მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მამის ბილწსიტყვაობის გამო რვა წლის ვაჟი ბილწსიტყვაობის შეტევებით დაისაჯა

მამის ბილწსიტყვაობის გამო რვა წლის ვაჟი ბილწსიტყვაობის შეტევებით დაისაჯა


29-12-2019, 15:33

მამის ბილწსიტყვაობის გამო რვა წლის ვაჟი ბილწსიტყვაობის შეტევებით დაისაჯა

 

   „1894 წელს - გვიამბობდა არქიმანდრიტი კრონიდე - ღირსი სერგის სავანეში მოსალოცად ჩამოვიდა ერთი ქრისტიანი, იაკობ ივანოვიჩი, რომელიც მოსკოვის ოლქის, ვოლოკოლამსკის მაზრის, ჩემთვის მშობლიურ სოფელ კეტილოვის ტაძრის მრევლიდან იყო. მას ძალზედ ნაღვლიანი სახე და ცრემლებით სავსე თვალები ჰქონდა. როდესაც მწუხარების მიზეზი ვკითხე, ის ბავშვივით აქვითინდა, შემდეგ სული მოითქვა, მძიმედ ამოიოხრა და განმიცხადა: „ოჰ, მამაო, ჩემი სულის სადარდელი იმდენად განუსაზღვრელია, რომ ხანდახან მას სასოწარკვეთილებამდეც კი მივყავარ და ხშირად სიკვდილსაც კი ვნატრობ. მე მყავს რვა წლის ვაჟიშვილი, ვასილი, ის ბილწსიტყვაობის სულითაა შეპყრობილი, ამ შემოტევებისას ბავშვი უშვერი სიტყვებით ლანძღავს ყოველგვარ სიწმინდეს. ხშირად დასასჯელად სარდაფშიც გამომიკეტავს, თუმცა იქაც ისევ ისე განაგრძობს სალანძღავი სიტყვებით სიწმინდეების შეურაცხყოფას. ამ დროს ბიჭს სახე ისეთი შავი უხდება, რომ შემაძრწუნებელია მისი შეხედვა. ჩემი მწუხარება იმდენად უსაზღვროა, რომ ზოგჯერ სრულებით გადამეწურება ხოლმე სასოება ჩემი და მისი სულის გადარჩენისა". ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ მე მას ვუთხარი: „აქ ჭეშმარიტად ეშმაკი მოქმედებს. სატანა შენი და შენი შვილის დაღუპვას ცდილობს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა არსებობდეს რაიმე მიზეზი, რის გამოისობითაც ეშმაკმა სუფთა და უცოდველი ბავშვის სულთან მიკარება გაბედა. გულწრფელად მითხარი, შენც ხომ არ ილანძღებოდი როდესმე უშვერი და უწმინდური სიტყვებით და ხომ არ შესწრებია შენს ბილწსიტყვაობას შენი ვაჟი?" იაკობი ისევ მწარედ აქვითინდა და ცრემლებით გამიმხილა: „დიახ, მე ვარ დამნაშავე შვილის ცოდვებში. ფხიზელი არასოდეს ვილანძღები, მაგრამ სიმთვრალეში ჩვენს ქუჩაზე ბილწსიტყვაობაში ბადალი არ მყავს, სახლშიც ყოველთვის ბავშვების თანდასწრებით ვიგინები და ეს ჩემი ყველაზე მძიმე ცოდვაა უფლისა და ადამიანთა წინაშე". „შეინანე, იაკობ ივანოვიჩ, - ვუთხარი მას, - ცრემლებით შეინანე, სწორედ რომ ეგ შენი ცოდვაა შენი ვაჟის ბილწსიტყვაობის შემოტევების საფუძველი. მოინანიე, თუმცა სულით ნუ დაეცემი და სასოწარკვეთას ნუ მიეცემი, გახსოვდეს, რომ არ არსებობს ცოდვა, აღმატებული უფლის უსაზღვრო მოწყალებაზე. შენ ხომ ახლა ღირსი სერგის ლავრაში იმყოფები, წმინდანისა, რომელიც უდიდესი მფარველი და მეოხია მთელი რუსეთისა და ყველა მის წინაშე მლოცველი ადამიანის. ცრემლებით შეევედრე მას შემწეობასა და მეოხებას ღვთის წინაშე და შენი და შენი ვაჟის ხორციელი და სულიერი განკურნება ითხოვე. გწამდეს, რომ შეწევნა შენი რწმენისამებრ მოგეცემა. ღვთის ტახტამდე ელვაზე უსწრაფესად აღწევს მშობლის მხურვალე ლოცვა შვილებისათვის და უფალი მათ ბავშვებს თავის ლოცვა-კურთხევას მიმადლებს. შენი და შენი ცოლის ლოცვა იმდენად ყოვლისშემძლეა, რომ შენს ვაჟს და მთელ შენს ოჯახს დაეხმარება განკურნებაში". იაკობ ივანოვიჩი მხურვალედ ევედრა ღირს სერგის, გულწრფელად ილოცა და სავანიდან სიმშვიდითა და სულიერი სიხარულით აღვსილი გაემგზავრა. ერთი წლის შემდეგ მე სამშობლოში გამგზავრებამ მომიწია და მოხდა ისე, რომ ტაძარში იაკობ ივანოვიჩს შევხვდი. მას სახეზე აღუწერელი სიმშვიდე ჰქონდა გამოხატული. ჩემს შეკითხვაზე, თუ როგორ ჰქონდა საქმეები ოჯახში, მან აღტაცებით მიპასუხა: „დიდება უფალს! ღირსი სერგის ლოცვითი შეწევნით ღმერთმა არ მიგვატოვა". და შემდეგ ასეთი რამ მიამბო: „როგორც კი სამების სერგის ლავრიდან დავბრუნდი, ჩემი ვაჟი დასნეულდა. ბავშვი ორი თვის მანძილზე სანთელივით ჩამოდნა და მთელი ავადმყოფობის პერიოდში ის იყო თვინიერი და მდაბალი გულით. იმ ხანებში მის ბაგეებს არცერთი ბილწი და უწმაწური სიტყვა არ წარმოუთქვამს. გასაოცარი იყო მისი ჩემს მიმართ სიყვარული. სიკვდილამდე ორი დღით ადრე ვასილიმ მღვდლის მოყვანა მოითხოვა. მან გულწრფელი აღსარება ჩააბარა ხუცესს, ცრემლებით ეზიარა ქრისტეს წმინდა ნაწილებს და სრული ცნობიერებით აღესრულა. სიკვდილის წინ გადაგვკოცნა მეც, დედამისიც და ყველა მის გვერდით მყოფი ადამიანი და მშვიდად, თითქოს დაიძინაო, ისე გარდაიცვალა. მისმა აღსასრულმა სულში სიმშვიდე და სიხარული დამივანა. რაც შემეხება პირადად მე, ღირსი სერგის ლავრიდან დაბრუნების შემდეგ სასმელი სრულებით აღვკვეთე და სალანძღავი სიტყვები აღარასდროს წარმომითქვამს." იაკობ ივანოვიჩმა ჩემთან შეხვედრის შემდეგ კიდევ ოცი წელი იცოცხლა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ფხიზელსა და ჭეშმარიტ ქრისტიანულ ცხოვრებას ეწეოდა".

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება