მთავარი > წმიდათა ცხოვრება, ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > ბერის საფლავზე აყვავებულმა კვერთხმა მისი და სნეულებისას მისი მომვლელი ქალწულის ურთიერთობის სიწმინდე დაადასტურა

ბერის საფლავზე აყვავებულმა კვერთხმა მისი და სნეულებისას მისი მომვლელი ქალწულის ურთიერთობის სიწმინდე დაადასტურა


10-02-2020, 00:03

 

   ერთ-ერთ კინობიაში (საერთო საცხოვრებლის ტიპის მონასტერში) ცხოვრობდა ღვთის სათნომყოფელი მოხუცი მონაზონი, რომელიც მძიმე და საშინელი სენით იყო შეპყრობილი და გაუსაძლისი ტკივილებისაგან იტანჯებოდა. ძმებმა აღარ იცოდნენ რითი შეემსუბუქებინათ მისი მდგომარეობა და როგორ ეშველათ მისთვის, რადგან ის სახსრები, რაც მისი მკურნალობისთვის იყო საჭირო, მონასტერში არ მოიპოვებოდა. როდესაც ერთ-ერთმა ღვთის მხევალმა ბერის გაუსაძლისი და გამოუვალი მდგომარეობის შესახებ შეიტყო, კინობიის იღუმენთან მივიდა და შეევედრა, რომ მისთვის სნეული მონაზვნის თავის სამყოფელში გადაყვანის ნება მიეცა, რომელიც ქალაქში მდებარეობდა. დედაკაცს სურდა, რომ ბერისთვის მოევლო და თანაც, დარწმუნებული იყო, რომ ქალქში სნეულისათვის საჭირო წამლებს უფრო ადვილად მოიძიებდა. წინამძღვარმა ძმებს სნეული ბერის ღვთის მხევლის სენაკში გადაყვანა უბრძანა. ქალმა დაუძლურებული მონაზონი დიდი პატივით მიიღო და უფლის სახელით მის მოვლასა და მკურნალობას შეუდგა, რადგან იმედოვნებდა, რომ ამ ღვაწლისთვის მაცხოვრისგან მარადისობაში ჯილდოს მიიღებდა. განვლო სამმა წელმა და უგუნურმა ადამიანებმა, თავიანთი დაცემული ზნეობიდან გამომდინარე, მონაზვნისა და მისი მომვლელი ქალწულის წმინდა და უანგარო ურთიერთობაში ეჭვი შეიტანეს. როდესაც ბერმა ამის შესახებ შეიტყო, უფალს შეევედრა: „უფალო ჩვენო, შენ ხედავ ჩემს სნეულებებს, ჩემს სიგლახაკეს და მოწყალედ უმზერ იმ საწყალობელ მდგომარეობას, რომელშიც ჩემმა უძლურებამ ჩამაგდო. უკვე მრავალი წელია ისე მტანჯავს და მანადგურებს ეს საშინელი ავადმყოფობა, რომ აუცილებლობა შემექმნა შენი მხევლის დახმარებისა, რომელიც შენი სახელით მემსახურება. მოწყალე უფალო, დამსახურებულად მიაგე მას ჯილდო მარადიულ ცხოვრებაში, ის ჯილდო, რომელიც აღუთქვი მათ, ვინც შენი სახელით გლახაკებისა და უძლურებაში მყოფებისათვის იზრუნებს". როდესაც მონაზვნის აღსასრულის დღე მოახლოვდა, მასთან უამრავმა წმინდა მამამ და მონასტრის ძმამ მოიყარა თავი. მომაკვდავმა შეხედა მათ და განუცხადა: „მამებო და ძმებო, გევედრებით, ჩემი სიკვდილის შემდეგ აიღეთ ჩემი კვერთხი და ჩემს საფლავში ჩაარჭეთ. თუკი ის ფესვებს გაიკეთებს და ყლორტებს გამოიღებს, ეს იქნება დასტური იმისა, რომ ჩემი სინდისი სუფთა იყო იმ ღვთის მხევალთან ურთიერთობაში, რომელიც მივლიდა და მემსახურებოდა. და თუკი კვერთხი არ გაცოცხლდება, იცოდეთ, რომ ცოდვით დავეცი". როდესაც ღვთის კაცი გარდაიცვალა, თანახმად მისი დანაბარებისა, ძმებმა მის საფლავში კვერთხი ჩაარჭეს - და მოხდა სასწაული: კვერთხი გაცოცხლდა, გაიფოთლა და თავის დროზე ნაყოფიც გამოიღო. ყველა გააოცა ამის ხილვამ და ერთად ადიდეს უფალი. ამ სასწაულის სანახავად ხალხი უწყვეტად მოედინებოდა, სხვა ქვეყნებიდანაც კი მოდიოდნენ და მაცხოვრის მადლმოსილებას განადიდებდნენ. „ჩვენს ვნახეთ ეს საკვირველი ხე, - ადასტურებდნენ ამბის მთხრობელნი, - და ვადიდეთ უფალი, რომელიც თავისი ღვთიური განგებულებით იფარავს ყველას, ვინც მას უბრალოებითა და ჭეშმარიტებით ემსახურება".

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"



უკან დაბრუნება