაც გარდაიცვალა. დაე, მდიდრებმა და ხარბებმა კარგად შეიმეცნონ ეს შემთხვევა და სამუდამოდ განიშორონ თავიანთი სიძუნწე. ამასვე მოუწოდებს მათ უფალი: „ნუ იუნჯებთ თქვენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან" (მათ. 6, 19).
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |