მთავარი > საცდურები, სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > როდესაც იუველირმა შეიტყო, რომ იმ ძვირფასი ქვების გამო, რომლებიც მას თან მიჰქონდა, მეზღვაურები დახრჩობას უპირებდნენ, თავის შვილებს ძვირფასეულობის ზღვაში გადაყრა უბრძანა

როდესაც იუველირმა შეიტყო, რომ იმ ძვირფასი ქვების გამო, რომლებიც მას თან მიჰქონდა, მეზღვაურები დახრჩობას უპირებდნენ, თავის შვილებს ძვირფასეულობის ზღვაში გადაყრა უბრძანა


20-10-2020, 16:50

 

 

   აი, რა გვიამბო ერთ-ერთმა მამამ: „იყო ერთი იუველირი, რომელსაც უამრავი ძვირფასი ქვა და თვალ-მარგალიტი ჰქონდა. ერთხელ მან თავის შვილებთან ერთად გემით უცხო ქვეყანაში გამგზავრება გადაწყვიტა, რათა თავისი საქმიანობა და ვაჭრობა იქ გაეგრძელებინა. ღვთის განგებულებით, გემზე მათთან ერთად აღმოჩნდა ბიჭი, რომელიც იუველირს თვალში მოუვიდა. ვაჭარი მას საკვებს აძლევდა, ის კი სანაცვლოდ ემსახურებოდა. ერთხელ ყმაწვილმა შემთხვევით მოისმინა, თუ როგორ მოილაპარაკეს მეზღვაურებმა, რომ იუველირი ზღვაში გადაეგდოთ და მისი ძვირფასეულობა მიეთვისებინათ. როდესაც ის ოქრომჭედელთან შევიდა, რათა მომსახურებოდა, მწუხარების დაფარვა ვერ მოახერხა. „ახალგაზრდავ, დღეს რატომ ხარ ასეთი ნაღვლიანი?" - ჰკითხა მას ვაჭარმა. ბიჭი ცდილობდა მწუხარება დაეფარა და დუმილს განაგრძობდა. „გამიმხილე, რამ შეგაწუხა?" - ისევ ჩაეკითხა ვაჭარი. მაშინ ყმაწვილი აქვითინდა და მას მეზღვაურების ჩანაფიქრის შესახებ უამბო. „ნუთუ ეს სიმართლეა?!" - გაოცდა იუველირი. „სწორედ რომ ეგ აქვთ ჩაფიქრებული", - მიუგო ბიჭმა. მაშინ ვაჭარმა შვილებს მოუხმო და განუცხადა: „დაუყოვნებლივ და ყოველგვარი კითხვების გარეშე შეასრულეთ რასაც გიბრძანებთ!" შემდეგ ტილო გაშალა და ბრძანა: „მომიტანეთ ზარდახშები!" ვაჭარმა სათითაოდ ამოალაგა ძვირფასი ქვები, ტილოში გაახვია და თქვა: „აი, რაზეა დამოკიდებული ჩემი სიცოცხლე. სწორედ ამ ქვების გამო მომელის საფრთხე და მიახლოვდება სიკვდილი, მე კი ამ ქვეყნიდან ვერაფერს წავიღებ! გადაყარეთ ისინი წყალში!" ბავშვებმა მისი მოთხოვნა დაუყოვნებლივ აღასრულეს. მეზღვაურები ძლიერ გააოცა მისმა ასეთმა მოულოდნელმა საქციელმა და მათი ბოროტი განზრახვაც ჩაიშალა.

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება