მთავარი > წმიდათა ცხოვრება, ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > თუ როგორ დაამარცხა ბასილი დიდმა სატანისეული გრძნეულება

თუ როგორ დაამარცხა ბასილი დიდმა სატანისეული გრძნეულება


2-01-2020, 16:35

თუ როგორ დაამარცხა ბასილი დიდმა სატანისეული გრძნეულება

 

 

   კონსტანტინოპოლში ერთი დიდებული ცხოვრობდა, რომელსაც ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდა და სურდა, რომ ის უფლისათვის მიეძღვნა. სატანამ ვერ დაითმინა დიდებულის ღვთივსათნო სურვილი და მის ერთ-ერთ მსახურს ქალწულისადმი ვნება აღუძრა. ცდუნებულ მსახურს სურდა, რომ მასზე ნებისმიერ ფასად დაქორწინებულიყო და ამ მიზნით ერთ გრძნეულს მიმართა. მან ახალგაზრდა კაცი სატანასთან წარგზავნა. „გწამს ჩემი?" - ჰკითხა ყმაწვილს ბოროტების თავადმა. „მწამს", - უყოყმანოდ მიუგო მან. „თქვენ ყველას მაშინ გწამთ ჩემი, როცა გჭირდებათ, - განაგრძო სატანამ, - ჩემი დახმარების შემდეგ კი ისევ თქვენს ქრისტეს უბრუნდებით. დამიწერე ხელწერილი, რომ სამუდამოდ განუდგები მას და მე შენს ნებისმიერ სურვილს აღვასრულებ". ყმაწვილმა შეასრულა სატანის მოთხოვნა, მან კი, თავის მხრივ, დააკმაყოფილა მისი სურვილი. მოხდა ისე, რომ დემონური ძალებით ანთებულმა ქალწულმა ახალგაზრდა კაცის მიმართ დაუოკებელი ვნება იგრძნო და მამას შეევედრა, რომ მასზე გაეთხოვებინა. დიდებული ბევრს ევედრა ქალიშვილს, ბევრი ცრემლი დაღვარა, დიდხანს უწევდა წინააღმდეგობას, მაგრამ გოგონამ თავისი ჩანაფიქრი არ გადათქვა და მამას განუცხადა, რომ თუ იმ მსახურს არ მიათხოვებდა, თავს არ იცოცხლებდა. მშობელს ისღა დარჩენოდა, რომ მის სურვილს დამორჩილებოდა და ერთადერთი ქალიშვილი თავის მსახურზე დააქორწინა. თავდაპირველად ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა. შემდეგ კი მეზობლებმა შეამჩნიეს, რომ ახალგაზრდა კაცი პირჯვარს არასდროს იწერდა, ტაძარში არ დადიოდა და წმინდა საიდუმლოსაც არ ეზიარებოდა. მათ ეს ყოველივე დიდებულის ქალიშვილს უამბეს და ისიც მაშინვე ჩასწვდა თავის შემზარავ მდგომარეობას. თუმცა, საბედნიეროდ, ქალი დროულად მოეგო გონს და ქმარი წმინდა ბასილი დიდთან წაიყვანა. როდესაც ღირსმა მამამ ყმაწვილისაგან გულწრფელი აღიარება მოისმინა და მისი ძლიერი სინანული იხილა, ის ერთ-ერთ სენაკში განამარტოვა, მცნებად მარხვა და ლოცვა დაუდო და თავადაც მისთვის ლოცვას მოჰყვა. რამდენიმე დღის შემდეგ წმინდა ბასილიმ ახალგაზრდა მოინახულა და ჰკითხა: „შვილო ჩემო, თავს როგორ გრძნობ?" „არა მიშავს, მამაო, - უპასუხა მან, - ეშმაკები აღარ მტანჯავენ და მხოლოდ შორიდანღა მესმის მათი ღრიალი". ყმაწვილის დაყუდებიდან ორმოცი დღის შემდეგ ღირსი მამა ისევ მივიდა მასთან და ჰკითხა: „შვილო, როგორ ხარ?" „დიდება უფალს, მამაო, - წამოიძახა ახალგაზრდამ, - გასულ ღამეს ჩემი თავი სატანასთან მებრძოლი ვიხილე და მე ის დავამარცხე". ამის შემდეგ წმინდანმა კლირიკოსებსა და უამრავ ქრისტიანს მოუხმო და მათთან ერთად მთელი ღამე ცდუნებული ყმაწვილისათვის ლოცვაში გაატარა. მეორე დღეს ის ფსალმუნთა გალობით შეიყვანა ტაძარში, თუმცა განრისხებული სატანა ისეთი ძალით დაეძგერა თავის მსხვერპლს, რომ კაცი გულსაკლავად აღრიალდა: „ღვთის წმინდავ, დამეხმარე!" ბასილი დიდმა უკუნეთის მეუფეს შესძახა: „ნუთუ შენი დაცემა არაა შენთვის საკმარისი? სხვებს რაღატომ აწამებ?" „ნუ მაწყენინებ, ბასილი! - შეჰყვირა სატანამ, - მე ხომ არ მივსულვარ მასთან? ამ კაცმა თავად მომმართა და მის ხელწერილს, რომელიც ხელთ მიპყრია, უფლის სამსჯავროზე წარვადგენ". მაშინ წმინდანმა განუცხადა: „დიდია უფალი ჩემი! ეს ხალხი ზეცად აპყრობილ ხელებს ძირს არ დაუშვებს, ვიდრე ამ ყმაწვილის ხელწერილს არ დააბრუნებ". შემდეგ კი ხალხისაკენ შემობრუნდა და შესძახა: „ხელები ზეცად აღაპყრეთ და ცრემლებით იღაღადეთ: „უფალო, შეგვიწყალე!" და ზეცადაპყრობილი ხელებით ყველამ ერთად დაიწყო ლოცვა. მოხდა სასწაული, ლოცვისას, ყველას გასაოცრად, ტაძრის გუმბათიდან ახალგაზრდის ხელწერილი დაეშვა და პირდაპირ წმინდა მამის ხელში აღმოჩნდა. ამის შემსწრე ხალხი უსაზღვრო სიხარულით აღივსო და ყველამ ერთად ადიდა ყოვლისშემძლე უფალი. ბასილი დიდმა კი წერილი ყმაწვილს აჩვენა და ჰკითხა: „ძმაო, იცი ვისია ეს წერილი?" „წმინდა მამაო, ჩემი საკუთარი ხელით არის დაწერილი" - უპასუხა მან. შემდგომ ამისა, წმინდანმა ყველას თვალწინ დახია ხელწერილი, ახალგაზრდა კაცი წმინდა საიდუმლოს აზიარა და ცოლ-ქმარმა ტაძარი უფლის დიდებით დატოვა.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება