მთავარი > საცდურები, ვერცხლისმოყვარეობა, მთავარი გვედის ფოტო > მონაზონი, რომელმაც ასი ოქრო შეაგროვა, სხვა მონაზონთა დამოძღვრის მიზნით თავის ფულთან ერთად იქნა დამარხული
მონაზონი, რომელმაც ასი ოქრო შეაგროვა, სხვა მონაზონთა დამოძღვრის მიზნით თავის ფულთან ერთად იქნა დამარხული1-11-2020, 00:02 |
ერთმა ნიტრიელმა მონაზონმა, უფრო მეტად მომჭირნემ, ვიდრე ხარბმა, დაივიწყა, რომ იესო ქრისტე ოცდაათ ვერცხლად იქნა გაცემული და ტილოების ქსოვით თავისთვის ასი ოქრო მოაგროვა. მოხდა ისე, რომ ის გარდაიცვალა, მისი ოქრო კი ხელუხლებლად დარჩა. მონაზვნები (იქ იმხანად ხუთი ათასამდე მონაზონი მოღვაწეობდა) შეიკრიბნენ, რათა ერთად გადაეწყვიტათ, თუ რა მოეხერხებინათ ძმის ოქროსათვის. ერთნი ფიქრობდნენ, რომ ის გლახაკთათვის გაენაწილებინათ, მეორენი მიიჩნევდნენ, რომ ფული ეკლესიისთვის უნდა შეეწირათ, მესამენი კი თვლიდნენ, რომ ის მისი ნათესავებისთვის უნდა გადაეცათ. მაგრამ მაკარიმ, პამბოს, ისიდორემ და სხვა წმინდა მამებმა მათში დავანებული სულიწმინდის მოქმედებით გადაწყვიტეს, რომ ფული მის პატრონთან ერთად დაემარხათ და ამასთანავე, გარდაცვლილისთვის ყველას გასაგონად განეცხადებინათ: „ვერცხლი ეგე შენი შენთანავე იყავნ წარსაწყმედელად შენდა". ამ შემთხვევის გამო მთელი ეგვიპტის მონაზვნებს ისეთი საშინელი შიში დაეუფლათ, რომ იმ დღიდან ისინი ერთი ოქროს შენახვასაც კი უმძიმეს ცოდვად მიიჩნევდნენ. შეიძლებოდა, რომ წმინდა მამების გადაწყვეტილება ძალიან მკაცრად მიჩნეულიყო, მაგრამ ისინი სულიწმინდის კარნახით მოქმედებდნენ და მხოლოდ და მხოლოდ მის იარაღს წარმოადგენდნენ.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |