მთავარი > ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > სნეული ქრისტიანის განკურნება გლინის უდაბნოში

სნეული ქრისტიანის განკურნება გლინის უდაბნოში


30-12-2019, 15:40

სნეული ქრისტიანის განკურნება გლინის უდაბნოში

 

   ერთ სოფელში, რომელიც გლინის უდაბნოდან შვიდ კილომეტრზე მდებარეობდა, ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა ერთი ღარიბი ქრისტიანი. ერთხელაც კაცი ისეთი სენით დაავადდა, რომ არათუ შრომა, არამედ სიარულიც კი აღარ შეეძლო. მისი ავადმყოფობა ოთხ წელიწადს გრძელდებოდა, საბრალო ცოლი კი ძალ-ღონეს არ იშურებდა ოჯახის გამოსაკვებად. კაცს შინაური წამლობა არ შველოდა, ექიმის მოწვევა კი წარმოუდგენელი იყო, რადგან იმხანად ოჯახში პურის გამხმარი ნაჭერიც კი ღვთის წყალობად ითვლებოდა. თუ შევძლებთ, რომ თავი იმ სასოწარკვეთილი ქალის ადგილას წარმოვიდგინოთ, ნათლად შევიცნობთ მის მწუხარებას. საბრალო განაწამები გულით გამუდმებით ხატების წინ იყო დამხობილი და დედა ღვთისას ცრემლებით ქმრის განკურნებას ევედრებოდა. ერთხელაც, ხანგრძლივი და გულითადი ლოცვის შემდეგ, ქალს ჩაეძინა და იხილა კეთილსახოვანი ბერი, რომელიც შეეკითხა: „რატომ ტირი ასე გულსაკლავად?" „როგორ არ ვიტირო, მამაო", - შესჩივლა ქალმა და ბერს თავისი მწუხარების შესახებ უამბო. „ნუღარ იტირებ, - დაამშვიდა ბერმა, - წადი გლინის უდაბნოში და სავანის იღუმენს სთხოვე, რომ ღვთისმშობლის წინაშე პარაკლისი აღავლინოს ლიტანიობით და შენი ქმარი გამოჯანმრთელდება". „მაგას როგორ მოვახერხებ, მამაო, - შეიცხადა ქალმა, - მე ხომ ერთი კაპიკიც არ გამაჩნია". „შენ წადი და ითხოვე, წინამძღვარი კეთილი კაცია და ბრძანებს, უფულოდ შეასრულონ მსახურება". „თქვენი სახელი რომ არ ვიცი, მამაო?" „მაკარი მქვია", - მიუგო ბერმა და გაუჩინარდა. ამ უცნაურმა ხილვამ იმდენად იმოქმედა ქალზე, რომ ყველასთვის უთქმელად გაეშურა გლინის უდაბნოსკენ. პირველად მღვდელ-მონაზონი გური შემოხვდა, რომელსაც თავისი ხილვის შესახებ უამბო. მამა გურიმ ამის შესახებ წინამძღვარს, ინოკენტის ამცნო, მან კი მღვდელმსახურები აკურთხა, რომ დაუყოვნებლივ და ყველანაირი საფასურის გარეშე აღესრულებინათ სურვილი მავედრებელი ქალისა. მონასტრის ტაძარში პარაკლისის აღსრულება და დაუჯდომლის დასასრულს ტაძარში თავად სნეული ქრისტიანი შემოვიდა და გულისხმიერი ლოცვა დაიწყო. იცოდნენ რა ცოლის ნაამბობით ავადმყოფის გამოუვალი და მძიმე მდგომარეობის შესახებ, მისი ხილვით ყველა იქ მყოფი გაოცდა, განსაკუთრებით კი თავად მეუღლე. შემდგომში ქრისტიანმა მათ უამბო, რომ მასაც გამოეცხადა ძილში მამა მაკარი, რომელსაც მის სიცოცხლეში პირადად იცნობდა, ბერმა მას ხელი ჩაჰკიდა და განუცხადა: „რას აკეთებ აქ? იჩქარე, წადი გლინის უდაბნოში, იქ შენი ცოლის თხოვნით შენთვის პარაკლისს აღავლენენ, მიდი და შენც მათთან ერთად ილოცე". გამოღვიძებისას სნეულმა ძალის მომატება იგრძნო, გაჭირვებით მოახერხა გადაადგილება და რის ვაივაგლახით მიუსწრო გლინის მონასტრის ტაძარში ლოცვის დასასრულს. ლიტანიობისას ის უკვე თავად მიაბრძანებდა ღვთისმშობლის ხატს. იმისათვის, რომ ამ საბრალო ცოლ-ქმრის სიხარული შევიცნოთ, თავი მათ ადგილას უნდა წარმოვიდგინოთ.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება