მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მონაზვნად აღკვეცილი სამი დიდან ერთ-ერთი ღვაწლს განეშორა და გათხოვდა; ორმა მათგანმა კი სიკვდილამდე იღვაწა და სამუდამო ნეტარების ღირსი შეიქნა

მონაზვნად აღკვეცილი სამი დიდან ერთ-ერთი ღვაწლს განეშორა და გათხოვდა; ორმა მათგანმა კი სიკვდილამდე იღვაწა და სამუდამო ნეტარების ღირსი შეიქნა


27-05-2020, 15:33

 

 

   იყო სამი და: ტარსილა, ემილიანა და გორდიანა. სამივე მათგანი ღვთისმოშიში და კეთილმორწმუნე ქალწული იყო. სამივე გოგონამ ღვთის სამსახურში ცხოვრება ირჩია და ერთ დღეს სამივე მონაზვნად აღიკვეცა. ერთ სენაკში მცხოვრები დედები ქრისტესადმი სიყვარულით იღწვოდნენ და სიმდაბლით ემორჩილებოდნენ იმ მონასტრის უფროს დედებს, რომელშიც მოღვაწეობდნენ. რა უნდა ყოფილიყო ასეთ ცხოვრებაზე იმეტად სანატრელი და სანუკვარი? მაგრამ ბოროტმა დაარღვია მათი მყუდროება და ერთ-ერთმა დამ, გორდიანამ, მონაზვნურ ღვაწლში დაუძლურება იწყო, შემდგომ ამისა, ერში მცხოვრებ ქალწულებთან გააბა ურთიერთობა, შემდეგ კარგი ჭამა-სმა მოისურვა, ბოლოს კი დაარღვია მონაზვნობის აღთქმა და გათხოვდა. ტარსილა და ემილიანა კი სიკვდილამდე განაგრძობდნენ ღვაწლში ცხოვრებას. პირველს აღსრულებამდე ცოტა ხნით ადრე გარდაცვლილი ბიძა, რომის ეკლესიის ეპისკოპოსი ფელიქსი გამოეცხადა ზეციური დიდებით და განუცხადა: „მოემზადე, რამეთუ მალე გიხილავ ნათლის სავანეში". ამ ხილვის შემდეგ ტარსილა მალე დასნეულდა, მონაზონი სიკვდილის წინ ღვთის სახის ხილვის ღირსი შეიქნა და მშვიდად აღესრულა. განვლო ცოტა ხანმა და გარდაცვლილი და ემილიანას გამოეცხადა და აუწყა: „მოემზადე, მე შობა უშენოდ გავატარე, ღვთის განცხადებისას კი ერთად ვიქნებით". მაშინ ემილიანა შეეკითხა: „ვის დავუტოვო ჩვენი და გორდიანა?" „ის უკვე ერს ეკუთვნის", - მიუგო ტარსილამ. ხილვა დასრულდა და ტარსილას წინასწარმეტყველება აღსრულდა - ნათლისღების წინ ემილიანამ მარადიულ სამყოფელში გადაინაცვლა. რა ბედი ეწია გორდიანას? ვაი, რომ არაფერი კარგი! „ის ორი, - ამბობდა რომის პაპი გრიგორი, - მარადიულ ცხოვრებას ეზიარა, მესამემ კი (გორდიანამ) - დაუსრულებელი სატანჯველი მიიღო".

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება