მთავარი > საცდურები, ვერცხლისმოყვარეობა, მთავარი გვედის ფოტო > ვერცხლისმოყვარე ეპისკოპოსი წმინდა ეპიფანემ სახეში შებერვით დააბრმავა; როდესაც გონსმოსულმა წმინდანისაგან მიტევება ითხოვა, მას მხოლოდ ერთ თვალში დაუბრუნდა სინათლე

ვერცხლისმოყვარე ეპისკოპოსი წმინდა ეპიფანემ სახეში შებერვით დააბრმავა; როდესაც გონსმოსულმა წმინდანისაგან მიტევება ითხოვა, მას მხოლოდ ერთ თვალში დაუბრუნდა სინათლე


9-07-2020, 15:47

ვერცხლისმოყვარე ეპისკოპოსი წმინდა ეპიფანემ სახეში შებერვით დააბრმავა; როდესაც გონსმოსულმა წმინდანისაგან მიტევება ითხოვა, მას მხოლოდ ერთ თვალში დაუბრუნდა სინათლე

 

 

   ერთხელ კვიპროსის მთავარეპისკოპოსს, წმინდა ეპიფანეს, იერუსალიმიდან ერთი დიაკვანი ეწვია და მას იერუსალიმის ეპისკოპოსის - იოანეს შესახებ შესჩივლა, რომ ეპისკოპოსი ვერცხლისმოყვარეობის გამო ფულს ინახავდა და გაჭირვებულთათვის მოწყალებას აღარ გასცემდა. ამის მოსმენით შეწუხებულმა წმინდა ეპიფანემ იოანეს უსტარი გაუგზავნა და შეევედრა, რომ უპოვართა მიმართ მოწყალე ყოფილიყო, მაგრამ ეპისკოპოსმა მისი თხოვნა ყურად არ იღო. განვლო რამდენიმე წელმა და ერთხელაც ეპიფანემ თავის ერთ-ერთ მოწაფეს განუცხადა: „შვილო, წამოდი, იერუსალიმში წავიდეთ". იოანემ ღირსეულ სტუმარს საკადრისი ბინა მიუჩინა და მას ყოველდღიურად იწვევდა თავისთან. იერუსალიმის ეპისკოპოსი ღარიბებს უწინდელივით დაუდევრად ეპყრობოდა, ისინი კი მასზე გამუდმებით ჩიოდნენ. ამის ხილვით შეწუხებულმა ეპიფანემ იოანეს უამბო: „მამაო, რამდენიმე ვერცხლი მიბოძე, რომ ღატაკებს დავურიგო". ეპისკოპოსმა უამრავი ვერცხლი მიუტანა. „ცოტა კიდევ მიბოძე" - ისევ სთხოვა მას წმინდა მამამ. „გექნება!" - მიუგო იოანემ. წმინდა ეპიფანე კი განაგრძობდა: „იქნებ რამდენიმე მსახური მომიჩინო, რათა მემსახურონ?" ეპისკოპოსი ამაზეც დათანხმდა. მაშინ წმინდა მამა მიღებული ფულის გაჭირვებულთათვის დარიგებას შეუდგა და დღესა და ღამეს მოწყალების გაცემაში ატარებდა. განვლო საკმაო ხანმა და წმინდა იოანემ ეპიფანეს განუცხადა: „როდის გადამიხდი ვალს?" „ცოტაც მოითმინე, მამაო და ყოველივეს დაგიბრუნებ", - მიუგო წმინდანმა. განვლო კიდევ რამდენიმე დღემ და იოანემ ეპიფანეს უკვე დაჟინებით მოსთხოვა თავისი ფული. განრისხებული ეპისკოპოსი წმინდა მამას სამოსში სწვდა და მთელი ხმით აღრიალდა: „ბოროტო და ცბიერო კაცო, დამიბრუნე ჩემი ვერცხლი, იცოდე, ვერსად გამექცევი!" ასე დაჰყვიროდა ის ეპიფანეს ორი საათის განმავლობაში და მთავარეპისკოპოსს საშინელი სიტყვებით ლანძღავდა. მოხდა ისე, რომ როგორც კი წმინდა ეპიფანემ თავისი საქმე დაასრულა, ეპისკოპოსს სახეში შეუბერა და ის უმალვე დაბრმავდა. ყველა იქ მყოფი საზარელმა ძრწოლამ და შიშმა მოიცვა. უსინათლო ეპისკოპოსი უმალვე მოეგო გონს, ეპიფანეს ფეხებში ჩაუვარდა და შეჰღაღადა, რომ წმინდა მამას მისთვის ელოცა და უფალს მისი განკურნებისათვის შევედრებოდა. „წამოდი, ტაძარში წავიდეთ და იქ უფლის წმინდა ჯვრის წინაშე ილოცე, რათა მან თვალის ჩინი დაგიბრუნოს", - განუცხადა მას წმინდანმა. დაბრმავებული ეპისკოპოსი ეპიფანეს გვერდიდან არ შორდებოდა და განუწყვეტლივ ითხოვდა მისგან შენდობას. სიბრალულით აღვსილმა მთავარეპისკოპოსმა უსინათლოს ხელები დაადო და მას მარჯვენა თვალში დაუბრუნდა სინათლე. მაშინ იოანე წმინდანს მეორე თვალის განკურნებასაც შეევედრა, თუმცა ამაზე ეპიფანემ განუცხადა: „ეს ჩემი საქმე კი არაა, არამედ ღვთისა, შენ თვალის ჩინი უფალმა წაგართვა და ისევ დაგიბრუნებს. ეს გაკვეთილი კი იმად მოგივლინა, რომ ვერცხლისმოყვარეობისაგან გადაერჩინე". ნათქვამია, რომ ამის შემდეგ იერუსალიმის ეპისკოპოსი იოანე უპოვართა მიმართ მოწყალე და ღირსეული მოღვაწე გახდა.

 

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება