მთავარი > ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > წმინდა იოანე ოქროპირმა სნეული დედაკაცი მას შემდეგ განკურნა, რაც ქალმა მეუღლესთან ერთად მწვალებლობა მიატოვა და მართლმადიდებლობას შეუდგა

წმინდა იოანე ოქროპირმა სნეული დედაკაცი მას შემდეგ განკურნა, რაც ქალმა მეუღლესთან ერთად მწვალებლობა მიატოვა და მართლმადიდებლობას შეუდგა


6-07-2020, 15:15

წმინდა იოანე ოქროპირმა სნეული დედაკაცი მას შემდეგ განკურნა, რაც ქალმა მეუღლესთან ერთად მწვალებლობა მიატოვა და მართლმადიდებლობას შეუდგა

 

 

   იოანე ოქროპირის მოღვაწეობის დროს ანტიოქიაში ცხოვრობდა მარკიონელთა მწვალებლობით დაბრმავებული კაცი, რომელმაც მართლმადიდებლებს მრავალი ბოროტება გაუკეთა. ერთხელ ამ კაცის ცოლს მძიმე სენი შეეყარა, უამრავმა მკურნალმა უწამლა, მაგრამ ვერავინ ვერაფერი უშველა. მაშინ ქმარმა თავის სახლში მარკიონელ ერეტიკოსებს მოუხმო და სთხოვა, რომ მისი ცოლისათვის ელოცათ. მწვალებლები ლოცვას შეუდგნენ, მაგრამ მათი გულისხმიერი და შეუპოვარი ლოცვა ამაო აღმოჩნდა. მაშინ უიმედოდ დარჩენილმა ქალმა ქმარს განუცხადა: „მსმენია, რომ ეპისკოპოს ფლავიანესთან ცხოვრობს ერთი ხუცესი იოანე, რომელსაც უფალი ყველა თხოვნას უსრულებს და რომელიც უამრავ სასწაულს აღასრულებს. გევედრები, წამიყვანე მასთან, იქნებ შემეწიოს თავისი ლოცვით. მარკიონელებმა ვერაფერი მიშველეს, ალბათ იმიტომ, რომ მათი სარწმუნოება არაა ჭეშმარიტი, ასე რომ არ იყოს, ღმერთი მათ ლოცვას შეისმენდა". კაცმა ყურად იღო ცოლის თხოვნა, ის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მიიყვანა, მაგრამ, როგორც მწვალებელმა, ცოლის ტაძარში შეყვანა ვერ გაბედა და სნეული კარიბჭესთან დააწვინა. შემდგომ ამისა, ეპისკოპოსს და იმჟამად ხუცესს - იოანე ოქროპირს მაცნე გაუგზავნა და შეევედრა, რომ მისი ავადმყოფი ცოლის განკურნებისთვის ელოცათ. ისინი დაუყოვნებლივ მოვიდნენ ტაძართან. ეპისკოპოსმა ცოლ-ქმარს განუცხადა: „თუ განუდგებით ერესს და შეუდგებით წმინდა სამოციქულო ეკლესიას, მაშინ ქრისტე ღმერთი შეგეწევათ და განკურნებას მოგმადლებთ". ცოლ-ქმარმა მამებს ამის გულითადი პირობა დაუდო. მაშინ იოანე ოქროპირმა ბრძანა წყალი მოეტანათ. ეპისკოპოსმა წყალი აკურთხა, წმინდა მამამ ის სნეულს ასხურა და სრულიად გამოჯანმრთელებული ქალი იმწამსვე წამოდგა. ცოლ-ქმარი მათზე აღსრულებული სასწაულის ხილვის შემდეგ მართლმადიდებლობას შეუდგა, რამაც ქალაქის ყველა ჭეშმარიტი მორწმუნე ძლიერ გაახარა, ხოლო მწვალებლებს ამ შემთხვევამ თავს ლაფი დაასხა.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება