მთავარი > წმიდათა ცხოვრება, ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > ღირსი სიმეონ მესვეტის მიერ ეშმაკეული მღვდლის განკურნება

ღირსი სიმეონ მესვეტის მიერ ეშმაკეული მღვდლის განკურნება


8-07-2020, 18:05

 

 

   ერთხელ ერთი მღვდელი ეკლესიის შესასვლელთან იჯდა და წმინდა სახარებას კითხულობდა. უეცრად იგრძნო, თუ როგორ შემოეხვია გარს შავი ღრუბელი. მოულოდნელად გონება დაებინდა, თვალთ დაუბნელდა, სრულიად დაუძლურდა და მეტყველების უნარი დაკარგა. ასეთ მდგომარეობაში გაატარა ცხრა წელი, ვიდრე მისმა ახლობლებმა არ შეიტყვეს იმ სასწაულთა შესახებ, რომლებსაც სიმეონ მესვეტე აღასრულებდა. გადაწყვიტეს მღვდელი მასთან წაეყვანათ. მონასტერს რომ მიუახლოვდნენ, შესასვენებლად გაჩერდნენ. ამასობაში ლოცვად მდგარ ღირს მამას მღვდლის ავადმყოფობისა და მისი მიახლოების შესახებ ეუწყა. მან მაშინვე უხმო თავის ერთ-ერთ მოწაფეს, მისცა ნაკურთხი წყალი და უთხრა: „ახლავე გადი მონასტრიდან, შორიახლოს იხილავ დავრდომილ ადამიანს, ასხურე მას ეს წყალი და უთხარი: „ცოდვილი სიმეონი გეუბნება: ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, ადექი, დატოვე შენი სარეცელი და შენი ფეხით მოდი სიმეონთან". მოწაფე იმგვარად მოიქცა, როგორც ბერმა დაარიგა. წმინდა წყლის სხურების შემდეგ დაუძლურებული მღვდელი წამოდგა და ღირს მამას თავისი ფეხით ეახლა. სიმეონ მესვეტემ კი უთხრა: „თუმცა ეშმაკმა ცხრაწლიანი განსაცდელი შეგამთხვია, მაგრამ ღვთის კაცთმოყვარეობამ საბოლოო დაღუპვისაგან გადაგარჩინა. იცოდე, ეშმაკს შენზე მოქმედების უფლება იმის გამო მიეცა, რომ შიშისა და მოკრძალების გარეშე იდექი წმინდა საკურთხეველში, უსმენდი ცილისმწამებლებს და არ აზიარებდი იმათ, ვისაც ცილი დასწამეს, ისე რომ, ჭეშმარიტების გამოძიება არც კი გიცდია. ამით დაამწუხრე უფალი და აამე სატანას. ახლა კი მიუტევე შენ მიერ ეკლესიისგან მოკვეთილ ყველა ადამიანს და იყავი მოწყალე ისევე, როგორც უფალია შენდამი მოწყალე". უზომოდ გახარებული მღვდელი ღირსი სიმეონ მესვეტისგან წამოვიდა და მისი ყველა მითითება ზედმიწევნით შეასრულა.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება